საქართველოში მიღებულმა საკანონმდებლო ცვლილებების ერთობლიობამ, რომლებიც არაკომერციული და სამოქალაქო ორგანიზაციების (NGO) საქმიანობასა და უცხოურ გრანტებზე წვდომას ზღუდავს, მკვეთრად შეცვალა სექტორის საოპერაციო გარემო. ამ საკითხზე დისკუსია ძირითადად პოლიტიკურ და დემოკრატიულ ჭრილში მიმდინარეობს, თუმცა ეკონომიკური შედეგები ნაკლებად გააზრებულია. მაშინ, როდესაც მათი გავლენა შეიძლება სისტემური და გრძელვადიანი აღმოჩნდეს. ეს საკითხი კიდევ ერთხელ გააქტიურდა უახლესი რეგულაციით, ის საზღვრებს კიდევ აფართოებს. თუმცა ამ ბლოგში უკვე დამდგარი შედეგის შეფასებაზე ვკონცენტრირდეთ.
ბლოგით ვეცდები ყურადღება მივაპყრო მარტივ, თუმცა არსებით კითხვას: რა ეკონომიკურ ფასს იხდის საქართველოს ეკონომიკა “NGO” სექტორის იძულებითი ფინანსური “დიეტისთვის”?
ვის შეეხება ეს პირდაპირ და ვის ირიბად, ამ სექტორს მიღმა? მოსაზრებები ემყარება ფაქტებს და ეკონომიკურ ლოგიკას და სუბიექტურ მოსაზრებას გამოხატავს. თქვენს ვერსიებზე თუ დაფიქრდებით და მსჯელობას გააუმჯობესებთ, ბევრად უკეთესი იქნება.
სამოქალაქო სექტორი როგორც ეკონომიკური სუბიექტი და არა როგორც „დანამატი“
არაკომერციული ორგანიზაციები(ც) სრულფასოვანი ეკონომიკური სუბიექტები არიან. ისინი ჩვეულებრივად ასაქმებენ ათიათასობით ადამიანს, იხდიან ხელფასებს, ქირაობენ ოფისებს, ყიდულობენ მომსახურებებს, იხდიან გადასახადებს და რაც მთავარია, ქვეყანაში შემოაქვთ უცხოური ფინანსური რესურსი. საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის (საქსტატი) მიხედვით, 2024 წელს:
არაკომერციული ინსტიტუტების მიერ შექმნილი დოვლათის ღირებულება შეადგენდა 2.72 მილიარდ ლარს
სექტორში დასაქმებულთა რაოდენობა დაახლოებით 62,500 ადამიანი იყო
შესაბამისად, რეგულაციების გამკაცრებისა და ახალი „სანებართვო“ რეჟიმის პირობებში ჩნდება რამდენიმე ძირითადი ეკონომიკური რისკი.
ა) პირდაპირი ეფექტი, შიდა მოთხოვნის შემცირება
როცა ორგანიზაციები ამცირებენ ან წყვეტენ საქმიანობას, ძირითადად დაუყოვნებლივ იკლებს ხელფასები, წყდება კონტრაქტები ადგილობრივ კომპანიებთან, მცირდება მომსახურებების, IT, ლოჯისტიკის, რეგიონული აქტივობები, გადაადგილება და შიდა გადაზიდვები. რაც შიდა მოთხოვნის პირდაპირ შემცირებას ნიშნავს.
ბ) არაპირდაპირი ეფექტი, მულტიპლიკატორის გაქრობა
არასამთავრობო სექტორის თანამშრომლები, ისევე როგორც სხვა დასაქმებულები, თავიანთ შემოსავალს ძირითადად ადგილობრივ ეკონომიკაში ხარჯავენ; საკვებზე, კომუნალურებზე, ტრანსპორტზე, განათლებაზე, საბანკო სერვისებზე, საჩუქრებზე და დასვენებაზე.
შესაბამისად, შემოსავლის დაკარგვა მყისიერად ამცირებს მეორად და მესამეულ მოთხოვნას, ხოლო საშუალო ვადაში, პირველადი მოხმარების დონესაც. ეს ეფექტი განსაკუთრებით საგანგაშოა მცირე და ღია ეკონომიკებში, სადაც მომსახურებების მულტიპლიკატორი შედარებით მაღალია. მოთხოვნის შემცირება მხოლოდ მოცულობას არ ეხება, ის ცვლის მოხმარების სტრუქტურას: მცირდება ხარისხზე, განათლებაზე და ჯანმრთელობაზე გაწეული ხარჯები, რაც უარყოფითად აისახება შრომის პროდუქტიულობასა და ეფექტურობაზე.
ეკონომიკაში ეს მექანიზმი მომხმარებელთა განწყობის (consumer confidence) ტერმინითაა ცნობილი, რაც შემცირების კონტექსტში განიხილება როდესაც გაურკვევლობა და შემოსავლების არასტაბილურობა იწვევს და აძლიერებს სიფრთხილეს, რაც იწვევს ქცევის კორექციას რაც უფრო მეტად ამცირებს შიდა მოთხოვნას.
გ) ინსტიტუციური ეფექტი, რისკის პრემიების ზრდა
არასამთავრობო სექტორის შეკუმშვა ნიშნავს ნაკლებ ანალიტიკას და მონიტორინგს, ნაკლებ უკუკავშირსა და გამჭვირვალობას. იმ მექანიზმების მოშლას, რომლებიც დემოკრატიულ და ეკონომიკურ სისტემებში გადაწყვეტილებების ხარისხისა და კორუფციის რისკების აკონტროლებს. ინსტიტუციური ბალანსის მოშლა ზრდის გაურკვევლობას და ამცირებს ნდობას, რაც საბოლოოდ უარყოფითად აისახება საინვესტიციო გარემოსა და ქვეყნის რისკის აღქმაზე.
“Et tu, Brute?” ბუნებრივად ჩნდება ეს უკვე დასმული კითხვა, ალეგორიულ ფორმატში. ისევე როგორც იულიუს კეისრისთვის შემზარავი არა თავად თავდასხმა, არამედ შეთქმულებაში ბრუტუსის თანამონაწილეობის დანახვა იყო. ინსტიტუციებისთვის ყველაზე საზიანო ხშირად არა გარე კრიტიკა, არამედ საკუთარი დამაბალანსებელი სტრუქტურების დაკარგვაა.
დ) დასაქმება და „ჩუმი“ ფისკალური ეფექტი
არასამთავრობო სექტორი ერთ-ერთი ყველაზე მოწესრიგებული და ფორმალიზებული დამსაქმებელია სადაც დასაქმება გამართული შრომითი ხელშეკრულებებით და სრული ღირებულებითი ჯაჭვით არის წარმოდგენილ-რეგულირებული , დროულად ჩარიცხული ანაზღაურება, დაზღვევა, საშემოსავლო გადასახადი (იშვიათი გამონაკლისების გარდა), არაპირდაპირი გადასახადები — დღგ და აქციზი, მონაწილეობა საპენსიო პროგრამაში და საბანკო სერვისებით აქტიური სარგებლობა. ამ სამუშაო ადგილების დაკარგვა, ავტომატურად ამცირებს ბიუჯეტის შემოსავლებს, ზრდის არაფორმალური დასაქმების რისკს, ამცირებს საშუალო კლასს და ზრდის საბანკო ვალდებულებების მომსახურების რისკებს.
ეს ყველაფერი არა ერთეულების ერთჯერადი ტრაგედია, არამედ ეკონომიკის სტრუქტურული და სისტემური პრობლემაა.
რიცხვებში გამოხატული რეალობა, მცირე მასშტაბი, მაგრამ მნიშვნელოვანი სიგნალი, ანუ “საჯარო” სექტორის “წმენდის” ეკონომიკური ეფექტი.
2024 წლის ბოლოს დაახლოებით 700 საჯარო მოხელის გათავისუფლება უკვე დადასტურებული ფაქტია. ერთი შეხედვით რაოდენობრივად ეს მცირე მაჩვენებელია, თუმცა მნიშვნელოვანი არა რაოდენობა, არამედ ხარისხია. საუბარია მაღალკვალიფიციურ, მრავალწლიანი სტაჟის მქონე პროფესიონალ კადრებზე. თამამად და გადაჭარბების გარეშე, ეს 700 საჯარო მოხელე, 300 არაგველის გმირობას შეედრება, დროში და ბრძოლის ველში განსხვავებულ გარემოებებში; თუმცა იდენტური საწყისით და მიზნით გამოწვეული თავგანწირვით, ქვეყნის კეთილდღეობისთვის გაწეული გამართლებული და გათვლილი რისკია. მათი გადაწყვეტილება მაღალი პროფესიული და მორალური სტანდარტის დემონსტრაცია და სამოქალაქო პასუხისმგებლობის აქტია.
შედეგად, ქვეყანამ დიდი ზარალი მიიღო, რაც მოკლევადიან ჭრილში შედარებით ადვილადაა დათვლადი. თუ კონსერვატიულ დაშვებად ავიღებთ მაღალკვალიფიციური კადრების საშუალო ანაზღაურებას 3,500 ლარის ოდენობით, წლიური დაკარგული სახელფასო ფონდი 29.4 მილიონ ლარს მიაღწევს, ხოლო ბიუჯეტის დაკარგული საშემოსავლო გადასახადი 5.9 მილიონ ლარს. საჯარო სექტორის შიგნით ეს დასაქმების მხოლოდ 0.2–0.25%-ია, თუმცა ზარალი კონცენტრირებულია სისტემურად კრიტიკულ სეგმენტში, რაც მის ეფექტს არაპროპორციულად ზრდის. ყველაზე კვალიფიციური და პრინციპული კადრების გადინება ნებისმიერი ქვეყნისთვის მძიმე დანაკარგია; საქართველოს შემთხვევაში ეს ფაქტობრივი გამოფიტვა და ინსტიტუციური ეროზიაა.
NPL (ვადაგადაცილებული სესხები) და ზემოქმედება ეკონომიკაზე
არასამთავრობო სექტორის მოწესრიგებული დასაქმება, დოკუმენტირებული და პროგნოზირებადი შემოსავალი, ოდესღაც საბანკო რესურსების — იპოთეკური და სამომხმარებლო სესხები, საკრედიტო ბარათები, განვადებები და ა.შ., მოზიდვის დადებითი ინსტრუმენტი იყო. ახლა კი ეს საფინანსო და საბანკო სექტორის გამოწვევა და პოტენციური წნეხია. შემოსავლის მოულოდნელი დაკარგვა აუარესებს სესხის მომსახურების შესაძლებლობა და ზრდის დეფოლტის რისკს. ცალკე აღებული შემთხვევა შეიძლება ინდივიდუალური ტრაგედია იყოს, თუმცა მასშტაბში მსგავსი შოკები ზრდის ვადაგადაცილებულ სესხებს (NPL) და საბანკო რისკს.
ფინანსური ანგარიშგების წესების (IFRS 9) მიხედვით, ეს ბანკებისათვის ნიშნავს გაზრდილ რეზერვებს და საკრედიტო პორტფელის ხარისხის შესაძლო გაუარესებას, რაც საბოლოოდ საბოლოდ უფრო ძვირი და ნაკლებად ხელმისაწვდომი კრედიტის სახით, ისევ მომხმარებლებს უბრუნდება. ის რაც ინდივიდუალურ დონეზე შეუმჩნეველი შეიძლება ჩანდეს, სისტემურ მასშტაბში ფინანსური სტაბილურობის რისკად გარდაიქმნება და ყველას ეხება.
გავლენა GDP-ზე, მცირე პროცენტი, დიდი შედეგი
ფორმალურად, არაკომერციული სექტორი, კვალიფიციური და პროფესიონალ საჯარო მოხელეებთან ერთად, შეიძლება მშპ-ს მხოლოდ 2–3%-ს წარმოადგენდეს, თუმცა რეალური გავლენა მეტია, რადგან დაფინანსება რაც გარე წყაროებიდან მოდიოდა, შიდა ხარჯვაზე აისახებოდა. ამიტომ არასამთავრობო და სამოქალაქო სექტორის სწრაფი და იძულებითი “აორთქლება”, პირდაპირ მოქმედებს ეკონომიკაზე დამატებითი მუხრუჭის ეფექტით, ეს პერმანენტული და არა დროებითი პრობლემაა.
განმარტება
ამ ბლოგით არ გამოვხატავ პოლიტიკურ პოზიციას და არც ახალ „ჭეშმარიტებას“. მიზანი ფაქტებზე დაფუძნებული ანალიზის გამოწვევაა. შესაძლოა, ეს სეგმენტი ყველასთვის მისაღები არაა, თუმცა, სურვილის მიუხედავად, მისი მოულოდნელი და სისტემური გაქრობა მცირე და განვითარებად ეკონომიკაში, პირდაპირ აისახება ქვეყნის მომავალზე. ეკონომიკაში მიღებული ინსტიტუციური გადაწყვეტილებები ყოველთვის ტოვებს ფინანსურ კვალს, ხშირად დაგვიანებით, მაგრამ სისტემურად და გარდაუვალად. როდესაც ათიათასობით კვალიფიციური დასაქმებული მყისიერად და სტრუქტურულად ქრება, შედეგი ადვილად განჭვრეტადია. ეს შედეგი ეკონომიკურ ზრდაზე, ბიუჯეტზე, ფინანსურ სტაბილურობაზე, ცხოვრების ხარისხსა და საზოგადოებრივ განწყობაზე აისახება.
P.S.
გლობალური ბედნიერების ანგარიშის მიხედვით საქართველო 147 ქვეყანას შორის 91-ე ადგილზეა. მნიშვნელოვნად ჩამორჩება ევროკავშირის და პოსტ-საბჭოთა, მეზობელ სახელმწიფოებს. ეს მონაცემი მიუთითებს, რომ პრობლემა არა ეკონომიკური ზრდის ტემპში კი არა, არამედ იმაშია, თუ როგორ აღიქვამენ მოქალაქეები საკუთარი ცხოვრების ხარისხს.
ასეთი შეზღუდვებით გამოწვეული ცვლილებები ვერ გააუმჯობესებს ამ აღქმას და ვერც ცხოვრების დონეს, ასე მოქალაქეები ბედნიერები და პროდუქტიულები ვერ გახდებიან.