„ქართული ღვინის ადგილი არის დასავლურ ბაზრებზე, რუსული ბაზარი ქართული ღვინის ხარისხს აფუჭებს“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ „გოცირიძის მეღვინეობის“ დამფუძნებელმა ანდრო გოცირიძემ განუცხადა.

მისივე თქმით, ვენახის გაშენებასთან დაკავშირებით შემოღებულ ახალ რეგულაციებთან ერთად, აუცილებელია, გადაიხედოს ყურძნის სუბსიდირების წესიც.

შეგახსენებთ, 2026 წლის 1-ელი მარტიდან კომერციული ვენახის გაშენებაზე ნებართვის აღება იქნება სავალდებულო. კანონში შეტანილი ცვლილებების თანახმად, თუ აქამდე სამეწარმეო ვენახის გაშენებისთვის მხოლოდ ნებადართული ვაზის ჯიშების გამოყენება იყოს საკმარისი, კანონის ამოქმედების შემდეგ, საჭირო იქნება ღვინის ეროვნული სააგენტოს თანხმობაც.

ღვინის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარის, ლევან მეხუზლას განცხადებით, ვენახების გაშენება არ უნდა იყოს სპონტანური. მისივე თქმით, მომავალი წლის რთველზე გაჩნდება ახალი ფასი - ყურძენი, რომელიც იქნება 17%-ზე დაბალი შაქრიანობის, ჩაბარდება გაცილებით იაფად.

ანდრო გოცირიძე „ბიზნესპრესნიუსთან“ ამბობს, რომ დღეს არსებული სუბსიდირების წესი მევენახეს აქცენტს რაოდენობის და არა ხარისხის ზრდაზე აკეთებინებს.

„დასავლური ბაზრები ძალიან მნიშვნელოვანია და მაგ ნაწილში უფრო მეტი ხელშეწყობა სჭირდებათ მცირე მარნებს, რადგან ძირითადად დიდი მარნების პროდუქცია გადის. მცირე მარანს არ აქვს შესაძლებლობა, რომ თავისი საშუალებებით მარკეტინგული კამპანიები წარმართოს იქ. ასე რომ, ამ კუთხით სახელმწიფოს მხრიდან ხელშეწყობა არის მნიშვნელოვანი.

მეორე მხარეა სუბსიდირება, რაც ძირითადად მიმართულია იმაზე, რომ რაოდენობა წახალისდეს ყურძნის. სჯობს ეს თანხები დაიხარჯოს ახალი ბაზრების მოძიებაზე, რაც გაზრდის ღვინის ხარისხს. ხარისხიან ღვინოს მცირე მარნები აწარმოებენ და როდესაც შენ ახალისებ ყურძნის რაოდენობის ზრდას, ბუნებრივია, ხდება არასწორი შეწამვლა, მოსავლის ჭარბი რაოდენობით მოყვანა და შესაბამისად, ხარისხის გაფუჭება. აქედან გამომდინარე, ღვინო ფუჭდება ვენახშივე.

როცა ჩაბარების ფულს გიხდის სახელმწიფო, გამოდის ისე, რომ რაც უფრო მეტს მიიტან, მეტ ფულს აიღებ. შესაბამისად, მეტის მოყვანა ნიშნავს მეტ სასუქს, მეტ ქიმიკატებს, მეტად დაბალ ხარისხს. და ყველაფერი ეს ერთად აღებული ნიშნავს დაბალი ხარისხის ღვინოს. ამის ნაცვლად სჯობს, სუბსიდირება მიემართოს მაღალი ხარიხის ყურძნის წარმოებისკენ და მისთვის ახალი ბაზრების შექმნისკენ. მაგალითად, ორგანული მევენახოების წახალისება, ბიო-ორგანული ქიმიკატების დაფინანსება, ბაზრებისთვის მარკეტინგული სამუშაოების დაფინანსება დასავლეთში იქნებოდა ძალიან კარგი გამოსავალი.

რაოდენობაზე ასეთი აქცენტი იწვევს ქართული ღვინის კომპრომეტაციას საერთაშორისო ბაზრებზე. უხარისხო ღვინო ან დაწუნებული იქნება, ანდაც თუ კლიენტამდე მოხვდა, შესაბამის რეაქციებს გამოიწვევს. ძალიან ბევრი ისეთი ღვინოა ბაზარზე, რომელსაც ღვინოსთან არაფერი საერთო არ აქვს და რა თქმა უნდა, რაც მოგიყევით მსგავსი შემთხვევებიც ყოფილა“, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ.

რაც შეეხება ქართული ღვინის მთავარ იმპორტიორ ქვეყანას - რუსეთს, გოცირიძის თქმით, რუსულ ბაზარზე გადის ყველაფერი, მათ შორის, დაბალი ხარისხიც.

„რა თქმა უნდა, რუსული ბაზრის გახსნა ფინანსურად კარგია, მაგრამ ძალიან ამცირებს ქართული ღვინის ხარისხს. რეალურად, ქართული ღვინის ადგილი არის დასავლურ ბაზრებზე. რუსულ ბაზარზე შედის ყველანაირი ღვინო. ვიცით, რომ იქ კორუფციაცაა და ხარისხსაც მაინცდამაინც დიდ პატივს არ სცემენ. გასაგებია, რომ უარს ვერ ამბობენ, ფინანსურად კარგია. არ მინდა ისე გაიგოს ვინმემ, რომ უარი უნდა ვთქვათ რუსულ ბაზარზე. თუმცა, რუსული ბაზარი არ უნდა იყოს ძირითადი ბაზარი. პირველ რიგში, პოლიტიზირებულია და გვახსოვს, რამდენჯერ აკრძალეს პოლიტიკური მიზნებით რუსებმა. ამით მერე ძალიან ბევრმა იზარალა და ბევრი ვენახიც გაიჩეხა. ამის პარალელურად კი დასავლური ბაზრები მოითხოვს მაღალი ხარისხის ღვინოს. სწორედ ამიტომ სჯობს, აქცენტი იქეთ გავაკეთოთ. იმ მხარის განვითარებაზე უფრო მეტად იზრუნოს სახელმწიფომ“, - განაცხადა ანდრო გოცირიძემ „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას.

წყარო: „ბიზნესპრესნიუსი“