საჯარო სამსახურში დასაქმებასთან დაკავშირებით საკანონმდებლო ცვლილება პოლიტიკური კორუფციის რისკებს შეამცირებს. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ აქამდე მოქმედი კანონი არასამართლიანი იყო, რის გამოც რეგულაციის გამკაცრებას დადებითად აფასებენ. საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი ხარჯის შესახებ იურისტები მუდმივად საუბრობდნენ, ვინაიდან საჯარო სექტორში უამრავი ადამიანია, რომელიც რეალურად არაფერს აკეთებს, მაგრამ მუშაობს პარტიისთვის და ბევრად პრივილეგირებულ მდგომარეობაშია მათთან შედარებით, ვინც შრომობს და პროფესიულ მოვალეობას ასრულებს.
კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ კანონში შესატანი ცვლილებების თანახმად, 2025 წლის 1-ლი ნოემბრიდან საჯარო სამსახურში (გამონაკლისის გარდა) ერთზე მეტ ანაზღაურებად თანამდებობაზე დასაქმება დაუშვებელი ხდება. კანონპროექტს პარლამენტმა პირველი მოსმენით დაუჭირა მხარი.
კერძოდ, კანონში ცვლილებების შეტანის შემთხვევაში, საჯარო სამსახურში დასაქმებულ პირებს არ ექნებათ უფლება დაიკავონ სხვა ანაზღაურებადი სამუშაო სხვა საჯარო სამსახურებში. თუმცა, გამონაკლისი იქნება სამეცნიერო, სასპორტო, პედაგოგიური, შემოქმედებითი და თავდაცვის ძალების რეზერვში საქმიანობა.
ორ პოზიციაზე დასაქმებულ საჯარო მოხელეს ანაზღაურების დააბრუნება მოუწევს.
როგორც ,,ქართული ოცნების" დეპუტატმა" დავით მათიკაშვილმა აღნიშნა, მთავრობას ექნება შესაძლებლობა შექმნას ე.წ. დეფიციტური პროფესიების სია და იმ უწყებების ჩამონათვალი, რომელზეც არ გავრცელდება კანონის ეს განაწესი.
„თუკი კანონით დადგენილი შეზღუდვების მიუხედავად, პირი არის დასაქმებული ორ ანაზღაურებად სამსახურში კანონის საწინააღმდეგოდ, ვალდებული იქნება გათავისუფლდეს ორივე სამსახურიდან, 2 წლის განმავლობაში აეკრძალება სხვა საჯარო სამსახურში დასაქმება და ვალდებული იქნება ანაზღაურება, რომელსაც კანონის დარღვევის პერიოდში იღებდა, დააბრუნოს ბიუჯეტის სასარგებლოდ“, - განაცხადა დავით მათიკაშვილმა საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის სხდომაზე.
როგორც ცნობილია, ბოლო წლებში საჯარო სექტორშიო დასაქმებამ მახინჯი ფორმა მიიღო. ყოველ შემთხვევაში, ადამიანები სხვადასხვა უწყებებში, სსიპ-ებში და აიპებ-ში უმეტესად ნაცნობობით საქმდებოდნენ, განსაკუთრებით ეს მომღერლებსა და მსახიობებს ეხება, რაზეც უფლებადამცველების მხრიდან არაერთხელ გამახვილდა ყურადღება.
როგორც იურისტმა ლევან ალაფიშვილმა აღნიშნა, ამჯერად მიდგომა იცვლება, რაც პოლიტიკური კორუფციის რისკების შემცირების თვალსაზრისით კარგი და სწორი გადაწყვეტილებაა.
,,წლების განმავლობაში ჩვენ ვხედავდით, რომ ყველა მთავრობას საჯარო სამსახური პოლიტიკური ლოიალობის ადგილად აქვს წარმოდგენილი. ეს დამღუპველია, რადგან სახელმწიფოს განვითარებას ამუხრუჭებს. საჯარო სამსახური კარიერულ ზრდაზე და განვითარებაზე უნდა იყოს დაფუძნებული, პოლიტიკური კორუფცია სწორედ ასეთ გარემოში ყვავის და სახელმწიფო შეიძლება წავიდეს იმ გზით, რაც დემოკრატიული სახელმწიფოს პრინციპებისგან შორსაა.
პოლიტიკური ლოიალობა ქვეყნის განვითარებას აფერხებს. თუნდაც რიცხვები შევადაროთ, უსამართლობაა, როცა თანაბარი ოდენობის თანხას იღებს საქმის შემსრულებელი კადრი და ისიც, ვინც ფიქტიურად დასაქმებულია და არაფერს აკეთებს. ბოლო დროს სისტემატურად ხდებოდა საჯარო სექტორში მსახიობებისა და მომღერლების დასაქმება და მათთვის სასათბურე პირობების შექმნა. ასე იქცეოდა წინა მთავრობაც, ცნობილი ადამიანები გაფორმებული ჰყავდათ მუნიციპალურ ორგანოებში ნაცმოძრაობის მმართველობისას.
კარგია, რომ ამ მიმართულებით რეგულაცია იმუშავებს და ადამიანები საჯარო სექტორში დაუმსახურებლად, პრივილეგირებული მდგომარეობით ვეღარ მოხვდებიან", - აღნიშნა ლევან ალაფიშვილმა.
იურისტის მოსაზრებას იზიარებს ეკონომიკის სფეროს ექსპერტი გივი მომცელიძეც, რომლის შეფასებითაც, საჯარო სტრუქტურებში ცნობილი ადამიანების დასაქმების არაერთი ფაქტია, რაც აჩენს საფუძვლიან ვარაუდს, რომ ხელისუფლება სწორედ ამ გზით ცდილობს უფრო მეტი ადამიანი „მიაბას“ სახელმწიფო დაფინანსებას და, შესაბამისად, ამით გარკვეული პოლიტიკური გავლენა მოახდინოს მათზე. განსაკუთრებით კი წინასაარჩევნო პერიოდში გამოიყენოს.
,,ვიმედოვნებ, საჯარო უწყებებში ფიქტიური დასაქმების პრაქტიკა და საბიუჯეტო რესურსების არამიზნობრივი ხარჯვა შემცირდება, თუმცა ასე ხელის ერთი მოსმით ვერ მოისპობა, ჯერ ამის საფუძველი ნაკლებადაა, თუმცა ერთი მცირე ნაბიჯი გადაიდგა. ასეულობით ათასი ლარი იხარჯება იმ პირთა ანაზღაურებაში, რომლებიც რეალურად არ ასრულებენ სამუშაო ფუნქციებს.
საჯარო სამსახური არ უნდა ემსახურებოდეს პრივილეგირებულ ჯგუფებს, ამ თვალსაზრისით, დღეს მოქმედი ხელისუფლება ზუსტად იმავე მეთოდს მიჰყვებოდა, რასაც წინა ხელისუფლების წარმომადგენლები იყენებდნენ.
საჯარო სექტორში გაბერილი შტატები კარგი და მოსაწონი არ არის, მით უმეტეს, როცა ადამიანი სამსახურში არ დადის და პროფესიულ მოვალეობას არ ასრულებს, მისი საქმიანობა პირდაპირ მიანიშნებს პოლიტიკურ ლოიალობაზე, რაც კანონში ახალი ჩანაწერის შესაბამისად, გამოსწორდება. საქართველოში სახელმწიფო სექტორში დასაქმება ადამიანისთვის თვითმიზანი არ უნდა იყოს", - განმარტა ეკონომისტმა.
აღნიშნული აკრძალვა დაგეგმილია „საჯარო სამსახურის შესახებ“ კანონში განსახორციელებელი ცვლილებების პარალელურად, რომლის მიხედვითაც, 1-ლი აგვისტოდან მრჩევლის პოზიცია ანაზღაურებადი აღარ იქნება.
კანონპროექტის ინიციატორები არიან პარლამენტის წევრები: დავით მათიკაშვილი, ირაკლი შატაკიშვილი, აკაკი ალადაშვილი, გიორგი კახიანი და იოსებ ჯორბენაძე.
წყარო: resonancedaily.com