თავდაპირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნაზე და ამის შემდეგ მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით, ვინაიდან ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა საამიროებთან, - ამის შესახებ პრემიერმა ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საქართველოს აქვს ყველა მიმართულებით ძალიან მჭიდრო თანამშრომლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან და ეს პროცესი მომავალშიც გაგრძელდება. პრემიერმა ისაუბრა საამიროების მხრიდან 6 მლრდ დოლარის ინვესტიციის განხორციელებაზე და აღნიშნა, რომ საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატურის მხარდაჭერის გადაწყვეტილება მიღებულ იქნა სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე.
„ჯერ იქნა გადაწყვეტილება მიღებული ზურაბ პოლოლიკაშვილთან დაკავშირებით, გამომდინარე იქიდან, რომ მან, რატომღაც, გადაწყვიტა, თავზე გადახტომოდა სახელმწიფოს. შესაბამისად, თავდაპირველად იქნა მიღებული გადაწყვეტილება ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნასთან დაკავშირებით. ამის შემდეგ ჩვენ გვქონდა გუნდში მსჯელობა და მივიღეთ ცალსახა გადაწყვეტილება არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილი კანდიდატის მხარდაჭერასთან დაკავშირებით. ამას აქვს ბევრი მიზეზი და ერთ-ერთი მთავარი არის ის, რომ ჩვენ გვაკავშირებს ძალიან მეგობრული, პარტნიორული ურთიერთობები და თანამშრომლობა არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან, რაც სხვადასხვა მიმართულებით არის გამოხატული. თქვენ იცით, რომ ჩვენ ხელი მოვაწერეთ ძალიან მნიშვნელოვან მემორანდუმს, დაახლოებით 6 თვის წინ, რომელიც ითვალისწინებს საქართველოში 6 მლრდ დოლარის ინვესტირებას, მომდევნო რამდენიმე წლის განმავლობაში. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობები, რამდენიმე დღეში გაიხსნება მშრალი პორტი თბილისში, რომელიც არის ასევე ძალიან მნიშვნელოვანი განხორციელებული ინვესტიცია. ეკონომიკური კუთხით, ტურიზმში, ყველა მიმართულებით, ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო ურთიერთობა, მეგობრობა, თანამშრომლობა საამიროებთან და აქედან გამომდინარე ვფიქრობთ, რომ ეს გადაწყვეტილება ჩვენი სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, იყო უალტერნატივო. მომავალშიც განვაგრძობთ ძალიან მჭიდრო თანამშრომლობას არაბთა გაერთიანებულ საამიროებთან,“- განაცხადა პრემიერმა.
გაერო-ს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატი - შაიხან ნასერ ალ ნოვაისი აირჩიეს. კენჭისყრაზე მან 24 ქვეყნის მხარდაჭერა მოიპოვა, საჭირო კი იყო მინიმუმ - 18.
შეიხა ალ ნოვაისი თანამდებობაზე ზურაბ პოლოლიკაშვილს ჩაანაცვლებს, რომელიც პოსტს ორი ვადით იკავებდა, მიმდინარე წელს კი ქართული ოცნების მთავრობამ მისი კანდიდატურა უკან გაიწვია.
ამასთან, ქართული ოცნების მთავრობამ დაადასტურა, რომ მხარს დაუჭერდა არაბთა გაერთიანებული საამიროების მიერ წარდგენილ კანდიდატს.
ქართულ ოცნებას ამ ინფორმაციის დადასტურება The Diplomat-ის სტატიის შემდეგ მოუწია, სადაც მედია საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის სავარაუდო ფარულ შეთანხმებაზე წერდა.
თავად ზურაბ პოლოლიკაშვილმა ფორმულას ეთერში თქვა, რომ მისი კანდიდატურის გამოწვევის შესახებ "შემთხვევით" არა ქართული ოცნების მთავრობისგან, არამედ, არაბთა გაერთიანებული საამიროების დელეგაციისგან გაიგო.
უცხოურმა მედიამ ასევე დაწერა შესაძლო გარიგებაზე საქართველოსა და არაბთა გაერთიანებულ საამიროებს შორის, რომელშიც ზურაბ პოლოლიკაშვილის გარდა გიორგი ბაჩიაშვილის საქმე ფიგურირებს.
The Diplomat სტატიაში, რომელიც გაერო-ში კენჭისყრამდე გამოქვეყნდა, წერს: "გიორგი ბაჩიაშვილის დაკავებასთან დაკავშირებული გარემოებები და საქართველოს მიერ პოზიციის უეცარი ცვლა, აღვივებს ეჭვებს თბილისსა და აბუ-დაბის შორის სავარაუდო გარიგების შესახებ, გაერო-ს ტურიზმის ორგანიზაციის საარჩევნო პროცესში ჩარევის მიზნით".