ხორბლის მწარმოებელთა ასოციაციის ხელმძღვანელი ვარაუდობს, რომ საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასურის დაწესების შემდეგ, სოციალური პურის გარდა, სხვა პურ-პროდუქტებზე და საკონდიტრო ნაწარმზე ფასი გაიზრდება, თუმცა მალე და დრამატულად არა. ამის შესახებ მან „ბიზნესპრესნიუსთან“ განაცხადა.
„თავისთავად ცხადია, რომ სხვა პურ-პროდუქტებზე ფასის ზრდა მოხდება. თუმცა, ჯერ ეს რეაგირება არ უნდა იყოს, რადგან გადაწყვეტილება ძალაში 10 ივნისიდან შევა. იქამდე ფქვილი შემოდის და საკმაოდ დაბალ ფასად, რაც ხელოვნურია, თუმცა ბაზარი გაჯერებულია და მარაგის გაკეთება მათ შეუძლიათ. არ მგონია, რომ დრამატულად აისახოს, თუმცა ეს არ არის პირველადი მოთხოვნილების პროდუქცია. ეს შეიძლება არის შემაწუხებელი ვინმესთვის, მაგრამ ტორტი, ნამცხვარი, ავსტრიული და გერმანული პური პირველადი დანიშნულების ვერ იქნება. ამაზე იქნება მცირე გაძვირება", - განაცხადა ლევან სილაგავამ.
საქართველოში ფქვილის იმპორტზე დროებით საიმპორტო საფასური დაწესდება. ნორმა 10 ივნისიდან ამოქმედდება და ძალაში 5 თვე იქნება. ხორბლის მწარმოებელთა ასოციაცია და მემარცვლე ფერმერები გადაწყვეტილების მიღებას ხელისუფლებისგან დიდი ხანია ითხოვდნენ.