COVID-19 პანდემიის შემდეგ და უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის გაუმართლებელი ომის ფონზე, 2023 წელს მსოფლიო ეკონომიკის გაჯანსაღების ტემპი გაურკვევლობით ხასიათდება.

ეროვნული ბანკის მიმოხილვის მიხედვით, ძლიერი მოთხოვნის, მიწოდების შეფერხებების და, შედეგად, საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე გაზრდილი ფასების გამო, გასულ წელს თითქმის ყველა ქვეყანაში საკმაოდ გაიზარდა ინფლაციის მაჩვენებლები, რის ფონზეც ცენტრალურ ბანკებს მონეტარული პოლიტიკის აგრესიულად გამკაცრება მოუწიათ. არსებული ეფექტი, გარკვეულწილად, მიმდინარე წელსაც ნარჩუნდება, თუმცა გამკაცრებული ფინანსური გარემოს შედეგად, ინფლაციური წნეხი ეტაპობრივად მცირდება.

აღნიშნულიდან გამომდინარე, საერთაშორისო სავალუტო ფონდის (სსფ) ივლისის შეფასების მიხედვით, 2023 წლის გლობალური ეკონომიკური ზრდა 3% იქნება, რაც წინა პროგნოზთან შედარებით 0.2 პპ-ით გაუმჯობესებული მაჩვენებელია. ამასთან, ინფლაციური წნეხი წინა წელთან შედარებით დაიკლებს და 2023 წელს მოსალოდნელია, რომ საშუალო ინფლაცია მსოფლიოში 6.8% იქნება.

რაც შეეხება მზარდ და განვითარებად ქვეყნებს, მათი რეალური ზრდის პროგნოზი 2023 წელს 4%-ს უტოლდება, ხოლო ინფლაცია კი 2023 წელს 8.3%-ია მოსალოდნელი.

2023 წლის მეორე კვარტალში, ეკონომიკური აქტივობის გაუმჯობესება ნელი ტემპით გაგრძელდა აშშ-ში. ერთი მხრივ, აპრილ-მაისის მონაცემების მიხედვით, გაუმჯობესებული რჩება სამომხმარებლო განწყობები და საცალო გაყიდვები, რასაც ხელს უწყობს სამომხმარებლო ფასების შემცირების დინამიკა. თუმცა, მეორე მხრივ, მკაცრი ფინანსური გარემო და სავაჭრო ბარიერები ჩინეთთან კვლავ ძალაში რჩება. ივნისში, ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა აშშ-ში 3% შეადგინა. სსფ-ს ივლისის განახლებული შეფასებით, 2023 წლის რეალური ეკონომიკური ზრდა აშშ-ში 1.8% იქნება. რაც შეეხება ინფლაციას, ის 2023 წელს 4.4%-ია პროგნოზირებული.

2023 წლის მეორე კვარტალში, ეკონომიკური აქტივობის ტემპი მცირედით გაუმჯობესდა ევროზონაშიც. აღნიშნული განპირობებულია მიწოდების ჯაჭვების აღდგენით, ენერგომატარებლების, მათ შორის, ნავთობის ფასების შემცირებით და ინფლაციის კლებადი დინამიკით. შედეგად, სამომხმარებლო და ბიზნეს განწყობები მცირედით გაუმჯობესდა. ივნისში, ევროზონაში ინფლაციის წლიურმა მაჩვენებელმა 5.5% შეადგინა. აქვე აღსანიშნავია, რომ ევროპის ქვეყნები აგრძელებენ ეკონომიკური სანქციების დაწესებას რუსეთის წინააღმდეგ, რაც დამატებით წნეხს ქმნის მათ ეკონომიკაზე. სსფ-ის ივლისის შეფასებით, 2023 წელს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ევროზონისთვის 0.9%-ია, ხოლო ინფლაციის მოსალოდნელი დონე კი - 5.2%-ია6.

2023 წლის მეორე კვარტალში, ეკონომიკური აქტივობა მცირედით გაუმჯობესდა თურქეთში. აღნიშნული ძირითადად განპირობებულია ძლიერი შიდა მოთხოვნით და გაზრდილი საქონლის ექსპორტის მოცულობით. თუმცა, აპრილ-მაისის მონაცემებით, შემცირდა ინდუსტრიული წარმოება. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი იკლებს, მაგრამ კვლავ მაღალ დონეზე ნარჩუნდება და ივნისში 38.2% შეადგინა. აღნიშნულის ფონზე, ხანგრძლივი პერიოდის შემდეგ პირველად, ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის მკვეთრი გამკაცრების გადაწყვეტილება მიიღო, თუმცა შესაძლოა არა იმდენად მკვეთრი, რასაც ბაზარი მოელოდა, რაც გამოიხატა თურქული ლირის კვლავ გაუფასურებაში. სსფ-ს შეფასებით, 2023 წელს თურქეთის რეალური ეკონომიკური ზრდა 2.7% იქნება, ხოლო ინფლაცია კი - 50.6%-ია პროგნოზირებული.

2023 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკური აქტივობა მცირედით გაუმჯობესდა რუსეთში. აპრილ-მაისის მონაცემების მიხედვით გაუმჯობესდა ინდუსტრიული წარმოება და საცალო გაყიდვები. ისტორიულ მინიმუმზეა უმუშევრობა, ხოლო ხელფასები გაიზარდა. თუმცა, დასავლეთის მიერ დაწესებული სანქციების ფონზე გაუარესებული რჩება როგორც ბიზნესგარემო, ასევე ინვესტიციების მოცულობა. გარდა ამისა, ენერგომატარებლებზე გლობალურად შემცირებული ფასების და დასავლეთის ემბარგოს ფონზე, გაუარესებული რჩება საგარეო სექტორიც, ხოლო ფისკალური დეფიციტი იზრდება. ბოლო პერიოდში რუბლი საკმაოდ გაუფასურდა, თუმცა წლიური ინფლაცია დაბალია და ივნისში მან 3.2% შეადგინა. სსფ-ის შეფასებით, რუსეთის რეალური ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 1.5% იქნება8, ხოლო წლიური ინფლაციის პროგნოზი კი, 7%-ია.

რუსეთის მიერ წარმოებულ ომს უკრაინაში დამანგრეველი გავლენა აქვს როგორც სოციალური, ასევე ეკონომიკური კუთხით, განადგურებულია მრავალი კრიტიკული ინფრასტრუქტურული ობიექტი, რაც ეკონომიკის პოტენციალს ამცირებს. სსფ-ს შეფასებით, უკრაინის რეალური ეკონომიკა 2023 წელს 3%-ით შემცირდება. ინფლაციის საშუალო დონე კი 21.1% იქნება. 

2023 წლის მეორე კვარტალში, წინა კვარტალთან შედარებით, ეკონომიკური აქტივობა მცირედით გაუმჯობესდა სომხეთში. აღნიშნული ძირითადად განპირობებულია სავაჭრო ბალანსის გაუმჯობესებით, ასევე გაიზარდა სამშენებლო სექტორი და საკრედიტო აქტივობა. ინფლაციის წლიური მაჩვენებელი ივნისში - 0.5%- მდე შემცირდა. სსფ-ის აპრილის შეფასებით, სომხეთის ეკონომიკური ზრდა 2023 წელს 5.5%- ს გაუტოლდება, ხოლო ინფლაცია 7.1%-ის ფარგლებშია პროგნოზირებული. თუმცა აღსანიშნავია, რომ აპრილის შემდეგ ინფლაცია მოსალოდნელზე სწრაფად მცირდება.

2023 წლის მეორე კვარტალში ზრდის ტემპები მცირედით შენელდა აზერბაიჯანში. აღნიშნულს ძირითადად განაპირობებს შემცირებული საცალო გაყიდვები და ფიქსირებული ინვესტიციები. თუმცა არასანავთობო სექტორში კვლავ მაღალი აქტივობა იყო. ინფლაციის წლიური მაჩვენებელი მაღალი ნარჩუნდება და ივნისში 10.6% შეადგინა, რის ფონზეც ცენტრალურ ბანკს მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება მოუწია. სსფ-ს შეფასებით, 2023 წელს აზერბაიჯანში ეკონომიკური ზრდა 3%-ს გაუტოლდება, ხოლო ინფლაციის 2023 წლის პროგნოზი კი 11.3%-ს შეადგენს.

საქართველოს სავაჭრო პარტნიორი ქვეყნების ცენტრალური ბანკების ნაწილმა, 2023 წლის მეორე კვარტალში, ჯერ კიდევ მაღალი ინფლაციური წნეხისა და მოლოდინების საპასუხოდ, მონეტარული პოლიტიკა დამატებით გაამკაცრა. კერძოდ, მაისში და შემდეგ უკვე ივლისში, აშშ-ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ფედერალური ფონდების განაკვეთი 5.25-5.5%- იან შუალედამდე, ხოლო ევროპის ცენტრალურმა ბანკმა კი ივნის-ივლისში - პოლიტიკის განაკვეთი, 4.25%-მდე გაზარდა. რაც შეეხება თურქეთის რესპუბლიკის ცენტრალურ ბანკს, ივნისი-ივლისში მან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთის 17.5%- მდე გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.