2026 წლისთვის საქართველოსთვის პროგნოზირებული ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, 5.3% ზრდის ჯანსაღი დონეა - ამის შესახებ BMG-სთან ინტერვიუში საერთაშორისო სავალუტო ფონდის ახლო აღმოსავლეთისა და ცენტრალური აზიის დეპარტამენტის დირექტორი აცხადებს.

ვაშინგტონში, სავალუტო ფონდისა და მსოფლიო ბანკის საგაზაფხულო შეხვედრების ფარგლებში ჩაწერილ ინტერვიუში ჯიჰად აზური ამბობს, რომ გასული ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საქართველოში დაფიქსირებული მაღალი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი მათ შორის, უკრაინაში მიმდინარე ომის მიგრაციული ეფექტებით იყო გამოწვეული.

მისი თქმით, ეკონომიკური აქტივობის შედარებით მაღალ დონეზე შენარჩუნებისთვის საქართველომ სხვადასხვა მიმართულებით რეფორმები უნდა გააგრძელოს, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების ნაწილში.

ჯიჰად აზური ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს ეკონომიკაზე ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე ომს ამ ეტაპზე მნიშვნელოვანი გავლენა არ აქვს.

“2026 წლისთვის საქართველოსთვის პროგნოზირებული მაჩვენებელი ეკონომიკური ზრდის ჯანსაღი დონეა. ის მოსდევს სამწლიან ძალიან ძლიერ ეკონომიკურ მაჩვენებლებს. ახლო აღმოსავლეთის ომს შეზღუდული გავლენა აქვს საქართველოს ეკონომიკაზე. მიმდინარე კონფლიქტის ფონზე, შესაძლოა, რამდენიმე სექტორი დაზარალდეს, მათ შორის ტურიზმი ერთ-ერთი მათგანია, თუმცა აქ უნდა დავაკვირდეთ, როგორ განვითარდება ეს კონფლიქტი დროთა განმავლობაში. ამ დროისთვის, მიწოდების ჯაჭვების ან ენერგორესურსების ფასების მიმართულებით, ჩვენ ვხედავთ გადაცემის ძალიან შეზღუდულ არხებს ახლო აღმოსავლეთის ომსა და საქართველოს ეკონომიკას შორის.

რუსეთსა და უკრაინას შორის ომის დაწყების შემდეგ საქართველოს ეკონომიკამ შეძლო ტალანტების მოზიდვა, რომლებიც საქართველოში ჩამოვიდნენ ინფრასტრუქტურით, ასევე სტუმართმოყვარე გარემოთი და ადამიანური რესურსების ხარისხით სარგებლობისთვის. ამან ხელი შეუწყო საქართველოს ეკონომიკის ზრდას. ამ ზრდაში მნიშვნელოვანი როლი ითამაშა კერძო სექტორმა და მისმა დინამიურობამ, რასაც ზურგს უმაგრებდა სამთავრობო ოპერაციების კარგი საფუძველი და ბიზნესის კეთების სიმარტივე. ყველა ამ ელემენტმა ხელი შეუწყო ინვესტიციების და ტალანტების მოზიდვას და წვლილი შეიტანა ეკონომიკურ ზრდაში. რა თქმა უნდა, ეს ციკლი თანდათან სტაბილურდება და მომავალში შესაძლებლობები გაჩნდება ახალი ბაზრების განვითარებით, ასევე ზოგიერთი რეფორმის დაჩქარებით, მათ შორის სახელმწიფო საწარმოების სექტორის რეფორმირებით”, - განაცხადა ჯიჰად აზურმა.

ცნობისთვის, სავალუტო ფონდმა მიმდინარე წლისთვის აპრილში გამართული მისიის ვიზიტისას საქართველოს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი უცვლელად, 5.3%-ზე შეინარჩუნა.

წყარო: bm.ge