დღეიდან საპენსიო აქტივების ინვესტირება 3 განსხვავებული რისკიანობისა და მოსალოდნელი შემოსავლიანობის მქონე საინვესტიციო პორტფელში იქნება შესაძლებელი.  

დღემდე საპენსიო დანაზოგების ინვესტირება მხოლოდ ნაკლებადრისკიან საინვესტიციო პორტფელში ხორციელდებოდა, ამიერიდან კი შემოდის საშუალო და მაღალრისკიანი პორტფელების ცნება. მოქალაქეებს თავად შეეძლებათ აირჩიონ, რომელ პორტფელში სურთ საკუთარი საპენსიო დანაზოგების ინვესტირება.

რა იცვლება?

დღეიდან საპენსიო სქემის მონაწილეებს ეძლევათ 1 თვიანი ვადა (6 სექტემბრის ჩათვლით), რა დროსაც მათ თავად შეეძლებათ აირჩიონ რომელ პორტფელში მოხდება მათი საპენსიო დანაზოგების ინვესტირება, ხოლო ის მოქალაქეები, რომლებიც თავად არ აირჩევენ სასურველ პორტფელს, ავტომატურად გადანაწილდებიან სხვადასხვა პორტფელში, ასაკის შესაბამისად. კერძოდ: 

• 40 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები გადანაწილდება მზარდ (მაღალრისკიან) საინვესტიციო პორტფელში; 

• 40 წლიდან 50 წლამდე მონაწილის საპენსიო აქტივები - შერეულ (საშუალორისკიან) საინვესტიციო პორტფელში; 

• ხოლო 50 ან 50-ზე მეტი წლის მონაწილის საპენსიო აქტივები - სტაბილურ (ნაკლებადრისკიან) საინვესტიციო პორტფელში.

საინვესტიციო პორტფელის არჩევა მონაწილეს მისი პირადი ელექტრონული გვერდიდან შეუძლია (my.pensions.ge), ასევე შესაძლებელია მონაწილემ ეს არჩევანი იუსტიციის სახლებიდან ან საპენსიო სააგენტოს ოფისიდან განახორციელოს. მონაწილეს საინვესტიციო პორტფელზე არჩევანის გაკეთება 12 თვეში ერთხელ შეეძლება.

მთავარი სხვაობა ამ პორტფელებს შორის აქტივების გადანაწილებაა, რაც, თავის მხრივ, გრძელ ვადაში განსხვავებულ მომგებიანობასა და რისკიანობასთანაა დაკავშირებული.

ნაკლებადრისკიან პორტფელში დაგროვებული დანაზოგები ინვესტირდება საპროცენტო ინსტრუმენტებში, როგორებიცაა საბანკო ანაბრები და ობლიგაციები. იმის გამო, რომ ინვესტიციების უმეტესობა საპროცენტო ინსტრუმენტებში ხდება, ეს პორტფელი სტაბილური მომგებიანობით და შედარებით ნაკლები რისკით ხასიათდება.

მაღალრისკიან პორტფელში დაგროვებული დანაზოგები, განსხვავებით ნაკლებად-რისკიანისგან, უმეტესად ინვესტირდება უცხოურ ვალუტაში და გლობალურ აქციებში. ეს პორტფელი გრძელ ვადაში ხასიათდება მაღალი, მზარდი მომგებიანობით, თუმცა აქციების ფასის შესაძლო მერყეობის გამო, ამ პორტფელს თან ახლავს შედარებით მაღალი რისკიც.

საშუალორისკიანი პორტფელი ამ ორი პორტფელის ნაზავია, შესაბამისად მას შერეული პორტფელი შეგვიძლია ვუწოდოთ. 

სპეციალისტები ცვლილების შესახებ

საპენსიო სააგენტოს ყოფილი ხელმძღვანელი, ფინანსისტი ლევან სურგულაძე ამბობს, რომ საპენსიო ფონდის თანხების საშუალებით სხვადასხვა რისკის პროფილის და სხვადასხვა მოსალოდნელი ამონაგების (ან დანაკარგის) მქონე პორტფელების შეთავაზება საპენსიო სქემის მონაწილეთათვის არის საერთაშორისოდ მიღებული პრაქტიკა, თუმცა, საპენსიო სააგენტო მზად არ არის ამ დონის რისკიანობის პორტფელები შესთავაზოს მოსახლეობას, რადგანაც არ არსებობს რისკების საზომი. 

„ამ ეტაპზე, სრულიად გაუგებარია რას უწოდებს საპენსიო სააგენტო „დაბალრისკიან“ ან „საშუალორისკიან“ ან„მაღალრისკიან“ პორტფელებს, როგორ და რა ერთეულებში ზომავს რისკს როგორც თითოეული საინვესტიციო ინსტრუმენტისთვის, ისე კონკრეტული პორტფელისთვის და როგორ ადგენს კონკრეტული პორტფელის რისკის პროფილს. რომ გვეუბნებით მაღალ რისკიანი, დაბალრისკიანი - ვერ გვეუბნებით რა ერთეულებში იზომება რისკი (კილოგრამებში? მეტრებში?...) და რამდენია მაღალი რისკი და დაბალი რისკი“, - აღნიშნავს ლევან სურგულაძე.

ეკონომისტი სოსო ბერიკაშვილი ერთ-ერთ პრობლემად იმას მიიჩნევს, რომ შეგროვებული თანხა შესაძლოა ხელისუფლებამ იმ პროექტებში გამოიყენოს რომლებიც მათ სურთ.

„მთავარი ამბავი ისევ ის არის, რამდენად ეცდება და რამდენად შეძლებს ხელისუფლება საპენსიო ფონდს დააფინანსებინოს ისეთი პროექტები რომლებიც რეალურად არ უნდა დააფინანსებინოს, მაგალითად შეიძლება ეს იყოს ანაკლია. კანონი იცავს საპენსიო ფონდს, მაგრამ შეუძლიათ რომ კანონი შეცვალონ და ეს არის ცუდი“, - ამბობს სოსო ბერიკაშვილი.

ეკონომისტი გიორგი ხიშტოვანი განმარტავს, რომ ეს საერთაშორისო პრაქტიკაა და ის ტვირთი რაც ჰქონდა საპენსიო სააგენტოს, რომ მას გარანტირებულად უნდა მოეტანა სარგებელი მოქალაქისთვის, ახლა ხდება ამ ტვირთის გადანაწილება მოქალაქეზეც.

„თანამონაწილე ხდება დამზოგველი რისკის თანაბრად აღების პროცესში. თუ მან ვერ შეარჩია სწორი სტრატეგია ან მისმა სტრატეგიამ სწორი შედეგი ვერ გამოიღო, შესაძლოა მან სარგებლის ნაცვლად მიიღოს დანაკარგი. ანუ, მისი დაგროვილი თანხა შესაძლოა არ გაიზარდოს და პირიქით შემცირდეს. ის ტვირთი რაც ჰქონდა საპენსიო სააგენტოს, რომ მას გარანტირებულად უნდა მოეტანა სარგებელი მოქალაქისთვის, ახლა ხდება ამ ტვირთის გადანაწილება მოქალაქეზეც“ - ამბობს ხიშტოვანი.