გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს და სურსათის ეროვნული სააგენტოს ორგანიზებით, მერძეული მიმართულების მწარმოებელ მსხვილ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა ავალიანი ესწრებოდა. მან  ხაზი  გაუსვა კერძო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობის მნიშვნელობას.

“მერძეული მიმართულების მწარმოებელ მსხვილ ფერმერებს გავაცანით ის ღონისძიებები, როლებსაც სურსათის ეროვნული სააგენტო ახორციელებს. შევთავაზეთ მაქსიმალურად  პარტნიორულ ფორმატში წარიმართოს ჩვენი ურთიერთობა, დაიგეგმოს ერთობლივად ვაქცინაციის კამპანიები.  ასევე, მოხდეს ინფორმაციის მიწოდება  სხვადასხვა სახელმწიფო პროგრამაზე, რომლებითაც  შეუძლიათ ისარგებლონ და რაც მთავარია, უფრო მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს,  როგორც  ინდივიდუალურ კომერციულ ფერმერებთან, ასევე სექტორულ ასოციაციებთან, რომლებიც იქნებიან ინფორმაციის გამტარები სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის”-განაცხადა ლაშა ავალიანმა.

ვეტერინარიის დეპარტამენტის წარმომადგენლებმა ფერმერებს სამუშაო ფორმატში მიაწოდეს ინფორმაცია სააგენტოს მიერ განხორციელებულ ღონისძიებებზე, ცხოველთა იმ დაავადებების შესახებ, რომლებიც გავრცელებულია რეგიონში და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში მიმდინარე ვაქცინაციებზე.  აღინიშნა რომ  შეხვედრები და ინფორმაციის გაცვლა  მუდმივ რეჟიმში გაგრძელდება, რაც ხელს შეუწყობს არსებული გამოწვევების ეფექტიანად გადაჭრას.

ინფორმაციას სურსათის ეროვნული სააგენტო ავრცელებს