იმისთვის, რომ ქვეყანამ სამიზნე ნიშნულს მიაღწიოს, აუცილებელია დენის გენერაციის ობიექტების მშენებლობა-განვითარებაზე მომავალი 6 წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშაოთ, - ამის შესახებ საქართველოს განახლებადი ენერგიის განვითარების ასოციაციის აღმასრულებელმა დირექტორმა, მაია მელიქიძემ „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანულ კანონში შეტანილ ცვლილებებზე კომენტირებისას bpn.ge-სთან განაცხადა.
შეგახსენებთ, პარლამენტმა მესამე მოსმენით მიიღო „ეკონომიკური თავისუფლების შესახებ“ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომლის მიხედვითაც, 2031 წლისთვის საქართველოში განახლებადი ელექტროენერგიის წლიური წარმოება ადგილობრივად მოხმარებულს უნდა აღემატებოდეს.
კითხვაზე, თუ რამდენად რეალურია სამიზნე მაჩვენებლის მიღწევა და რამდენად შესაძლებელია, რომ 2031 წლისთვის განახლებადი წყაროებით გამომუშავებული დენის რაოდენობა მოხმარებას აღემატებოდეს, მელიქიძე პასუხობს, რომ შესაძლებელია. მისი თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ელექტროენერგიის მოხმარება საქართველოში წლიდან წლამდე მზარდია, აუცილებელია, რომ დენის გენერაციის ობიექტების მშენებლობა-განვითარებაზე მომავალი 6 წლის განმავლობაში აქტიურად ვიმუშაოთ იმისთვის, რომ ქვეყანამ სამიზნე ნიშნულს მიაღწიოს.
„ჩვენ აუცილებლად უნდა ვიმუშაოთ გენერაციის ობიექტების სწრაფ აშენებაზე: მზე, ქარი და ჰიდრო. განსაკუთრებული ყურადღება უნდა მივაქციოთ სამივე მიმართულებას, მაგრამ აქვე აღვნიშნავ, რომ ხშირად არის კითხვა, შეიძლება თუ არა ქარმა და მზემ ჩაანაცვლოს ჰიდრო, ვერ ჩაანაცვლებს ვერანაირად, ამიტომ ჩვენ ჰიდროელექტროსადგურები გვჭირდება. ამ სამი რესურსის, მათ შორის ბიომასაც, ათვისებით შევძლებთ, მაგრამ გამომდინარე იქიდან, რომ არ მიმდინარეობს აქტიურად ჰიდროენერგეტიკის მიმართულებით პროექტების მშენებლობა, იმიტომ, რომ ადგილობრივების მხრიდან არის სერიოზული პროტესტი, სერიოზული სამუშაოს გაწევა დაგვჭირდება შემდეგი 6 წლის განმავლობაში იმისთვის, რომ სამიზნე ნიშნული დავაკმაყოფილოთ. წლიდან წლამდე მოხმარების მაჩვენებელი იზრდება და თუ გენერაცია ვერ დავაწიეთ და გავუსწარით, ბუნებრივია, გაგვიჭირდება სამიზნე ნიშნულის მიღწევა“, - განაცხადა მაია მელიქიძემ.
წყარო: bpn.ge