2022 წლიდან ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი მცირდება და 2024 წელს ექსპორტირებული პროდუქციის მოცულობამ 2015 წლის შემდგომ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შეადგინა. 2024 წელს 2022 წელთან შედარებით ვარდნა 37.3% იყო, - ამის შესახებ IDFI-ის [ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტი] მიერ გამოქვეყნებულ კვლევაში წერია.

კვლევის მიხედვით, მიუხედავად იმისა რომ, ბოლო წლებში საქართველომ თავისუფალი სავაჭრო რეჟიმი დაამყარა ისეთ მსხვილ ბაზრებთან როგორებიცაა ევროკავშირი და ჩინეთი, ადგილობრივი ექსპორტის მოცულობა არასტაბილურობით გამოირჩევა და მისი წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში კლებას აჩვენებს. კერძოდ, თუკი შევხედავთ საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტს, რეექსპორტის გარეშე, მისი წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში კლებას აჩვენებს. ეს ერთის მხრივ ტრანზიტული მიზნით ქვეყნის დერეფნის გააქტიურებაზეც მიანიშნებს, თუმცა მეორე მხრივ ზემოთ ნახსენები ბაზრების გახსნის პარალელურად, რომლებიც ჯამურად 1.5 მილიარდ მომხმარებელზე მეტს აერთიანებს, ჩნდება კითხვა რამდენად კონკურენტუნარიანია ადგილობრივი წარმოების პროდუქცია მსოფლიო ბაზრებზე.  კერძოდ ქვეყნის მთლიანი ექსპორტი 2015-2024 წლებში ჯამურად ქვეყნის მთლიანი ექსპორტი (რეექსპორტის ჩათვლით), თითქმის გასამმაგდა და 6.5 მლრდ დოლარი შეადგინა (+197%). ადგილობრივი ექსპორტი კი ამავე პერიოდში 87%-ით გაიზარდა და 3 მლრდ დოლარს მიაღწია.

„ადგილობრივი ექსპორტის წილი ქვეყნის მთლიან ექსპორტში საქსტატის წინასწარი მონაცემებით, 2024 წელს ბოლო ათ წლიან მინიმუმმზე იყო. ეს კი მიუხედავად იმისა რომ თავისუფალ სავაჭრო შეთანხმებების პარალელურად, საექსპორტო ქვეყნების რაოდენობა წლების განმავლობაში მზარდია და თუკი 2015 წელს საქართველოდან ექსპორტზე პროდუქცია მსოფლიოს 117 ქვეყანაში გადიოდა, 2024 წლის ბოლოს ადგილობრივად წარმოებული პროდუქცია მსოფლიოს 135 ქვეყანაში იყიდებოდა. რაც შეეხება ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტს - ათ წლიან პერიოდში საექსპორტო ქვეყნების სია 115-ით, 128-მდე გაიზარდა. ამ პერიოდში სიას დაემატა ძირითადად ისეთი ბაზრები სადაც ექსპორტის მოცულობა მცირეა - ასე მაგალითად პუერტო რიკო, პალესტინა, კაიმანის კუნძულები, ლუქსემბურგი, ახალი ზელანდია, ბურნიკა ფასო, ბურნუდი, ბუტანი, ვენესუელა - ამ ბაზრებზე ექსპორტის მოცულობა მთლიანი ექსპორტის 0.05%-საც ვერ აღწევს. ჯამში კი იმ ქვეყნების წილი, რომლებიც ბოლო ათ წელში დაემატნენ ადგილობრივი პროდუქციის გასაღების ბაზრებს, მთლიან ადგილობრივ ექსპორტში მხოლოდ 0.4%-ია. 

მიუხედავად იმისა რომ 10 წლიან პერიოდში ადგილობრივი ექსპორტი თანხობრივად თითქმის გაორმაგდა,  2023 წლის მკვეთრი ვარდნის (-23.3%) შემდგომ ის კვლავ ვერ ეწევა 2022 წლის მონაცემს. 

ქვეყნების მიხედვით, ადგილობრივი ექსპორტი ყველაზე მეტად შემცირდა ამერიკის შეერთებულ შტატებში. თუკი აშშ-ში 2014 წელს 200 მილიონზე მეტის ღირებულების პროდუქცია გავიდა, 2024 წელს (წინასწარი მონაცემები) ეს მაჩვენებელი 132.6 მლნ დოლარს შეადგენდა. შედეგად აშშ-ს წილი ადგილობრივ საექსპორტო ბაზრებში 11%-დან 4.4%-მდე შემცირდა. აშშ-ში ექსპორტის მაჩვენებელი არასტაბილურობით ხასიათდება, - მიზეზი კი მთავარი საექსპორტო პროდუქტი - ფეროშენადნობებია. გასულ წელს, საქართველოში წარმოებული პროდუქციის ექსპორტმა აშშ-ში 132.6 მლნ დოლარი შეადგინა, საიდანაც 75% ერთ პროდუქტზე ფეროშენადნობებზე მოდიოდა (90.2 მლნ აშშ დოლარი). ანალოგიურად 2023 წელს მთლიანი ექსპორტის 76% ფეროშენადნობებზე მოდიოდა (69 მლნ აშშ დოლარი), 2022 წელს კი ამერიკის შეერთებულ შტატებში ფეროშენადნობების ექსპორტი 232 მლნ დოლარს შეადგენდა.  

ფეროშენადნობებს საქართველოს საექსპორტო პროდუქციის ჩამონათვალში მნიშვნელოვანი ადგილი უკავია, თუმცა გლობლურ ბაზრებზე არსებული არასტაბილურობა (ტარიფების ცვლილება/მოთხოვნის ვარდნა) დარგს არასტაბილურს ხდის. აქედან გამომდინარე, ადგილობრივ ქარხნებს პერიოდულად საწარმოო პროცესის შეჩერება უწევთ. სიტუაცია განსაკუთრებით მწვავეა 2022 წლიდან. თუკი 2021 წელს საქართველომ ექსპორტზე ჯამში 229,094 ტონა ფეროშედანობები გაიტანა, საიდანაც 460 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, 2024 წელს 281,516 ტონის ექსპორტით მიღებული შემოსავალი 322 მლნ დოლარს შეადგენდა. გამოდის რომ საექსპორტო ფასი ტონაზე 2000 დოლარიდან 1140 დოლარამდე შემცირდა.  

მნიშვნელოვანი შემცირება ფიქსირდება უკრაინის ბაზარზეც - 2024 წელს ქართულ ბაზარზე წარმოებული პროდუქტის ექსპორტი უკრაინაში 37%-ით ჩამოუვარდებოდა 2014 წლის მაჩვენებელს. ასევე მნიშვნელოვანი ვარდნა ფიქსირდება კანადის ბაზარზეც, სადაც 2014-2024 წლებში ექსპორტის მოცულობა 90%-ზე მეტად შემცირდა. ვარდნის მაჩვენებლით ხუთეულში შედის იტალია და აზერბაიჯანიც. 

არასტაბილურობით ხასიათდება ევროკავშირის ბაზრის ათვისებაც. 2022 წლიდან მოყოლებული ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი მცირდება და 2024 წელს ექსპორტზე გატანილი პროდუქციის მოცულობამ 2015 წლის შემდგომ, ყველაზე დაბალი მაჩვენებელი შეადგინა - კერძოდ გასულ წელს ევროკავშირის ქვეყნებში ექსპორტის მოცულობა 477 მლნ. აშშ  დოლარი იყო. ბოლო ათ წლიან პერიოდში კი ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტის ვარდნა ყველაზე მკვეთრი 2024 წელს იყო - წლიურად -21.7%. ყველაზე დიდ ნიშნულს კი ექსპორტმა 2022 წელს მიაღწია - 761 მლნ. აშშ დოლარი - ორ წლიან პერიოდში კი ეს მაჩვენებელი 284 მლნ. დოლარით, - 37.3%-ით შემცირდა. მცირდება მთლიან ადგილობრივ ექსპორტში ევროკავშირის წილიც, რომელმაც 2024 წელს ბოლო 10 წლის მინიმუმი - 15.8% შეადგინა. შედარებისთვის: 2019 წელს ეს მაჩვენებელი 31.2%-ს შეადგენდა. 2022-2024 წლებში კლება დაფიქსირდა 10 ქვეყანაში - მათ შორის - 38%-ით შემცირდა ექსპორტი ბელგიაში, 70%-ით ბულგარეთში, 19%-ით გერმანიაში, 29%-ით დანიაში, 34%-ით ესპანეთში, 18%-ით ირლანდიაში, 12%-ით იტალიაში, 22%-ით ლიეტუვაში, 80%-ით მალტაში, 47%-ით შვედეთში. თანხობრივად ყველაზე დიდი შემცირება ბულგარეთზე მოდის, სადაც ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი 2022 წელს 419.8 მლნ დოლარს შეადგენდა, 2024 წელს კი 121 მლნ დოლარს. მკვეთრი ვარდნის მიზეზი ამ შემთხვევაშიც ფეროშენადნობების ექსპორტის შემცირება გახდა. 

თუკი 2014 წლიდან 2024 წლის ჩათვლით, ევროკავშირის ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტი მხოლოდ 17%-ით გაიზარდა, 60%-იანი იყო ზრდა დსთ-ს ქვეყნებში. კერძოდ, დსთ-ს ქვეყნებში ადგილობრივი პროდუქციის ექსპორტმა 2024 წელს 1.2 მლრდ დოლარი შეადგინა - მთლიანი ექსპორტის 41%. თუკი ევროკავშირის წილი მთლიან ექსპორტში შემცირების ტენდენციას აჩვენებს, ზრდა ფიქსირდება დსთ-ს ქვეყნებზე, რომლის წილიც მთლიან ექსპორტში ისტორიულ მაქსიმუმზეა“, - ნათქვამია კვლევაში.