გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ჩინეთის ბიზნესდელეგაციის წევრებს შეხვდა.
დელეგაციას, რომლის შემადგენლობაშიც ჩინეთის ერთ-ერთი მსხვილი ღვინის სადისტრიბუციო კომპანიის „ლიქუან ვაინი“ (Liquan Wine) წარმომადგენლები შედიოდნენ, ჩინეთში მცხოვრები ბიზნესმენი, საქართველოს მოქალაქე სანდრო ბერიძე (ისიაო ძუნი) ხელმძღვანელობდა.
მინისტრმა მადლობა გადაუხადა ბიზნესსექტორის წევრებს ქართული ღვინით დაინტერესებისთვის და ყურადღება მეღვინეობა-მევენახეობის სექტორის განვითარების სახელმწიფო ხელშემწყობ პროგრამებზე გაამახვილა.
„ღვინის სექტორის მხარდაჭერა და განვითარება საქართველოს მთავრობის ერთ-ერთ პრიორიტეტულ მიმართულებას წარმოადგენს. მოგეხსენებათ, ღვინო ქართული იდენტობის ნაწილია, შესაბამისად, ქართული ღვინის მიმართ გამოხატული ინტერესი განსაკუთრებული მნიშვნელობის მატარებელია. მზად ვართ სრული მხარდაჭერისთვის“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
როგორც შეხვედრაზე სანდრო ბერიძემ აღნიშნა, კომპანია „ლიქუან ვაინი“ ევროპის ქვეყნებიდან ჩინეთის ბაზარზე ღვინის ერთ-ერთ უმსხვილეს იმპორტიორს წარმოადგენს. დღეისათვის, ქართული ღვინო განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს ჩინეთის ბაზარზე, რამაც ღვინის მიწოდების ზრდის მოთხოვნა გააჩინა. კომპანია „ლიქუან ვაინი“ დაინტერესებულია, ქართული ღვინო საკუთარი პორტფელის მნიშვნელოვანი ნაწილი გახადოს.
აღსანიშნავია, რომ „ლიქუან ვაინი“ მაღალი რეპუტაციის მქონე კომპანიაა, რომელსაც დასაქმებული ჰყავს 600-ზე მეტი თანამშრომელი, 128 სერტიფიცირებული დეგუსტატორი და წელიწადში 12 მილიონ ბოთლზე მეტ ღვინოს ყიდის.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში გამართულ შეხვედრას მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე ლევან მეხუზლა და სამინისტროს შესაბამისი უწყების ხელმძღვანელი პირები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს