2022 წელს საშუალო ხელფასი ბიზნეს სექტორში 1 606 ლარი იყო, ხოლო დაქირავებით დასაქმებულთა მედიანური ხელფასები 2022 წლის მდგომარეობით 1,040 ლარს შეადგენდა. მედიანური ხელფასი ასახავს იმ ხელფასს, რომელსაც საშუალოდ ყველაზე მეტი ადამიანი იღებს, განსხვავებით საშუალო ხელფასისგან, რაც ყველას მიერ აღებული ხელფასების საშუალო არითმეტიკულს წარმოადგენს.

აღნიშნული თემა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში, „კომერსანტის დილა“ ეკონომისტმა თენგიზ თაქთაქიშვილმა მიმოიხილა. მისი თქმით, საქართველოში შემოსავლების უთანაბრობა ძალიან მაღალია და ასეთი შემთხვევები ხშირია ისეთ ქვეყნებში სადაც ბევრი ოლიგოპოლიური დარგია.

„ქვეყანაში შემოსავლები არათანაბრად არის განაწილებული, საქართველო არის ერთ-ერთი ის ქვეყანა, სადაც მოსახლეობის შემოსავლებს შორის დიდი უთანაბრობაა. არსებობენ ქვეყნები, სადაც საშუალო და მედიანურ ხელფასებს შორის სხვაობა დიდი არ იქნება და ეს ქვეყანა შეიძლება იყოს ფინეთი, ესტონეთი, დანია“ - განაცხადა თენგიზ თაქთაქიშვილმა.

თაქთაქიშვილმა უთანაბრობის მიზეზებზეც ისაუბრა.

„ეს ნიშნავს იმას, რომ შემოსავლები ძირითადად კონცენტრირებულია რამდენიმე მსხვილი კომპანიის ხელში, რომლებიც ბაზარზე დომინანტები არიან, აქედან გამომდინარე მცირე და საშუალო ზომის კომპანიებს უჭირთ, რომ წარმატებულები იყვნენ ამ ბაზარზე და გასცენ შედარებით მაღალი ხელფასები. თავად ამ ოლიგოპოლიურ  კომპანიებშიც არათანაბრად არის ხელფასები განაწილებული.

მაგალითად ბანკებში ტოპ მენეჯმენტის შემთხვევაში წლიური ხელფასის  შემთხვევაში მილიონებზეა საუბარი, მაშინ როდესაც ფრონტის თანამშრომლებს ძალიან მცირე ხელფასები აქვთ, ამიტომ ასეთი ძალიან დიდი უთანაბრობა  მაღალი დონის მენეჯერებსა და ქვედა რგოლის მენეჯერებს  შორის იწვევს იმას, რომ საშუალო  ხელფასი  ძალიან მაღალ დონეზე  გვეჩვენება და ეს რეალობას არ ასახავს“ - აღნიშნა თენგიზ თაქთაქიშვილმა.

თენგიზ თაქთაქიშვილი აღნიშნავს, რომ მედიანური ხელფასის დაბალი მაჩვენებელი აჩვენებს იმას, რომ საქართველოში არ  ხდება ინკლუზიურ ეკონომიკური ზრდა, რაც საქართველოს მსგავსი ქვეყნებისთვის არის  დამახასიათებელი.

„ეკონომიკური ზრდა  გვაქვს და  ეს ყველანაირი  მაჩვენებლით  აისახება, უბრალოდ  პრობლემა არის ის, რომ  ამ ეკონომიკური ზრდით  უფრო  მეტად  სარგებლობენ  მოსახლეობის უფრო  მაღალი  ფენები, ვიდრე  დაბალი ფენები. ერთ-ერთი მიზეზი, რის  გამოც დღეს გვაქვს  ძალიან მაღალი ემიგრაციის  მაჩვენებელი და  გასულ  წელს 100 000 ადამიანი გახდა  ემიგრანტი, არის ის რომ ქვედა  რგოლში  მომუშავე  ადამიანების ხელფასები  არ იზრდება იმისა მიუხედავადაც კი, რომ ამ კომპანიების  შემოსავლები და მოგება იზრდება.“ - აღნიშნა თენგიზ თაქთაქიშვილმა.

თაქთაქიშვილმა  ქალაქსა  და რეგიონებს  შორის  სახელფასო სხვაობაზეც ისაუბრა და განმარტა, რომ ქალაქსა და  რეგიონს  შორის ერთსა და იმავე  შრომაში  გადახდილ ხელფასს შორის სხვაობა  საკმაოდ დიდია და ის ციფრები, რასაც საქსტატი საშუალო ხელფასზე ამბობს კიდევ  უფრო არარელევანტური ხდება, იმიტომ რომ რეალობას ვერ  ასახავს.

რა უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ტოპ  მენეჯმენტსა და დაბალი  რგოლის თანამშრომლებს შორის  ეს  რეალობა შეიცვალოს, თენგიზ  თაქთაქიშვილი  სხვა  ქვეყნების  გამოცდილებაზე  დაყრდნობით  აღნიშნავს, რომ  ეკონომიკაში  ხელფასების  ზრდის  ერთ-ერთ გზა  ძლიერი  პროფესიული  კავშირებია.

„ეს პროფესიული კავშირები  როცა  ძლიერია კარგია, ისინი  ყოველთვის  ცდილობენ  რომ  დასაქმების ღირსეული პირობები  შექმნან. სუპერმარკეტების  მაგალითზე ძალიან ბევრგან ღირსეულ პირობებზე  საუბარიც კი არ  არის,  რადგან მუშაობენ ზეგანაკვეთურზე, რომელიც  არ  უნაზღაურდებათ,  აქვთ დაბალი ხელფასი, აკეთებენ სამუშაოს რომელიც არ ევალებათ და არც  უნაზღაურდებათ. როდესაც  არსებობს  ძლიერი პროფკავშირი ეს ასე  არ  ხდება, თუ მოთხოვნა არ  წამოვიდა ხელფასის  გაზრდაზე, ბიზნესს სტიმული არასდროს არ ექნება, რომ ადგეს და თქვას, რომ დასაქმებულებს უზრდის ხელფასს.

კადრების დეფიციტი  დიდი ხანია გვაქვს, მაგრამ სამწუხაროდ აჩვენებს, რომ ეს ბიზნესისთვის სტიმული არ  არის,  კადრების  დეფიციტზე საუბრობს ბევრი კომპანია, მაგრამ ქვედა  რგოლში დასაქმებულთა ანაზღაურება  არ  იზრდება. ეს  გამოწვეულია იმით, რომ ადამიანთა  დიდი ნაწილი ჯერ კიდევ უმუშევარია და თანხმდებიან დაბალ  ანაზღაურებას და  ამით ბიზნესი სარგებლობს“ - აღნიშნა თენგიზ თაქთაქიშვილმა.