„ირანზე გამავალი სამხრეთ დერეფნის ნაცვლად, კასპიის ზღვაზე მყისიერად გაზრდილი ტვირთნაკადი უარყოფითად იმოქმედებს, როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოდან შუა აზიაში ექსპორტირებულ მათ შორის, „ბორჯომისა“ და ღვინის გადაზიდვების ვადებზე და ლოგისტიკურ ხარჯებზე”, – ამის შესახებ „სატრანსპორტო დერეფნის კვლევის ცენტრი“ წერს.

TCRC თავის კვლევაში აღნიშნავს, რომ ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტის გახანგრძლივების კვალდაკვალ, მას შემდეგ, რაც ირანმა მეზობელ ქვეყნებთან საზღვრები ჩაკეტა, დამატებითმა პრობლემამ იჩინა თავი, კერძოდ, კასპიის ზღვაზე ალიათ (აზერბაიჯანი) – თურქმენბაშის (თურქმენბაში) – საბორნე მარშრუტზე – თურქეთიდან და ევროპიდან, ცენტრალური აზიის რეგიონებში პროდუქციის მიწოდებისას შუა დერეფანი ერთადერთ ხელმისაწვდომ მარშრუტად გადაიქცა.

„თუ საომარ კონფლიქტამდე სატვირთო ავტოტრანსპორტი დაუბრკოლებლად თურქეთი- ირანი- თურქმენეთის ე.წ. სამხრეთის დერეფნით მოძრაობდა, სადღეისოდ გადაზიდვებმა შუა დერეფნისკენ და მის ტრასეკას განშტოებისკენ გადმოინაცვლა.

წინასწარი ინფორმაციით, ბაქოს სიახლოვეს ალიათის ნავსადგურის სატვირთო ავტოტრანსპორტის სადგომზე, ალიათი – თურქმენბაშის ბორნის მოლოდინში, თურქეთიდან და ევროპიდან წამოსული 3 500 – 4 000 ერთეული ე.წ. ტრაილერია თავმოყრილი. ამასთან, არსებული ინფორმაციით, ნავსადგურთან მისასვლელ გზებზე სატვირთო ავტოტრანსპორტის რაოდენობა ყოველდღიურად ემატება“, - წერია კვლევაში.

TCRC წერს, რომ ალიათი – თურქმენბაშის საბორნე მარშრუტზე ცალ მხარეს ტრანსპორტირების ხანგრძლივობა 12 საათს შეადგენს, დღეში სამი საავტომობილო და ორი სარკინიგზო ბორანი მოძრაობს, რომლებსაც კასპიის ზღვაზე დღე-ღამეში ჯამურად 100 – 120 სატვირთო მანქანის გადაყვანა შეუძლიათ.

ამასთან, კვლევის ცენტრი წერს, რომ ბოლო პერიოდში ალიათი – თურქმენბაშის საბორნე გემების, ზღვაში წყლის დონის ვარდნის გამო სრულად გამოყენება ვერ ხერხდება, შედეგად ერთ ბორანზე, რომელზე ერთჯერადი დატვირთვისას 56 ერთეული სატვირთოს მიღება შეუძლია, რეალურად 40 – 45 ერთეულით იტვირთება.

„ფაქტობრივად, ნავმისადგომთან არასაკმარისი დაღრმავების გამო საბორნე გემები – 75%-ითაა დატვირთული, რაც აძვირებს საბორნე ხაზის მიმზიდველობას და აქვეითებს დერეფნის კონკურენტუნარიანობას. მიუხედავად ამისა, შექმნილი ფორსმაჟორული მდგომარეობის გამო, საავტომობილო გადამზიდველები გრძელ და ძვირადღირებულ შუა დერეფნის მარშრუტს ირჩევენ.

მას შემდეგ, რაც ბოლო პერიოდში, შუა დერეფნით დამატებითი საავტომობილო ნაკადის გადმორთვის პროცესი მიმდინარეობს, ალიათის ნავსადგურში ყოველდღიურად 300–400-მდე სატვირთო შემოდის. შედეგად წარმოქმნილი დისბალანსის გამო ალიათის წინა საბორნე პარკში სატვირთოების საცობია შექმნილი.

მოკლე ვადაში, ირანზე გამავალი სამხრეთ დერეფნის ნაცვლად, კასპიის ზღვაზე მყისეურად გაზრდილი ტვირთნაკადი უარყოფითად იმოქმედებს, როგორც სარკინიგზო, ასევე საავტომობილო ტრანსპორტით საქართველოდან შუა აზიაში ექსპორტირებულ მათ შორის „ბორჯომისა“ და ღვინის გადაზიდვების ვადებზე და ლოგისტიკურ ხარჯებზე“, - წერია კვლევაში.

TCRC წერს, რომ თურქმენეთის რკინიგზაზე ქართველ გადამზიდველს დამატებითი წინაღობა ხვდება, რაც გამოიხატება იმაში, რომ ტაჯიკეთში ვაგონის დროულად ვერდაცლის მოტივით, უზბეკეთი ბლოკავს ვაგონების გადაყვანას ტაჯიკეთში.

„ალიათის ნავსადგურიდან ცენტრალურ აზიაში ქართული პროდუქციის გადაზიდვების ისედაც გართულებული პროცედურები, რომელიც რიგ შემთხვევაში 2 – დან 2.5 თვეს იკავებდა, დიდი ალბათობით გაიზრდება“ - წერს TCRC.