საერთაშორისო ბირჟაზე ძვირფასი მეტალის ფასი რეკორდულ ნიშნულზე ნარჩუნდება. ბოლო დღეებში, მისმა ღირებულებამ, თითქმის, 3700 დოლარს მიაღწია. დღეისათვის კი, 1 უნცია ოქროს ფასი 3,638 დოლარს შეადგენს.
ანალიტიკოსების შეფასებით, ერთწლიან პერიოდში ოქრო, დაახლოებით, 40%-ით არის გაძვირებული, ხოლო ერთთვიან მონაკვეთში მისი ღირებულება 10%-ის ფარგლებშია დაკორექტირებული.
როგორც „ბიზნესპარტნიორს“ Galt & Taggart-ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა სერგი ყურაშვილმა განუცხადა, ბოლო დროს, ოქროს გაძვირება დოლარის გაუფასურებით, ამერიკულ სახაზინო ობლიგაციებზე მოთხოვნის შემცირებით და გეოპოლიტიკური რისკების დაგროვებით არის განპირობებული.
„ინვესტორებს აქვთ მოლოდინი, რომ მიმდინარე თვეს ამერიკის შეერთებული შტატების ფედერალური რეზერვი რეფინანსირების განაკვეთს შეამცირებს, რაც, თავის მხრივ, დოლარის გაუფასურებას და მის წინააღმდეგ ოქროს გაძვირებას შეუწყობს ხელს. უნდა ითქვას, რომ ოქროს გარდა, მნიშვნელოვნად არის გაზრდილი ალტერნატიული მეტალის, კერძოდ, ვერცხლის ფასებიც და წლის დასაწყისიდან ამ დრომდე, მისი ღირებულება, დაახლოებით, 30%-ით არის მომატებული“, - აღნიშნა Galt & Taggart-ის ფინანსური ბაზრების ასოცირებულმა მკვლევარმა.
მისივე თქმით, რაც შეეხება მოლოდინებს, წამყვანი საერთაშორისო საინვესტიციო ბანკები ელიან, რომ როგორც ვერცხლის, ისე ოქროს ფასების ზრდა გაგრძელდება და არ გამორიცხავენ, რომ მაგალითად, 1 უნცია ოქროს ღირებულებამ, წლის ბოლომდე, 4000 დოლარსაც კი გადააჭარბოს.
ბუნებრივია, გლობალურ ბაზრებზე მიმდინარე მოვლენებს მნიშვნელოვანი გავლენა აქვს საქართველოზეც. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ "ზარაფხანას" აღმასრულებელმა დირექტორმა თორნიკე სამხარაძემ განუცხადა, 1 გრამი სუფთა ოქრო, როგორც ნედლეული, ბოლო 2 თვეში სულ მცირე 15 ლარით გაუძვირდათ, თუმცა, ეს ჯერ ნაკეთობების ღირებულებაზე არ აუსახავთ.
რაც შეეხება გაყიდვების დინამიკას, საქართველოში ოქროს ნაკეთობები ისევ რჩება მნიშვნელოვან სასაჩუქრე და საინვესტიციო აქტივად. შესაბამისად, გაყიდვებში ზრდის დინამიკა ნარჩუნდება. თორნიკე სამხარაძის ინფორმაციით, ზაფხულის სამი თვის ჯამური მაჩვენებლებით კმაყოფილები არიან და საშემოდგომო მოლოდინებიც პოზიტიური აქვთ. მისივე განმარტებით, შემოდგომა და დეკემბრის პერიოდი, დღესასწაულებისა და საახალწლო პერიოდის გამო, ამ ინდუსტრიისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პერიოდია, შესაბამისად, ფიქრობენ, რომ რეალიზაციაში ზაფხულზე უკეთეს შედეგებზე გავლენ.