ევროპა-კავკასია-აზიის საერთაშორისო სატრანსპორტო დერეფანი, ანუ TRACECA საავტომობილო გადაზიდვებისთვის ელექტრონული ნებართვების შემოღებაზე მუშაობს. ამის შესახებ TRACECA-ს გენერალურმა მდივანმა, ასეტ ასავბაევმა ბაქოში, აზერბაიჯანის საერთაშორისო ტრანსპორტისა და ლოგისტიკის პირველ ფორუმზე განაცხადა, რასაც „ინტერფაქს-აზერბაიჯანი“ ავრცელებს.

მისი თქმით, დიჯიტალიზაციის ფარგლებში საგზაო ტრანსპორტის ელექტრონული ნებართვების გამოყენების პირობები იქმნება, რადგან დღეს საერთაშორისო გადამზიდველებს სატრანზიტო მოძრაობისთვის დიდი რაოდენობით ნებართვის მოპოვება სჭირდებათ. შესაბამისად, მუდმივმოქმედმა სამდივნომ შეიმუშავა შეთანხმება TRACECA-ს ერთიანი სატრანზიტო ნებართვის შესახებ, რომლის ფარგლებშიც „ქაღალდის სატრანზიტო ნებართვები ერთი ელექტრონული ნებართვით შეიცვლება.“

ამასთან, ტრანსპორტირების პირობების კიდევ უფრო გამარტივების მიზნით მუდმივმოქმედმა სამდივნომ მოამზადა შეთანხმების პროექტი, რომელიც პროფესიონალი მძღოლებისთვის TRACECA-ს ფარგლებში უვიზო მიმოსვლას ითვალისწინებს. ამ შეთანხმების ტექსტი ამჟამად დაინტერესებულ ქვეყნებს შორის განიხილება.

ასეტ ასავბაევის თქმით, სამდივნომ, ასევე, ნახევრადმისაბმელიანი ტრანსპორტით საქონლის საპილოტე გადაზიდვა დაიწყო, რომელიც მულტიმოდალური, ანუ ევროკავშირი-შავი ზღვა-საქართველო-აზერბაიჯანი-კასპიის ზღვა-შუა აზიის მარშრუტით განხორციელდება. საპილოტე ტრანსპორტირების შედეგების პრეზენტაცია 10-15 ივნისს გაიმართება.

ანალოგიური სატესტო გადაზიდვა, გენერალური მდივნის ცნობით, წელს დერეფნის ერთ-ერთ სარკინიგზო მარშრუტზეც იგეგმება.

სატრანსპორტო დერეფანი ევროპა-კავკასია-აზია, ანუ ევროკავშირის პროგრამა, TRACECA გერმანიის ქალაქ ფრანკფურტს ჩინეთის შანხაისთან აკავშირებს. პროგრამის მონაწილეები აზერბაიჯანი, სომხეთი, საქართველო, ბულგარეთი, რუმინეთი, უკრაინა, მოლდოვა, თურქეთი, ყაზახეთი, უზბეკეთი, ტაჯიკეთი, ყირგიზეთი და ავღანეთი არიან. წლის ბოლომდე TRACECA-ს თურქმენეთიც შეუერთდება და ორგანიზაციის სრულუფლებიანი წევრი გახდება.

2022 წელს TRACECA-ს ფარგლებში აზერბაიჯანის ტერიტორიის გავლით ტვირთის გადაზიდვის მოცულობამ 51 421 მლნ ტონა შეადგინა, რაც 29,8%-იანი ზრდაა. საანგარიშო პერიოდში დერეფნის გავლით გადაზიდული სატრანზიტო ტვირთის წილმა 13 635 მლნ ტონა შეადგინა, რაც, ასევე, 54,5%-იანი ზრდის მაჩვენებელია.

bpn.ge