საქართველოს ეკონომიკამ აჩვენა მდგრადობა გლობალური შოკების მიმართ, რაც განპირობებულია გონივრული მაკროეკონომიკური პოლიტიკითა და მყარი ფუნდამენტური მაჩვენებლებით, - განუცხადა Business Insider Georgia-ს აზიის განვითარების ბანკის წარმომადგენლობის დირექტორმა საქართველოში ლესლი ბეარმან ლამიმ.

კერძოდ, მან უპასუხა კითხვას, „როგორ აფასებს ADB საქართველოს არსებულ მაკროეკონომიკურ გარემოს და ზრდის პერსპექტივებს 2025–2026 წლებისთვის? ADB-ის ხედვით, რა არის საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური პოტენციალი?“

ლესლი ბეარმან ლამის თქმით, 2025 წელს ეკონომიკური ზრდა მაღალ დონეზე, 7.5%-ზე შენარჩუნდა, მაგრამ მოსალოდნელია შემცირება 2026 წელს 5.5%-მდე და 2027 წელს 5.2%-მდე, რაც შიდა და საგარეო მოთხოვნის დასუსტებას ასახავს.

„ამასთანავე, პროგნოზი უფრო კომპლექსური ხდება. საგარეო რისკები კვლავ მაღალი რჩება, განსაკუთრებით უკრაინაში რუსეთის მიმდინარე ომისა და ახლო აღმოსავლეთში არსებული კონფლიქტის ფონზე. ამ მოვლენებმა შესაძლოა ზეწოლა მოახდინოს გლობალურ ეკონომიკურ აქტივობაზე, დაარღვიოს ვაჭრობა და მიწოდების ჯაჭვები და ხელი შეუწყოს ინფლაციური წნეხის ზრდას, რაც მნიშვნელოვნად აისახება ისეთ მცირე და ღია ეკონომიკაზე, როგორიც საქართველოა.

საერთო ჯამში, საქართველოს გრძელვადიანი ეკონომიკური ზრდის პოტენციალი მყარია, იმ პირობით, თუ რეფორმების იმპულსი გაგრძელდება, ინფრასტრუქტურული ხარვეზები აღმოიფხვრება და საგარეო რისკები ფრთხილად იქნება მართული. ქვეყნის სტრატეგიული გეოგრაფიული მდებარეობა ქმნის შესაძლებლობებს, გაძლიერდეს მისი როლი როგორც რეგიონული სატრანზიტო და სავაჭრო კარიბჭე. რეგიონული ინტეგრაციისა და დაკავშირების მიმართ გრძელვადიანი ერთგულება ხელს შეუწყობს ვაჭრობის დივერსიფიკაციასა და ეკონომიკური მედეგობის გაძლიერებას“, - აღნიშნა მან.

წყარო: www.resonancedaily.com