ელექტრომობილების გლობალური ბაზარი სწრაფად იზრდება. 2025 წლის იანვრიდან აგვისტომდე პერიოდში EV-ების გაყიდვებმა 12.8 მილიონ ერთეულს მიაღწია. სექტორში განსაკუთრებით შესამჩნევია ჩინური ავტომწარმოებლების დაწინაურება, რაც მათი საერთაშორისო ექსპანსიითა და ხელმისაწვდომი მოდელების პოპულარობით აიხსნება.

SNE Research-ის 2025 წლის მონაცემებით, ელექტრომობილების ბაზრის ლიდერი კვლავ ჩინური BYD-ა, რომელმაც საანგარიშო პერიოდში 2.6 მილიონი EV გაყიდა და მსოფლიო ბაზრის 19.9% დაიკავა. კომპანია აქტიურად ოპერირებს არა მხოლოდ ჩინეთში, არამედ ისეთ სწრაფად მზარდ ბაზრებზე როგორიც ევროპის რეგიონი, ბრაზილია და მექსიკაა. განსაკუთრებული წინსვლა აღინიშნა დიდ ბრიტანეთში, სადაც BYD-ის ელექტრომობილების გაყიდვები ერთ წელიწადში 880%-ით გაიზარდა.

მეორე ადგილზე ასევე ჩინური გიგანტი Geely იმყოფება, 1.3 მილიონი ელექტრომობილითა და 68%-იანი წლიური ზრდით. კომპანია უკვე 90-ზე მეტ ქვეყანაში ოპერირებს. წლევანდელი ექსპანსია კი ავსტრალიას, საბერძნეთსა და ვიეტნამს მოიცავს.

Tesla, რომელიც წლების განმავლობაში EV-ბაზრის მთავარი მოთამაშე იყო, 2025 წელს მესამე პოზიციაზე ჩამოქვეითდა. მისი გაყიდვები წლიურ ჭრილში 11%-ით, 985 ათასამდე შემცირდა, ხოლო აშშ-ში კომპანიის ბაზრის წილი ისტორიულ მინიმუმზე, 38%-მდე ჩამოვიდა. შედარებისთვის, 2020 წელს ეს მაჩვენებელი 80%-ს უახლოვდებოდა.

ელექტრომობილების გლობალური ბაზრის წილის მიხედვით კომპანიების პირველ ათეულში ასევე შედის: Volkswagen-ი, SAIC, Changan-ი, Hyundai-Kia, Chery, BMW და Stellantis-ი.

აღსანიშნავია, რომ ხუთი წამყვანი ჩინური ავტომწარმოებელი, საერთო ჯამში, მსოფლიო EV-ბაზრის 43%-ს აკონტროლებს, რაც ინდუსტრიაში ჩინეთის დომინაციაზე მიანიშნებს.

ავტომწარმოებელი ქვეყანა გაყიდვები (იანვარიაგვისტო 2025) წლიური ზრდა ბაზრის წილი
BYD ჩინეთი 2.6 მლნ 14% 19.9%
Geely ჩინეთი 1.3 მლნ 68% 10.2%
Tesla აშშ 985 ათასი -11% 7.7%
Volkswagen გერმანია 854 ათასი 42% 6.7%
SAIC ჩინეთი 720 ათასი 28% 5.6%
Changan ჩინეთი 563 ათასი 49% 4.4%
Hyundai & Kia სამხრეთი კორეა 416 ათასი 13% 3.2%
Chery ჩინეთი 395 ათასი 63% 3.1%
BMW გერმანია 389 ათასი 18% 3.0%
Stellantis ნიდერლანდები 342 ათასი 3% 2.7%
სხვები 4.3 მლნ 39% 33.5%
სულ გლობალურად 12.8 მლნ 28% 100%

forbes.ge