Visual Capitalist-მა სიღარიბის მიხედვით მსოფლიოს ქვეყნების რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ს მიხედვით არის შედგენილი. როგორც Visual Capitalist-ის სტატიაშია ნათქვამი, გლობალური მშპ ერთ სულ მოსახლეზე ყოველწლიურად აგრძელებს ზრდას და 2023 წლისთვის პროგნოზირებულია $13,920 . მსოფლიოში კი დაახლოებით 123 ქვეყანაა, რომელთა მთლიანი შიდა პროდუქტი ერთ სულ მოსახლეზე საშუალოზე დაბალია. აღნიშნულ რეიტინგში საქართველოც მოხვდა, ქვეყანამ ერთ სულ მოსახლეზე მშპ-ის $7270-იანი მაჩვენებლით 99-ე ადგილი დაიკავა.
ეკონომისტი აკაკი ცომაია „კომერსანტთან“ სხვადასხვა ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებულ სიღარიბის მაჩვენებლებზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ ამ მხრივ ყველაზე სანდო მსოფლიო ბანკის მონაცემია, რომლის მიხედვითაც საქართველო ღარიბი ქვეყანაა, თუმცა ეს მაჩვენებელი არც ისეთი საგანგაშოა.
„მსოფლიო ბანკის მონაცემებით საქართველოში მშპ ერთ სულ მოსახლეზე მსყიდველობითუნარიანობის პარიტეტის მიხედვით $17 000-ია. ზოგადად ნომინალურ მშპ-სთან შედარებით ppp-ს პრინციპის შემთხვევაში, მშპ ერთ სულ მოსახლეზე გაცილებით მეტია. საქართველო არის ღარიბი ქვეყანა, მაგრამ არც ისეთი, როგორიც ზოგიერთი ორგანიზაციის მონაცემებშია ასახული, თუნდაც Visual Capitalist-ის. საქართველოში გვაქვს სიღარიბე და განვითარებადი ეკონომიკის ქვეყანა ვართ. ქვეყანამ ეკონომიკური აღმასვლა დაიწყო 90-იან წლების დასასრულს, ძალიან დაბალი დონიდან, ანუ უკიდურესი სიღარიბიდან და იქიდან მოყოლებული ეკონომიკის ზრდის ტემპი საშუალოდ 5%-ს შეადგენს. თუ ავიღებთ 1997 წლიდან დღემდე მონაცემებს და გამოვიყვანთ საშუალო წლიური ზრდის ტემპს ეს 5%-ია.
თუმცა ცხოვრების დონე არ არის მაღალი და ჩვენ მაინც ვრჩებით ერთ-ერთ ღარიბ ქვეყნად. ბოლო პერიოდში საქართველოს ეკონომიკის ზრდის ტემპი უფრო მეტია, ვიდრე აზერბაიჯანში და მშპ-ს ფასების მიხედვით ცხოვრების დონე საქართველოში დღეს უფრო მაღალია, ვიდრე აზერბაიჯანში. ეს მაშინ როდესაც 90-იანების დასასრულს აზერბაიჯანის ცხოვრების დონე 2-ჯერ აღემატებოდა საქართველოს მაჩვენებელს. შესაბამისად, გარკვეული პრობლემების მიუხედავად, როგორიცაა დემოკრატიული სასამართლო რეფორმების გატარება, ევროპული ფასეულობების მიღება, ჯამში ეკონომიკა სტაბილურად ვითარდება და გვაძლევს იმის საფუძველს, რომ 10-15 წლის შემდეგ ჩვენი ცხოვრების დონე დაუახლოვდეს აღმოსავლეთ ევროპის ცხოვრების დონეს. ჩვენ ვართ ღარიბი ქვეყანა, მაგრამ ეს არც ისე დრამატულად გამოიყურება, როგორც ზოგიერთი ორგანიზაცია აქვეყნებს“, - აღნიშნავს აკაკი ცომაია.