ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალში მიიღო მონაწილეობა. აზერბაიჯანის დედაქალაქში მინისტერიალის გახსნის ცერემონიაზე სიტყვით გამოსვლისას მინისტრმა აღნიშნულ ფორმატში ქვეყნებს შორის თანამშრომლობის მნიშვნელობაზე ისაუბრა უსაფრთხო და მდგრადი ენერგეტიკული მომავლისთვის.
„სამხრეთის გაზის დერეფანი იმის ნათელი მაგალითია, თუ რას შეგვიძლია მივაღწიოთ ერთობლივი ძალისხმევით. ამ დერეფანმა მნიშვნელოვნად გააძლიერა ენერგოუსაფრთხოება და დივერსიფიკაცია, საქართველო ამაყობს, რომ ამ პროცესში საიმედო სატრანზიტო ქვეყნის როლში მონაწილეობს. საქართველომ დაამტკიცა, რომ სამხრეთის გაზის დერეფნის აქტიური მხარდამჭერი და შეუცვლელი მონაწილეა, და, ასევე, სტრატეგიული პარტნიორობისა და ყველა ჩართულ მხარეს შორის ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის ერთგულია“, - განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.
როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, საქართველო მდებარეობს რა მსოფლიოს დასავლეთისა და აღმოსავლეთის გზაგასაყარზე, მომხმარებელ და მიმწოდებელ ქვეყანათა გადაჯაჭვული ინტერესების ეპიცენტრშია. მინისტრის შეფასებით, აღნიშნული პროექტი კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოს, როგორც საიმედო პარტნიორის როლს. მარიამ ქვრივიშვილმა ასევე განსაკუთრებული აქცენტი გააკეთა ჩვენი ქვეყნის როლზე ენერგეტიკული დივერსიფიკაციის პროცესში.
„ჩვენი ქვეყნისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია, „ხიდის“ ფუნქცია შეასრულოს არა მხოლოდ ეკონომიკურ, პოლიტიკურ, სოციალურ და კულტურულ ჭრილში, არამედ ენერგეტიკის სფეროშიც. ჩვენი ქვეყნის გავლით ტრანსპორტირებულ ბუნებრივ აირს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს საერთაშორისო, განსაკუთრებით კი ევროკავშირის ენერგეტიკული ბაზრების დივერსიფიკაციისა და მიწოდების უსაფრთხოების გაუმჯობესებისთვის. საქართველომ უკვე გამოავლინა ურყევი მხარდაჭერა რეგიონული სატრანზიტო ინიციატივების მიმართ. ენერგეტიკული დივერსიფიკაციისა და სტაბილურობის მნიშვნელობის გათვალისწინებით, მიზანშეწონილია, განვიხილოთ საერთაშორისო ენერგეტიკული პროექტების მნიშვნელობა და მივესალმოთ თანამშრომლობის ნებისმიერ წინადადებას, რომელიც ხელს შეუწყობს ენერგეტიკულ სექტორში ჯანსაღი, მდგრადი გარემოს შექმნას და დააკმაყოფილებს მოქალაქეების საჭიროებებს რეგიონში თუ მის ფარგლებს გარეთ“, - განაცხადა მინისტრმა.
ბაქოში სამხრეთის გაზის დერეფნის მრჩეველთა საბჭოს მე-12 მინისტერიალი აზერბაიჯანის პრეზიდენტის ილჰამ ალიევის გამოსვლით გაიხსნა. ღონისძიებაში მონაწილეობა მიიღო ევროკომისარმა ენერგეტიკის საკითხებში დენ იორგენსენმა.
მინისტერიალსა და მის ფარგლებში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობა მიიღეს საქართველოს დელეგაციის წევრებმა - ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილეებმა გენადი არველაძემ და თამარ იოსელიანმა, ასევე საქართველოს ელჩმა აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ზურაბ პატარაძემ.
ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტრო ავრცელებს