მარტში, საქართველოში პროდუქციის წარმოება გაძვირდა.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული სამრეწველო პროდუქციის მწარმოებელთა ფასების ინდექსის მიხედვით, წინა წლის შესაბამის თვესთან შედარებით სახეზეა ინდექსის 6.5%-იანი მატება, ხოლო წინა თვესთან შედარებით ზრდა 1.5%-ია.
12-თვიან პერიოდში ინდექსის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ პროდუქტებზე:
- სამთო-მოპოვებითი მრეწველობა და კარიერების დამუშავება: ფასები გაზრდილია 33%-ით, რაც მთლიანი ინდექსის ცვლილებაზე 2.11 პროცენტული პუნქტით აისახა. ჯგუფში აღსანიშნავია ფასების მატება ლითონის მადნებზე (42.8%);
- დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქცია: ფასები გაიზარდა 5%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის ზრდაზე 4.03 პროცენტული პუნქტით მოახდინა გავლენა. ფასები გაიზარდა კვების პროდუქტებზე (7.8%) და სასმელებზე (6.2%);
- ელექტროენერგია, აირი, ორთქლი და კონდიცირებული ჰაერი: ფასები გაიზარდა 2%-ით, რამაც მთლიანი ინდექსის წლიურ ცვლილებაზე 0.22 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა;
- წყალმომარაგება, კანალიზაცია, მომსახურება ნარჩენების მართვით და რეკულტივირებით: ფასები გაიზარდა 5.5%-ით, რამაც მთლიან ინდექსზე 0.17 პროცენტული პუნქტით იქონია გავლენა.
2026 წლის თებერვალთან შედარებით ფასები 0.1%-ით შემცირდა სამთო-მოპოვებითი მრეწველობისა და კარიერების დამუშავების ჯგუფზე, რამაც -0.01 პროცენტული პუნქტით იქონია ზეგავლენა ჯამური ინდექსის ცვლილებაზე. ამავე პერიოდში ფასები გაიზარდა დამმუშავებელი მრეწველობის პროდუქციის ჯგუფზე (1.8%), რამაც 1.43 პროცენტული პუნქტი შეიტანა მთლიანი ინდექსის ცვლილებაში.
ჯგუფში შემავალი პროდუქტებიდან აღსანიშნავია ფასების ზრდა სასმელებზე (4.7%) და კოქსზე და რაფინირებულ ნავთობპროდუქტებზე (27.1%). გარდა ამისა, ფასების 0.8 %-იანი მატება დაფიქსირდა ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის ჯგუფზე, რომლის წვლილმაც თვის ჯამური ინდექსის ცვლილებაში 0.08 პროცენტული პუნქტი შეადგინა.