საქართველოში 2022 წელს პირდაპირი უცხოური ინვესტიციების მოცულობა წლიურად 61,1%-ით გაიზარდა და 2 მლრდ აშშ დოლარი შეადგინა. „საქსტატი“ ინვესტიციების ზრდის ძირითად მიზეზად სააქციო კაპიტალის და რეინვესტიციის მაჩვენებლების ზრდას ასახელებს.

რა მთავარი გამოწვევების წინაშე დგას დღეს საქართველო და რა მიმართულებებით საჭიროებს განვითარებას, იმისათვის, რომ ქვეყანა ინვესტორებისთვის უფრო მეტად მიმზიდველი გახდეს, ამ თემებზე „კომერსანტთან“ ინვესტორთა საბჭოს სამდივნოს ხელმძღვანელმა გიორგი ჩერქეზიშვილმა ისაუბრა. 

„COVID-19-ით გამოწვეული პანდემიის შემდეგ, 2021 წელს მომზადებული ანგარიშის მიხედვით, ერთ-ერთ მნიშვნელოვან საკითხად კვალიფიციური კადრების თემა გამოიკვეთა. ქვეყანაში მეტი კვალიფიციური კადრის არსებობა, ძლიერი კერძო სექტორის ჩამოყალიბებასა და თავის მხრივ, საქართველოს ეკონომიკის გაძლიერებას შეუწყობს ხელს. 

ინვესტორთა საბჭოს ბოლო სხდომების ფარგლებში, საბჭოს წევრებმა,  საქართველოს გეოპოლიტიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, ხაზი გაუსვეს საქართველოსთვის შუა დერეფნის მნიშვნელობას და აღნიშნული მიმართულებით რესურსების მობილიზებას. 

ინვესტორებისთვის უკეთესი საინვესტიციო გარემოს შესაქმნელად, საჭიროა სხვადასხვა მიმართულებით რეფორმების განხორციელება, მთელი რიგი სერვისების გაციფრულება, სრულიად ახალი სექტორების აღმოჩენა და მათი ხელშეწყობა, ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება, ინვესტორთა საბჭოს საქმიანობა აღნიშნულ საკითხებსაც მოიცავს.

გარდა ამისა, ინვესტორთა საბჭოს წევრების მხრიდან ხაზი ესმება, რომ მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკური პოტენციალის და საინვესტიციო გარემო მიმზიდველობისა, არანაკლები ყურადღება უნდა დაეთმოს ქვეყანაში უკვე არსებული ინვესტორების კმაყოფილების შენარჩუნებასაც. ამ მიმართულებით, ინვესტორთა საბჭო თანამშრომლობს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სააგენტოსთან „აწარმოე საქართველოში“ და აქტიურ მხარდაჭერას უწევს, როგორც საინვესტიციო სტრატეგიის მომზადებაში, ასევე ე.წ. „aftercare“ სისტემის გაუმჯობესებაში“, - აღნიშნა გიორგი ჩერქეზიშვილმა.

    ინვესტორთა საბჭო დაარსდა 2015 წელს, საქართველოს მთავრობასა და ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკს შორის გაფორმებული ურთიერთგაგების მემორანდუმის თანახმად. ინვესტორთა საბჭო უზრუნველყოფს დიალოგის წარმოებას ბიზნესს საზოგადოებას, საერთაშორისო ფინანსურ ინსტიტუტებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის. ინვესტორთა საბჭო ფინანსდება გაერთიანებული სამეფოს კარგი მმართველობის ფონდის მიერ, ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის მეშვეობით და საქართველოს მთავრობის მხარდაჭერით.