უკრაინაში რუსეთის შეჭრისა და ფართომასშტაბიანი ომის ფონზე, როცა ევროპა ახალი გამოწვევების წინაშე დადგა, დასავლეთისთვის სტრატეგიული მნიშვნელობა შეიძინა საქართველოზე გამავალმა მარშრუტებმა. შესაბამისად, მიმდინარე წელს რამდენიმე მნიშვნელოვანი და გაჩერებული პროექტის ირგვლივ მცირე წინსვლები შეინიშნებოდა:

 


ელექტროენერგიის გადამცემი წყალქვეშა კაბელის პროექტი


შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტი, რომელიც აზერბაიჯანის- საქართველოს - რუმინეთისა და უნგრეთის ელექტროსისტემებს დააკავშირებს, აქტიურ ფაზაში გადადის. დოკუმენტი ოთხი ქვეყნის ინტერესებს ეფუძნება, რომელიც დაკავშირებულია შავი ზღვის აუზში ეროვნული და რეგიონული ენერგეტიკული უსაფრთხოებისა და კავშირის კონსოლიდაციასთან, მიწოდების წყაროების დივერსიფიკაციასთან, კასპიის ზონაში განახლებადი ენერგიის წარმოების პოტენციალის კაპიტალიზაციასა და განახლებადი ენერგიის წილის გაზრდასთან.

ოთხმხრივი მთავრობათაშორისი შეთანხმება უზრუნველყოფს წყალქვეშა კაბელის პროექტის რეალიზაციას რუმინეთსა და აზერბაიჯანს შორის, საქართველოსა და შავი ზღვის გავლით, განახლებადი წყაროებიდან ელექტროენერგიის ტრანსპორტირებისთვის. ევროკომისარ ოლივერ ვარჰეის განცხადებით, ამ ეტაპზე აღნიშნულ პროექტში 2.3 მილიარდი ევროს ინვესტირება განიხილება.

 


ხუდონჰესს სახელმწიფოს თანამონაწილეობით აშენდება


სახელმწიფოს მონაწილეობით ხუდონჰესის მშენებლობის დაწყება 2023 წელს იგეგმება. ეკონომიკის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, 13.250 მილიონი აშშ დოლარი იყო ის თანხა, რაზეც ინვესტორ კომპანიასთან მორიგება მოხდა.


როგორც ცნობილია, Trans Electrica BVI-სა და Trans Electrica Georgia-სთან საქართველოს მთავრობამ ხუდონის 702-მეგავატიანი ელექტროსადგურის მშენებლობასთან დაკავშირებით პირველი მემორანდუმი 2011 წელს გააფორმა. მას შემდეგ დოკუმენტში არაერთი ცვლილება შევიდა. 

 

ანაკლია სახელმწიფოს თანადაფინანსებით აშენდება


პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა რომ ანაკლიის პროექტი სახელმწიფოს თანადაფინანსებით (51%) აშენდება. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განმარტა, შემუშავდება შესაბამისი სატენდერო წინადადებები და სხვა ინვესტორებთან ერთად პროექტის განხორციელებაში სახელმწიფოც აქტიურად ჩაერთვება. ღარიბაშვილის თქმით, ანაკლიის პორტთან დაკავშირებით 2016 წელს გაფორმდა ხელშეკრულება, შეირჩა ინვესტორი, რომელმაც ვერ შეასრულა თავისი ვალდებულება და პორტი არ ააშენა.

თავის მხრივ „ანაკლიის კონსორციუმში“ პროგნოზირებენ, რომ ანაკლიის პორტზე პრემიერის გეგმას წარმატება არ უწერია.

 


საქართველოს გავლით ენერგორესურსების ექსპორტის ზრდა

 

საქართველოში მყოფმა აზერბაიჯანის პრეზიდენტმა ენერგეტიკული პროექტების გამტარუნარიანობის ზრდაზე ისაუბრა რაშიც საქართველოც იქნება ჩართული. ილჰამ ალიევმა განმარტა, რომ გეგმავს 2027 წლისთვის ევროპაში ექსპორტზე გაიტანოს თითქმის 20 მილიარდი კუბური ტონა ბუნებრივი აირი და ეს საკითხი განიხილა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან. გარდა ამისა,  ბაქო-თბილისი-ჯეიჰანის მილსადენი გაზრდის ექსპორტს და ის კიდევ უფრო დაიტვირთება, ასევე აზერბაიჯანი აქტიურად გამოიყენებს ბაქო-სუფსის ტერმინალს.

 


ნამახვანჰესის ინვესტორი სახელმწიფოს არბიტრაჟში უჩივის

 

„ნამახვანჰესის“ ინვესტორმა, თურქულმა კომპანია „ენკამ“ არბიტრაჟს მიმართა, მაგრამ როგორც ეკონომიკის მინისტრი ამბობს, მიუხედავად ამისა, პროექტი სტრატეგიული მნიშვნელობისაა და ის აუცილებლად განხორციელდება. გასულ წლის სექტემბერში ცნობილი გახდა, რომ ENKA-მ, რომელიც რიონის ხეობაში ნამახვანჰესს აშენებდა, საქართველოს მთავრობას ხელშეკრულების გაწყვეტის შესახებ აცნობა. ამ გადაწყვეტილების საფუძვლად ინვესტორმა კომპანიამ დაასახელა საქართველოს მთავრობის მხრიდან კონტრაქტის პირობების დარღვევა და ფორსმაჟორული გარემოების არსებობა.