„რუსეთმა ბაზარი დაკეტა, ჩვენი დამოკიდებულება მასზე კი საკმაოდ მაღალია, არა მხოლოდ საწვავის, არამედ პირველადი მოხმარების პროდუქტის იმპორტის კუთხით. თუ იქ საწვავის ფასიდან გამომდინარე სამუშაოები და ლოგისტიკა გაძვირდება, ეს მოახდენს გავლენას პროდუქტის ფასზე. ამიტომ რაც რუსეთში ამ მხრივ მოხდება, სამწუხაროდ, პირდაპირ აისახება ჩვენზე“, - ამის შესახებ დისტრიბუტორთა ბიზნესასოციაციის პრეზიდენტმა ივა ჭყონიამ რადიო „კომერსანტის“ გადაცემა „კომერსანტის დილა“-ში ჩართვისას განაცხადა. 

მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ სადისტრიბუციო კომპანიები ძირითადად დიზელის ტიპის საწვავს მოიხმარენ, რომელზედაც ფასი არც თუ ისე მნიშვნელოვნად არის გაზრდილი, პროდუქტებზე ფასების მყისიერ და მკვეთრ ზრდას არ უნდა ველოდოთ. 

„საწვავის ფასი პირდაპირ არის მიბმული არა მხოლოდ სასურსათო კალათაზე, არამედ ნებისმიერ პროდუქტზე, სამშენებლო მასალა იქნება ეს, საყოფაცხოვრებო პროდუქტი თუ ა.შ. რაც შეიძლება რომ დამაიმედებლად ჩაითვალოს, არის ის, რომ დიზელის საწვავი, რაზედაც ლოგისტიკა ძირითადად არის დამოკიდებული, ბოლო პერიოდში უმნიშვნელოდ, მაგრამ მაინც გაიაფებული იყო, შესაბამისად, დიზელზე იმდენად სწრაფად ფასის ზრდა არ არის, როგორც სხვა ტიპის საწვავზე. 

უახლოეს პერიოდში კომპანიები კიდევ დააკვირდებიან, საერთაშორისო ბაზარზე საწვავის ფასს და თუ რაღაც მკვეთრი ცვლილება არ მოხდა, პირობითად, 30-40 თეთრით თუ არ გაიზარდა დიზელზე ფასი, კომპანიები ფასის ცვლილებისგან თავს შეიკავებენ. 

თუ დიზელზე 10-15 თეთრით არის ფასი გაზრდილი, ბენზინზე - 70 თეთრითაა. რაც შეეხება იმას, თუ რა ფასში ყიდულობენ სადისტრიბუციო კომპანიები საწვავს, ეს კომერციული საიდუმლოა და ამაზე ვერ ვისაუბრებთ, თუმცა პარტნიორობიდან გამომდინარე, მინდა ვთქვა, რომ გამოცხადებული ფასისგან საკმაოდ განსხვავდება და ისინი კარგ ფასში იძენენ საწვავს. ამიტომ 10-15 და 20-თეთრიანი რყევა რომ ფასებში აისახოს ეს არც არასდროს ყოფილა ისტორიულად და საწვავის ფასის ზრდის გამო რომ მყისიერად გაიზარდოს პროდუქტების ფასები, ასე არ მომხდარა. თუ დააკვირდებით, ერთიანად და კომპლექსურად ხდება ხოლმე ფასების გადახედვა და ზრდა. ამიტომ მე დამაიმედებელ პროგნოზებს გავაკეთებ“, - აღნიშნა ივა ჭყონიამ.