„მიმდინარე წლის გაზაფხული ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო ყინვიანი. შედეგად, კურკოვანი და ფესვოვანი მცენარეების დიდი ნაწილი დააზიანა“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე და შპს „აგრო 1959“-ის მმართველი პარტნიორის გელა ხანიშვილი აცხადებს.
როგორც ხანიშვილი აღნიშნავს, ყინვამ წელს საქართველოში ბლის ბაღების დიდი ნაწილი დააზიანა და ადგილობრივ ბაზარზე გარკვეული დეფიციტი შექმნა. მისი თქმით, მაღალი მოთხოვნისა და პროდუქციის ნაკლებობა გავლენას ახდენს ფასზე.
ინფორმაციისთვის, მოქალაქეები სოციალურ ქსელში ავრცელებენ ფოტოებს, სადაც ჩანს, რომ 1 კგ. ბლის ფასი რიგ შემთხვევაში წელს 29 ლარსაც კი აღწევს.
ცნობისთვის, საქართველოში 2025 წელს ბალის იმპორტიც შემცირებულია. წელს იანვარ-აპრილში იმპორტზე შემოვიდა 1.02 ტონა ბალი, რომლის ღირებულებამაც 760 დოლარი შეადგინა. გამოდის რომ, 1 კგ-ის საშუალო საიმპორტო ფასი წელს გადასახადების გარეშე 75 ცენტი ჯდება.
ეს კი მაშინ, როცა 2024 წლის იანვარ-აპრილში ქვეყანაში შემოვიდა 1.59 ათასი დოლარის ღირებულების 3.08 ტონა ბალი. ამ შემთხვევაში 1 კგ-ის იმპორტი გადასახადების გარეშე 52 ცენტი ჯდებოდა.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს საანგარიშო პერიოდში ქართული ბლის ექსპორტი არ განხორციელებულა.
კილოგრამის ფასი 29 ლარსაც აღწევს - ბლის დეფიციტია ქვეყანაში
„სასურსათო უსაფრთხოების საკითხი მსოფლიოში უფრო მტკივნეული თემა ხდება, მაგალითად, მიმდინარე წლის გაზაფხული ძალიან ბევრ ქვეყანაში იყო ყინვიანი. შედეგად, კურკოვანი და ფესვოვანი მცენარეების დიდი ნაწილი დააზიანა, დღეს მაგალითად, საქართველოში ბლის დეფიციტია, ყინვამ ბლის ფართობები სერიოზულად დააზიანა, ასევე დაზიანებულია ქლიავისა და ტყემლის ფართობები. პერიოდულად, იმის მიხედვით, სადაც არის დეფიციტი ამა თუ იმ პროდუქტის და მოთხოვნა მზარდია, იზრდება ფასები და პირიქით. მსოფლიოში არის ტენდენცია კლიმატური ცვლილებების, აღნიშნულის გამო ცალკეულ ქვეყნებში სერიოზულად დაზიანდა მოსავალი, მაგალითად, წელს ამ პრობლემის წინაშე დადგან თურქეთი და აღმოსავლეთის სხვა ქვეყანები. მიმდინარე ტენდენციებმა უნდა დააფიქროს ყველა სასურსათო უზრუნველყოფის საკითხზე“, - აღნიშნავს გელა ხანიშვილი.
მანვე ისაუბრა კლიმატურ პირობებთან ადაპტაციის საკითხზე და აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია ფერმერთა ცოდნისა და კულტურის ამაღლება. ამაში კი წვლილი უნდა შეიტანოს როგორც სახელმწიფომ, ასევე თავად ფერმერმა.
„პირველი, თავად სახელმწიფომ უნდა შეძლოს, რომ უფრო მეტი დახმარება გაუწიოს ფერმერს, მაგალითად, დაზღვევის კომპონენტი არ ფარავს საგაზაფხულო და საშემოდგომო წაყინვებს და საჭიროა ამ ნაწილის დამატება, რადგან, რამდენადაც მეტად დაიფარება დაზღვევა, იმდენად დაცული იქნება ფერმერი.
მეორე საკითხი უკავშირდება ფერმერს, რომელმაც უნდა შეძლოს და თვითონ იზრუნონ საკუთარ ბიზნესზე, იმიტომ, რომ ხშირად გვაქვს შემთხვევა, როცა ფერმერმა იცის, რომ არსებობს რისკები, მაგრამ არ აზღვევს. ეს კი მაშინ, როცა სახელმწიფო იხდის სადაზღვევო პრემიის 70%-ს. მთლიანად ფერმერზეა დამოკიდებულია, დააზღვევს თუ არა და ამ ნაწილში ცნობიერების ამაღლების კუთხით დიდი სამუშაო“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ გელა ხანიშვილმა.