საქართველომ, აზერბაიჯანმა, რუმინეთმა და უნგრეთმა ევროკომისიას მიმართეს მოთხოვნით, „კასპია–შავი ზღვა–ევროპის მწვანე ენერგიის დერეფანი“ ევროკავშირის საერთო ინტერესის პროექტების (PCI) და ურთიერთინტერესის პროექტების (PMI) სიაში შეიტანონ.
ამის შესახებ აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი ფარვიზ შაჰბაზოვი სოციალურ ქსელ X-ზე წერს. მისი განცხადებით, ბაქოში გამართულ კასპია–შავი ზღვა–ევროპის მწვანე ენერგიის დერეფნის მე-12 მინისტერიალზე დადასტურდა პროექტის ტექნიკურ-ეკონომიკური კვლევის წარმატებით დასრულება, რაც მისი განვითარების ეტაპზე გადასვლას ნიშნავს.
შაჰბაზოვის თქმით, ოთხმა ქვეყანამ ევროკომისარ ენერგეტიკისა და საცხოვრებლის საკითხებში, დენ იორგენსენს, ერთობლივი წერილი გაუგზავნა, რომელშიც პროექტის ევროკავშირის მესამე PCI/PMI სიაში მოხვედრის მხარდაჭერა გამოხატეს.
„ერთობლივი ძალისხმევა დააჩქარებს ამ სტრატეგიული ინიციატივის განხორციელებას, რაც მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ევროპის ენერგოუსაფრთხოების გაძლიერებას, მწვანე ენერგეტიკაზე გადასვლას და რეგიონული თანამშრომლობის გაღრმავებას“, — წერს აზერბაიჯანის ენერგეტიკის მინისტრი.
„მწვანე ენერგიის დერეფნის“ პროექტი ითვალისწინებს კასპიის რეგიონიდან განახლებადი ენერგიის ევროპულ ბაზრებზე მიწოდებას და მათ შორის საქართველოს, აზერბაიჯანის, რუმინეთისა და უნგრეთის ენერგოსისტემების დაკავშირებას. პროექტი პარალელურად განიხილება შავი ზღვის წყალქვეშა ელექტროკაბელის პროექტთან ერთად, რომელიც საქართველოსა და ევროკავშირს შორის ენერგეტიკული კავშირის გაძლიერებას ისახავს მიზნად.