პარლამენტის დეპუტატი პარტია „მოქალაქეებიდან“ ქეთი თურაზაშვილი პენსიონერებს საპენსიო სესხის აღებამდე რამდენიმე რეკომენდაციას აძლევს.
როგორც მან „კომერსანტთან“ საუბარში აღნიშნა, უმნიშვნელოვანესია, რომ მსესხებლებმა წაიკითხონ ხელშეკრულება და ყურადღება მიაქციონ სესხის პროცენტს, რომელიც 26%-ზე მეტი არ უნდა იყოს.
მისი თქმით, ხშირია შემთხვევა, როცა პენსიონერებს სესხზე არა 26%-ის არამედ 29% ან 31%-ის გადახდა უწევთ, რაც ხელშეკრულებით არის განსაზღვრული.
„პირველ რიგში პენსიონერებმა აუცილებლად უნდა წაიკითხონ ხელშეკრულება. გარდა ამისა, ყურადღება მიაქციონ სესხის პროცენტს, რადგან ზედა ზღვრად დადგენილია 26%. ამაზე დიდი პროცენტით არ შეიძლება რომ პენსიონერებზე სესხი გაიცეს. ბანკი ტერმინებით თამაშობს. წერს, თითქოს 26% არის სესხის პროცენტი, თუმცა რამდენიმე გრაფის ქვეშ წერს რომ ეფექტური საპროცენტო განაკვეთია 29% ან 31%.
გამოდის, რომ პენსიონერები რეალურად იმ პროცენტს იხდიან, რომელიც არის ეფექტური. ამიტომ აქაც ვურჩევ ხოლმე რეკომენდაციით, რომ იცოდნენ, ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გრაფაშიც უნდა ჩაიწეროს 26%.
მე რა შემთხვევებსაც ვიცნობ, თუ პენსიონერს გაუპროტესტებია ეს ფაქტი, ბანკში ცდილობენ დაარწმუნონ მსესხებელი რომ ვალდებულება 26%-ში აქვს და არა ვთქვათ 29%, მიუხედავად იმისა, რა წერია ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გრაფაში“, - განაცხადა ქეთი თურაზაშვილმა.
მისივე თქმით, პრობლემურია ის სესხებიც, რომლებზეც „ლიბერთი ბანკმა“ პანდემიის პერიოდში პენსიონერებს 3-თვიანი საშეღავათო პერიოდი განუსაზღვრა, ამის საფუძველზე კი მოხდა სესხის ვადის გაგრძელება.
„ასეთ შემთხვევებში პენსიონერებმა პირველ რიგში განცხადებით უნდა მიმართონ ბანკს და მოსთხოვონ სესხის ძველ ვადაში დაბრუნება, ხოლო იმ მსესხებლებს, რომელთა საპენსიო სესხიც 2023 წლის მაისში ან ივნისში სრულდებოდა, მათ შეუძლიათ ბანკს სესხის განულება მოსთხოვონ, რადგან ამ დროისთვის საშეღავათო 3 თვე უკვე დასრულებული იყო. ჩვენთან კომუნიკაციაში მყოფმა პენსიონერებმა უკვე მიმართეს ბანკს განცხადებებით და ველოდებით ბანკის პასუხს, რის შემდეგადაც მოხდება ეროვნულ ბანკთან მიმართვა. თუ ეროვნული ბანკის რეაგირება არ იქნება დამაკმაყოფილებელი, მზად ვართ, მივმართოთ სასამართლოს“, - აღნიშნა ქეთი თურაზაშვილმა.
როგორც მან განმარტა, საპენსიო სესხის აღების ტენდენცია აღარ იკვეთება, მას შემდეგ რაც ფართო საზოგადოებას მიეწოდა ინფორმაცია ოვერდრაფტის საფრთხეებზე. ასევე, მას შემდეგ რაც საპენსიო სესხებზე პროცენტი შემცირდა, ბანკის ამ მომსახურების შეთავაზება, ფაქტობრივად, აღარ ხდება.