„ბოლო წლებში ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი (ICT) სწრაფი ტემპით გაიზარდა და საქართველოს ეკონომიკის ზრდის ერთ-ერთი მთავარი კონტრიბუტორი გახდა“. ამის შესახებ Galt&Taggart კვლევაშია საუბარი.

კერძოდ, ორგანიზაციის მონაცემებით, 2025 წლის იანვარ-სექტემბრის მდგომარეობით, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი საქართველოს ეკონომიკაში სიდიდით მეოთხე ადგილს იკავებს და ნომინალური მშპ-ს 8.2% უჭირავს.

როგორც „გალთ&თაგარტი“ განმარტავს, ინფორმაციისა და კომუნიკაციის სექტორი ექსპორტზეა ორიენტირებული და მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს ქვეყნის მომსახურების ექსპორტში. უფრო კონკრეტულად, ოფიციალური მონაცემებით, 2024 წელს ICT ექსპორტმა 842 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 10.9% იყო. ამასთან, 2025 წლის 9 თვეში ICT ექსპორტი წლიურად 52.3%-ით გაიზარდა და 898 მლნ აშშ დოლარს მიაღწია, რაც მთლიანი მომსახურების ექსპორტის 14%-ს შეადგენდა.

აქვე აღსანიშნავია, რომ ICT სექტორის ზრდაში ყველაზე მსხვილი კონტრიბუტორი IT ქვე-სექტორია. „გალთ&თაგარტის“ მიხედვით, 2025 წლის 9 თვეში IT სექტორის შემოსავალი 4.5 მლრდ ლარამდე გაიზარდა, რაც გასული წლის შესაბამის პერიოდს 2.1-ჯერ აღემატებოდა.

„შემოსავლების ზრდა ძირითადად ექსპორტის მკვეთრი ზრდით იყო განპირობებული. 2025 წლისგან განსხვავებით, 2024 წელს IT სერვისების ექსპორტი წლიურად 9.2%-ით შემცირდა, რაც რამდენიმე მსხვილი საერთაშორისო IT კომპანიის შედარებით სუსტ შედეგებს უკავშირდებოდა. მიუხედავად ამისა, მცირე საერთაშორისო და ადგილობრივი კომპანიების ზრდის ფონზე, სექტორის საერთო ბრუნვა 2024 წელს 48.8%-ით გაიზარდა”,- წერია კვლევაში.