ენერგეტიკული ბირჟა, რომლის გახსნაც 6-ჯერ გადავადდა, მიმდინარე წლის პირველ ივლისს მხოლოდ დღით ადრე და დღიური ბაზრების ამოქმედებით გაიხსნება, ხოლო საათობრივი დაბალანსების ვალდებულება, ასევე საბალანსო და დამხმარე მომსახურების ბაზრის გახსნა 2025 წლის პირველ ივლისამდე გადაიწევს.

Galt & Taggart-ის ელექტროენერგიის ბაზრის მიმოხილვის მიხედვითაც, ბაზრის ამოქმედებამდე კვლავ რჩება რამდენიმე ბუნდოვანი საკითხი. კერძოდ:

1) სექტორის წარმომადგენლებისთვის მნიშვნელოვანია გაიყიდება თუ არა იმპორტირებული ელექტროენერგია ბირჟაზე. მათი მოლოდინით, ბირჟაზე მოხვედრილი იმპორტირებული ელექტროენერგია ტარიფს გაზრდის.

2) მნიშვნელოვანია ცხადი პოლიტიკა უბალანსობის მიმართ. ახალი ბაზრის მოდელის მიხედვით, უბალანსობაზე პასუხისმგებელ პირს (როგორც მწარმოებელს, ასევე მომხმარებელს) ფინანსური ჯარიმა ეკისრება, თუმცა ჯერჯერობით უცნობია რა მიდგომა ექნება სახელმწიფოს პირველ ეტაპზე.

საინვესტიციო ბანკის მიმოხილვით, ამ ეტაპზე, კანონქვემდებარე აქტებში ცვლილება არ შესულა, თუმცა აქტიურად განიხილება ბაზრის ეტაპობრივად ამოქმედება და სრულ გახსნას, სავარაუდოდ, რამდენიმე წელი დასჭირდება.

პირველ ეტაპზე, ვაჭრობა შესაძლოა ნებაყოფლობითი იყოს და მასში მონაწილეობას მიიღებენ ტრეიდერები, თავისუფალი მიმწოდებლები, ელექტროენერგიის მწარმოებლები და მსხვილი/პირდაპირი მომხმარებლები. სემეკის თავმჯდომარის განცხადებით, შემდეგი ეტაპები სავალდებულო დღიური ბაზარი, ბოლოს კი საათობრივი ბაზარი იქნება. სექტორის მოთამაშეები ბირჟის ეტაპობრივად ამოქმედებას მიესალმებიან და მიიჩნევენ, რომ ერთიანი ამოქმედება ნაჩქარევი იქნებოდა არსებული რისკების გათვალისწინებით.

ცნობისთვის, ქვეყანაში ენერგეტიკული ბირჟის ამოქმედება მეექვსედ გასული წელს გადავადდა. მაშინ ეკონომიკის სამინისტროში განმარტავდნენ, რომ ამის მიზეზი გეოპოლიტიკური მოვლენები ასახელებდნენ, რის გამოც მთავრობას ფასებთან დაკავშირებით პროგნოზების გაკეთება უჭირდათ.