2024 წლის III კვარტალში მთლიანი შიდა პროდუქტის მოცულობა მიმდინარე ფასებში 24 855.7 მლნ. ლარს გაუტოლდა, ხოლო წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით რეალური მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდამ 11.0 პროცენტი შეადგინა.

საქსტატის“ ინფორმაციით, მთლიანი შიდა პროდუქტის დეფლატორის პროცენტული ცვლილება 2024 წლის III კვარტალში 4.3 პროცენტით განისაზღვრა.

2024 წლის მესამე კვარტალში, ზრდის მიმართულებით მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა შემდეგმა დარგებმა: მშენებლობა (30.9 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (32.8 პროცენტი), საბითუმო და საცალო ვაჭრობა; ავტომობილების და მოტოციკლების რემონტი (11.0 პროცენტი), განათლება (35.6 პროცენტი), საფინანსო და სადაზღვევო საქმიანობები (22.9 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (14.7 პროცენტი).

კლება აღინიშნა შემდეგ დარგებში: უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (-4.9 პროცენტი), ელექტროენერგიის, აირის, ორთქლის და კონდიცირებული ჰაერის მიწოდება (-13.6 პროცენტი).

მთლიანი შიდა პროდუქტის დარგობრივ სტრუქტურაში ყველაზე დიდი წილით გამოირჩევა ვაჭრობა (15.4 პროცენტი) და დამამუშავებელი მრეწველობა (9.7 პროცენტი). შემდეგ პოზიციებს იკავებს უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობები (9.3 პროცენტი), მშენებლობა (8.7 პროცენტი), სოფლის, სატყეო და თევზის მეურნეობა (7.4 პროცენტი), ინფორმაცია და კომუნიკაცია (6.4 პროცენტი), სახელმწიფო მმართველობა (6.2 პროცენტი), ტრანსპორტი და დასაწყობება (5.9 პროცენტი).