სალიზინგო კომპანიები სექტორისთვის ქონების გადასახადით დაბეგვრის წესის ცვლილებას კვლავ ითხოვენ.
როგორც BMG-ის კომპანია BB Leasing-ის აღმასრულებელმა დირექტორმა განუცხადა, სალიზინგო ბაზარი დღეს სხვა კომპანიებისგან და ფიზიკური პირებისგან განსხვავებული წესით იბეგრება, რაც სექტორს გარკვეულწილად არაკონკურენტულ მდგომარეობაში აყენებს.
კოტე სულამანიძის განცხადებით, აღნიშნულ საკითხზე დარგის წარმომადგენლებმა კონკრეტული ინიციატივები შემოსავლების სამსახურს უკვე წარუდგინეს და მოლოდინი აქვთ, რომ გარკვეული ცვლილებები განხორციელდება.
“სალიზინგო ბაზრისთვის ბიძგის მიცემის კუთხით საკანონმდებლო ცვლილებების საჭიროება კვლავ ძალაშია. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ქონების გადასახადის ცვლილება. დღევანდელი კანონმდებლობით ქონების გადასახადი, როდესაც პროდუქციას სალიზინგოს მეშვეობით ყიდულობ, უფრო მეტია, ვიდრე როდესაც ეს ბანკის მეშვეობით ხდება. სწორედ ეს მთავარი ნიუანსი არის, რაც ჩვენ უბრალოდ თანაბარ პირობებში არ გვაყენებს სხვა საფინანსო ორგანიზაციებთან მიმართებით და მნიშვნელოვანია ამაზე მუშაობა და შეცვლა, რათა სალიზინგო პროდუქტები უფრო ხელმისაწვდომი გახდეს მომხმარებლისთვის", - განაცხადა კოტე სულამანიძემ.