„უცხოელი ინვესტორები გვეუბნებიან, თქვენ უნდა გქონდეთ ნეიტრალური სტატუსი, ამით იქნებით უფრო სტაბილური ჩვენ თვალში“,- ამის შესახებ ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა გიორგი ქობულიამ „პალიტრანიუსის“ გადაცემაში „მონეტიზაცია“ განაცხადა.

როგორც ყოფილმა სახელმწიფო მოხელემ აღნიშნა, მისი ბოლო პერიოდის საქმიანობა საქართველოში ინვესტიციების მოზიდვა იყო, „რაც საკმაოდ მძიმე ამოცანაა“.

„ალბათ, ყველას გვესმის, რომ საქართველოში უცხოური ინვესტიციის მოზიდვა, განსაკუთრებით დასავლეთიდან, საკმაოდ მძიმე ამოცანაა. რატომ?! - ჩვენ არ ვართ დიდი ბაზარი. როგორც ჩინეთში შეიძლება შევიდეს ინვესტორი, ან ინდოეთში, ჩვენთან არ შემოვა.

მეორე, ჩვენ მაღალკვალიფიციური მუშა ხელი არ გვყავს. ეს არის ალბათ, ის საკითხი რაზეც თქვენი ბევრი რესპონდენტი საუბრობს და რაზეც მეც ვსაუბრობდი იმ დროს, როდესაც ვიყავი მთავრობაში, რომ უნდა განვახორციელოთ მნიშვნელოვანი ინვესტიციები ჩვენი მუშა ხელის კვალიფიკაციის ამაღლებაში. ამასთან, ჩვენთან თურქეთთან შედარებით, ხელფასები არ არის ბოლომდე კონკურენტუნარიანი. ეს ყველაფერი რომ აიღოთ ერთობლიობაში, რა თქმა უნდა, ინვესტორების დაინტერესება ძალიან რთულია.

ამას ერთვება გეოპოლიტიკური ტურბულენტობა, რაც ჩემი აზრით, ინვესტიციების მოზიდვაში ყველაზე მეტად გვიშლის ხელს. ამ გეოპოლიტიკურ საკითხზე მინდა გავამახვილო ყურადღება. ბოლო 1 წელიწადია საქართველოში ვცხოვრობ, იქამდე უცხოეთში ვიყავი, მათ შორის, ბოლო 3 წელი აშშ-ში, ამ პერიოდში რა საქმიანობასაც ვეწევი, ეს არის უცხოელი ინვესტორების მოზიდვა საქართველოში. ველაპარაკები ბევრ ადამიანს, მათ შორის დასავლეთიდან და ვცდილობ მათ მოზიდვას. ერთ-ერთი ფაქტორი, რასაც ისინი ასახელებენ არის გეოპოლიტიკური არასტაბილურობა.

ინვესტორები რეალურად გვეუბნებიან ასეთ რამეს: თქვენ უნდა გქონდეთ ნეიტრალური სტატუსი, ამით იქნებით უფრო სტაბილური ჩვენ თვალში. თქვენ თუ გადაიხრებით დასავლეთისკენ, რუსეთისკენ, ალიანსებში, ეს რა თქმა უნდა, თქვენ სტაბილურობას უშლის ხელს. მაგალითად, გვეუბნებიან, თქვენ გიწერიათ კონსტიტუციაში, უნდა გახდეთ ნატოს წევრი, ჩვენ ვიცით ყველამ და ვხედავთ, რა მოხდა უკრაინაში… თქვენ მეუბნებით, რომ მოდით და ჩადეთ საქართველოში ინვესტიციები ინფრასტრუქტურულ პროექტებში, ისეთებში როგორიც ანაკლიაა.. ამ დროს, ჩვენ უნდა ვიყოთ სისტემატური შიშის ქვეშ, დამოკლეს მახვილივით უნდა გვეკიდოს თავზე ის, რომ ის რაც თქვენ გიწერიათ კონსტიტუციაში, რომ ნატოს წევრი უნდა გახდეთ, რუსეთი ამას არ მიიღებს და შეიძლება თავს დაგესხათ, ჩვენ როგორ უნდა განვახორციელოთ ასეთ ქვეყანაში ინვესტიცია?!“, - განაცხადა გიორგი ქობულიამ.

მისი თქმით, მსგავს შეფასებებს ძირითადად ევროპელი და ამერიკელი ინვესტორები აკეთებენ.

bpn.ge