გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე, სოფლის მეურნეობის წლევანდელ მოსავლიანობას და ხარისხობრივ მაჩვენებლებს აფასებს. მისი შეფასებით, მიმდინარე წელი გამორჩეულია სოფლის მეურნეობის პროდუქტების მოსავლიანობით. მათ შორისაა მოცვი, რომლის წარმოების და ექსპორტის რეკორდული მაჩვენებელი დაფიქსირდა.

თენგიზ ნასარიძემ, ხაზი გაუსვა საქართველოდან მოცვის ექსპორტში ევროკავშირის წილს და  აღნიშნა, რომ მოცვი დასავლეთ საქართველოში მცხოვრები ფერმერებისთვის ერთ-ერთ მნიშვნელოვან შემოსავალს წარმოადგენს. 

ცნობისთვის, მიმდინარე წლის 1-ლი მაისიდან 14 ივლისის ჩათვლით, საქართველოდან 4.5 ათასი ტონა მოცვის ექსპორტი განხორციელდა, რომლის ღირებულებამ 26.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.

უწყების ცნობითვე, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, ექსპორტირებული მოცვის მოცულობა 1.6 ათასი ტონით (56%-ით), ხოლო ღირებულება - 9.1 მლნ აშშ დოლარით (53%-ით) გაიზარდა.

მოცვი, ძირითადად, ექსპორტირებულია: რუსეთში, გერმანიაში, პოლონეთში, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში, სომხეთში, ნიდერლანდებში, თურქეთში და სხვა ქვეყნებში.

სახელმწიფო პროგრამის - „დანერგე მომავალი“ ფარგლებში, საქართველოს მასშტაბით, 53.5 მლნ ლარის თანადაფინანსებით, 2.836 ჰა ფართობი მოცვის ბაღებია გაშენებული.

მიმდინარე წლის მოცვის ექსპორტის ღირებულება 2023 წლის ექსპორტის ჯამურ მაჩვენებელს უკვე 5.6 მლნ აშშ დოლარით აღემატება. რაც შეეხება ექსპორტის რაოდენობას - 2023 წელს საქართველოდან ექსპორტირებული იყო 3.4 ათას ტონა მოცვი.

თენგიზ ნასარიძის განცხადებით, წლევანდელი წელი გამორჩეულია სტრატეგიული პროდუქტის - ხორბლის მოსავალიანობითაც. გაზრდილია, როგორც საჰექტრო მაჩვენებელი, ასევე მაღალია ხორბლის ხარისხიც. სავარაუდო მონაცემებით, წელს ხორბლის რეკორდული რაოდენობის მოსავალიც იქნება.

მოცვის და ხორბლის კულტურებთან ერთად, თენგიზ ნასარიძემ ყურადღება ატმის ექსპორტის და დაბინავების საკითხებზე გაამახვილა. მის მტკიცებით, დღეისათვის, დაახლოებით 16 მლნ დოლარზე მეტი ღირებულების ატმის ექსპორტია განხორციელებული. სახელმწიფოსგან მხარდაჭერილია ასევე შემნახველი ინფრასტრუქტურის შექმნა და გურჯაანის მუნიციპალიტეტში 30-40 ასეთი პუნქტი მუშაობს.