გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი ევროპასა და ცენტრალურ აზიაში გაეროს რეგიონულ დირექტორს გვი იოპ სონს შეხვდა. მხარეებმა საქართველოსთვის გაეროს მდგრადი განვითარების თანამშრომლობის ჩარჩო დოკუმენტის შექმნაზე იმსჯელეს. დოკუმენტი 2026-2030 წლებში ერთობლივი თანამშრომლობის სტრატეგიულ მიმართულებებს განსაზღვრავს. მინისტრმა გამოხატა მზადყოფნა აღნიშნულ დოკუმენტზე მუშაობის პროცესში სამინისტროს ჩართულობასთან დაკავშირებით.
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა დავით სონღულაშვილმა გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისს მრავალწლიანი და ნაყოფიერი პარტნიორობისთვის მადლობა გადაუხადა.
„გაერო მხარს უჭერს ჩვენი ქვეყნის სოფლის მეურნეობის და გარემოს დაცვის მდგრად განვითარებას. შეხვედრა კიდევ ერთხელ ადასტურებს ჩვენ მზადყოფნას, უფრო გავაღრმავოთ სტრატეგიული პარტნიორობა და შევქმნათ თანამშრომლობის ახალი შესაძლებლობები“, - განაცხადა დავით სონღულაშვილმა.
გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისის რეგიონულმა დირექტორმა გვი იოპ სონიმ ყურადღება გაამახვილა ნახშირბადის ემისიების შემცირების მნიშვნელობაზე და კლიმატის ცვლილების კუთხით შესაძლო თანამშრომლობაზე.
„აღსანიშნავია, რომ საქართველოს სასოფლო-სამეურნეო პოტენციალი დიდია. გაერო მზად არის გააგრძელოს მხარდაჭერა საქართველოს როგორც გარემოს დაცვის, ასევე, სოფლის მეურნეობის მდგრადი განვითარებისთვის“, - განაცხადა გვი იოპ სონიმ.
შეხვედრას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე ლაშა დოლიძე, სამინისტროს სისტემაში შემავალი სამსახურების და გაეროს განვითარების თანამშრომლობის ოფისის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს