საქართველო ირანში 10-ჯერ მეტ პროდუქციას ყიდულობს, ვიდრე ისრაელში. ექსპორტის ნაწილში კი ისრაელის მაჩვენებელი ირანისას 5 მლნ დოლარით აღემატება - ამაზე მიუთითებს საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემები.

უფრო კონკრეტულად, 2025 წლის იანვარ-აპრილში საქართველოდან ისრაელში ექსპორტზე გავიდა 17.061 მლნ დოლარის ღირებულების პროდუქცია, ირანში კი 11.787 მლნ დოლარის. რაც შეეხება იმპორტს, საანგარიშო პერიოდში ირანიდან საქართველოში 83.291 მლნ დოლარის პროდუქცია შემოვიდა, ისრაელიდან კი მხოლოდ 8.822 მლნ დოლარის.

Top-5 პროდუქტი, რომელიც საქართველომ წელს ისრაელში იყიდა:

  • ნავთობი და ნავთობპროდუქტები - 1.882 მლნ დოლარი
  • ზედაპირულად აქტიური ორგანული ნივთიერებები; სარეცხი და საწმენდი საშუალებები - 825.5 ათასი დოლარი
  • კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები - 629 ათასი დოლარი
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი - 504.3 ათასი დოლარი
  • ნაწილები განკუთვნილი ტელე-რადიო აპარატურისათვის - 473 ათასი დოლარი

Top-5 პროდუქტი, რომელიც საქართველომ წელს ისრაელში გაყიდა: (ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით)

  • სასუქები მინერალური ან ქიმიური, აზოტოვანი - 1.829 მლნ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 1.653 მლნ დოლარი
  • ყავის, ჩაის ან მატეს ექსტრაქტები, ესენციები და კონცენტრატები - 1.065 მლნ დოლარი
  • აპარატურა გადამცემი რადიოსატელეფონო, რადიომაუწყებლობისა და ტელევიზიისათვის - 898 ათასი დოლარი
  • ფეროშენადნობები - 858.6 ათასი დოლარი

საქართველო ირანში 10-ჯერ მეტ პროდუქციას ყიდულობს, ვიდრე ისრაელში

Top-5 პროდუქტი, რომელიც საქართველომ წელს ირანში იყიდა:

  • წნელები ნახშირბადიანი ფოლადისაგან, შემდგომი დამუშავების გარეშე - 8.267 მლნ დოლარი
  • მოსაპირკეთებელი ფილები კერამიკული, მოუჭიქურებელი - 7.468 მლნ დოლარი
  • პოლიმერები ეთილენისა, პირველადი ფორმებით - 6.464 მლნ დოლარი
  • ნახშირბადიანი ფოლადი სხმულებში ან სხვა პირველად ფორმებში - 4.635 მლნ დოლარი
  • კუთხოვანები, ფასონური და სპეციალური პროფილები ნახშირბადიანი ფოლადისაგან - 4.629 მლნ დოლარი

Top-5 პროდუქტი, რომელიც საქართველომ წელს ირანში გაყიდა: (ექსპორტი რეექსპორტის ჩათვლით)

  • ხე-ტყის მასალა, გასწვრივ დახერხილი ან დაპობილი, სისქით 6 მმ-ზე მეტი - 3.060 მლნ დოლარი
  • მანგანუმის ოქსიდები - 2.580 მლნ დოლარი
  • თხილი და სხვა კაკალი - 1.163 მლნ დოლარი
  • მისაბმელები, ნახევრადმისაბმელები და სხვა; მათი ნაწილები - 905.4 ათასი დოლარი
  • ხორცი ცხვრის ან თხის, ახალი, გაცივებული ან გაყინული - 729.2 ათასი დოლარი

ცნობისათვის, 12 ივნისს, გვიან ღამით ისრაელმა ირანში ბირთვულ და სამხედრო ობიექტებს დაარტყა. ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ისრაელის მიერ ირანზე განხორციელებული დარტყმების შედეგად დაიღუპნენ ირანის არმიის შტაბის უფროსი, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსის (IRGC) მეთაური და ირანის საგანგებო სიტუაციების სარდლობის სარდალი. საპასუხოდ, ირანმა ისრაელის ტერიტორიის მიმართულებით 100-მდე დრონი გაუშვა.

აღსანიშნავია, რომ ამ თავდასხმების გამო საჰაერო სივრცე დახურა როგორც ისრაელმა, ასევე ირანმაც. დღეს დილით, ანალოგიური გადაწყვეტილება იორდანიამაც მიიღო.

თავდასხმების გამო, უმსხვილესმა ავიაკომპანიებმა ფრენები გააუქმეს ირანში, ისრაელში, ერაყში, იორდანიასა და ლიბანში. ფრენები შეაჩერეს - Emirates airline-მა, Etihad Airways-მა და flydubai-მ.

წყარო: bpn.ge