რადიო „კომერსანტთან“ მეღვინე ანდრო ბარნოვმა ახალ რეგულაციებზე ისაუბრა, რომლის მიხედვითაც, 2026 წლის 1-ელი მაისიდან სამეწარმეო ვენახის გაშენება შესაძლებელია მხოლოდ ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობის საფუძველზე.

როგორც ანდრო ბარნოვი აცხადებს, მოცემული ცვლილებები, ფაქტობრივად, შემოსავლის გარეშე ტოვებს ფერმერების ნაწილს.

„აღნიშნული რეგულაცია, ფაქტობრივად, გაუუქმებს შემოსავლის წყაროს ამ დარგში ჩართულ უამრავ ადამიანს.  ფერმერები, რომელთა რეალიზაციის ძირითადი წყარო იყო ქარხნებთან ურთიერთობა, კარგავენ შესაძლებლობას რომ დარჩნენ ამ სფეროში ჩართულები. ჩვენ არ ვსაუბრობთ ადამიანებზე, რომლებიც არიან დიდი ვენახების მფლობელები, ჩვენ ვსაუბრობთ ფერმერებზე, რომლებიც საოჯახო ტიპის მეურნეობას ახორციელებენ.

დღეს სწორედ ამ ხალხს ეუბნებიან, გარდა იმისა, რომ შესაბამისი საბუთებით უნდა ირბინონ წინ და უკან სხვადასხვა უწყებაში, ასევე მათ უნდა დახარჯონ ფული ისეთ რაღაცაში, რომლის კრიტერიუმებიც არ არის განსაზღვრული. გვეუბნებიან, რომ მოგვიტანეთ, მაგალითად, ნიადაგის ანალიზი. რატომ უნდა აინტერესებდეს სახელმწიფოს კონკრეტული ნაკვეთის ნიადაგის ანალიზი. აქედან გამომდინარე, როცა ნებართვებზე ვსაუბრობთ, სახელმწიფომ შეიძლება კონკრეტულ ფერმერს უთხრას, რომ არ გააშენოს ამა თუ იმ ტერიტორიაზე ვენახი. ეს არ არის სახელმწიფოს საქმე“, - განაცხადა ანდრო ბარნოვმა.