200 ქვეყნისთვის ტარიფების დაწესებით, დონალდ ტრამპმა შექმნა ეკონომიკური ცუნამი, რომელიც შეიძლება საერთაშორისო ეკონომიკურ კრიზისში გადაიზარდოს, თუმცა ტრამპი, ამაში ამერიკის ეკონომიკის გადატვირთვის შესაძლებლობას ხედავს, - ამის შესახებ სოციალურ ქსელში საერთაშორისო ეკონომიკური ურთიერთობების ანალიტიკოსი, გოგიტა სურამელაშვილი წერს.

ანალიტიკოსის აზრით, ეკონომიკური კრიზისი ნიშნავს ნავთობის ფასების ავტომატურ ვარდნას, რაც უკვე ხდება კიდეც.

"რამდენად შეიძლება დაეცეს ნავთობის ფასი? - ეს კითხვა დღეს ბევრს აწუხებს. უკვე იყო პრეცედენტი Covid-ის პანდემიის დროს, როდესაც ნავთობის ფასი ნულს უტოლდებოდა. უფრო მეტიც, იყო პრეცედენტები, როდესაც ნავთობის მფლობელი პირიქით უხდიდა მსურველს, რომ მას წაეღო ნავთობი და გაეთავისუფლებინა გადაჭედილი რეზერვუარები.

ცხადია, რომ მსოფლიო ეკონომიკური კრიზისის პირობებში, ნავთობის ფასი მხოლოდ დაიკლებს. ეს სერიოზულ პრობლემებს უქმნის რუსეთს, რადგან ის სანქციების ქვეშ იმყოფება. გარდა ამისა, უკრაინის იერიშებმა სერიოზულად დააზიანა რუსეთის ნავთობის ინფრასტრუქტურა და სანქციების გამო, რუსეთს არ გააჩნია საჭირო აღჭურვილობა მის ჩასანაცვლებლად. ასე რომ, რუსეთში ნავთობის წარმოების თვითღირებულება გაიზრდება და უკვე 40 დოლარს უტოლდება ერთ ბარელზე.

რუსეთი დღეს უარეს მდგომარეობაში იმყოფება, ვიდრე საბჭოთა კავშირი იყო 1980-იან წლებში. სსრკ-ს გაცილებით ნაკლები სამხედრო ხარჯები ჰქონდა - მაშინ ბიუჯეტის დაახლოებით 20% იხარჯებოდა სამხედრო ხარჯებსა და თავდაცვაზე. რუსეთი ამაში ხარჯავს თავისი ბიუჯეტის 40%-ს.

ტრამპი ასრულებს თავის წინასაარჩევნო დაპირებას, რომ შეამცირებს ნავთობის ფასს ბარელზე 40 დოლარამდე (40 დოლარი სწორედ რუსეთში ნავთობის წარმოების თვითღირებულებას ნიშნავს). იყო მოლოდინი, რომ ტრამპი ამას უმტკივნეულოდ გააკეთებდა - გაესაუბრებოდა OPEC-ის ქვეყნებს და გააუქმებდა სანქციებს ვენესუელაზე, მაგრამ მან გადაწყვიტა უხეში ფორმები აირჩიოს - შექმნას საერთაშორისო ეკონომიკური კრიზისი და პარალელურად მოაგვაროს პრობლემები საკუთარ ეკონომიკაში - აღნიშნავენ ეკონომიკური ექსპერტები.

ნავთობის ფასი სწრაფად ეცემა - 10%-ით 4-5 დღეში, ხოლო კრიზისი მხოლოდ უარესდება. რუსეთის ბიუჯეტი დაახლოებით 70 დოლარის ფასს ითვალისწინებს ერთ ბარელ ნავთობზე, მაგრამ დღეს Urals-ის ტიპის ნავთობი უკვე 54-55 დოლარი ღირს, ხოლო რუსული ESPO-ს მარკის ნავთობი (ESPO - აღმოსავლეთ ციმბირი - წყნარი ოკეანე) ამჟამად ბარელზე 55-56 დოლარად იყიდება.

თუ ასე გაგრძელდა, ძალიან მალე რუსეთს გაუჭირდება მოძებნოს რესურსები ომის საწარმოებლად და ეკონომიკის შესანარჩუნებლად. მას მოუწევს თავისი ნავთობის მწარმოებელი კომპანიების მხარდაჭერა და მათთვის გარკვეული საგადასახადო შეღავათების დაწესება, რაც ნიშნავს ბიუჯეტის შემოსავლების შემცირებას. ნავთობის ფასის ვარდნა იმავდროულად გამოიწვევს გაზის ფასის დაცემას, რადგანაც, რუსეთში არსებული ფასწარმოქმნის პრინციპით ეს ორი კომპონენტი ერთმანეთთან არის მიბმული", - წერს გოგიტა სურამელაშვილი.