ფრენების აღდგენა მთლიანად პოლიტიკური გადაწყვეტილებაა და არა ეკონომიკური  - ამის შესახებ რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ეკონომიკის დოქტორმა ირაკლი მაკალათიამ ისაუბრა, მისი თქმით, საქართველოს მსგავსი განვითარების ქვეყანასთან მიმართებით ფრენების შეზღუდვა, მერე ისევ აღდგენა რუსეთისნაირი ქვეყნისთვის დიდი ბერკეტია და შეუძლია იმოქმედოს საქართველოზე ისე, როგორც  ეს ემბარგოს შემთხვევაში  გააკეთა.

„არც ერთ ქვეყნის ჩაკეტვის მომხრე არ ვარ, მაგრამ ისეთ ქვეყანასთან, როგორც არის რუსეთი, განსაკუთრებულად ცუდია ეკონომიკური დამოკიდებულება, რუსეთზე დამოკიდებულება მეტ რისკს ქმნის, არა მარტო კერძო  სექტორისთვის, არამედ სახელმწიფოსთვისაც.

პირიქით, რაც უფრო დაბალგანვითარებული ეკონომიკა გაქვს და რაც უფრო მცირე ზომისაა ქვეყანა, რაც  უფრო მეტად ხდები დამოკიდებული რუსეთზე, მით უფრო მეტ  ბერკეტს იყენებს ეს ქვეყანა და ცდილობს, რომ მეტი  ზეგავლენა მოახდინოს შენზე.

მიუხედავად იმისა, რომ  ევროკავშირთან სავაჭრო ურთიერთობები  იზრდება,  დსთ-ს  ქვეყნებში, სადაც  ყველაზე დიდი  წილი რუსეთს  უჭირავს, ასევე  გაზრდილია ვაჭრობა. მაშინ როდესაც ჩვენ  ბაზრების დივერსიფიცირებაზე  ვფიქრობთ და პროდუქტს  ევროკავშირში გატანა გვინდა, ჩანაცვლება ხდება რუსეთით და  ეს  ყველაფერი  ხდება მაშინ, როდესაც ჩვენ გავაფორმეთ ასოცირების ხელშეკრულება ევროკავშირთან. ეს დამოკიდებულია ჩვენ ეკონომიკურ  ფორმაციასა და მდგომარეობაზე, რაც ცხადია ჩრდილოელ მეზობელს აწყობს, იმიტომ რომ მეტი პოლიტიკური  გავლენა ექნება ჩვენზე და ამ ეკონომიკურ ურთიერთობებს პოლიტიკურ ზეგავლენაში გადააკონვერტირებს.“ - აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.

მაკალათიას თქმით, რაც უფრო  დაბალი ეკონომიკური განვითარების ქვეყანა იქნება საქართველო,  მით უფრო მიიერთებს რუსეთი და  მასზე დამოკიდებულს გახდის.

„რაც უფრო დაბალი ეკონომიკა გვექნება და ევროპის ბაზრებზე პროდუქციის გატანას ვერ შევძლებთ, რაც უფრო ნაკლებად გვექნება ფინანსებზე ხელმისაწვდომობა, მით უფრო დამოკიდებული ხდები ისეთ ბაზრებზე, როგორც რუსეთია და როდესაც მასზე დამოკიდებული გახდები, ის ყოველთვის საკუთარი  პოლიტიკის  გატარებას  მოგთხოვს და თუ არ გაატარებ გეტყვის, რომ იმ მიზერულსაც ვეღარ მიიღებ, რასაც იღებ,“- აღნიშნა ირაკლი მაკალათიამ.