მზის ელექტროსადგურების განვითარების კუთხით, ყველაზე დიდი გამოწვევა არის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ ჩეხური კომპანია Photomate Eurasia-ის ტექნიკურმა დირექტორმა ლევან ბოსტიაშვილმა განუცხადა.
მისი თქმით, კვალიფიციური კადრების პრობლემა შესაძლოა, გაამწვავოს მზის ელექტროსადგურების ნეტო დარიცხვაზე გადასვლამ.
„მზის ელექტროსადგურების განვითარების კუთხით, ყველაზე დიდი გამოწვევა არის კვალიფიციური კადრების ნაკლებობა. არაერთი კურსი შეიქმნა და ხდება კადრების გადამზადება. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს ეფექტურად ხორციელდება, მაგრამ მიწოდება მოთხოვნას ვერ ეწევა. ყველაზე დიდი გამოწვევა არის კადრების ნაკლებობა.
დღეს „ენერგო პროს“ ქსელში ლიმიტი ამოწურულია და ნეტო აღრიცხვიდან გადავდივართ ნეტო დარიცხვაზე. კანონმდებლობაზე სემეკ-ი უკვე მუშაობს და უახლოეს პერიოდში გაგვაცნობენ, რა პირობები იქნება ნეტო დარიცხვის შემთხვევაში.
კადრების დეფიციტის ნაწილში კიდევ ერთ გამოწვევად შეგვიძლია აღვიქვათ ნეტო დარიცხვაზე გადასვლა. როდესაც მემონტაჟე კომპანიებს ტექნოლოგიურად მოუწევს გადაწყობა, აუცილებელი იქნება, რომ სადგურების დიზაინის შემუშავება მაღალი დონის პროექტმენეჯერების და კვალიფიციური ინჟინრების მიერ მოხდეს, რათა სწორად იყოს მორგებული მომხმარებელზე.
ეს მნიშვნელოვანია იქიდან გამომდინარე, რომ ნეტო დარიცხვაზე გადასვლის შემდეგ არ გვექნება საშუალება, რომ ქსელში ზედმეტობით გაცემული ელექტროენერგია შემდგომი თვეების განმავლობაში მომხმარებელმა ელექტროენერგიის სახით დაიბრუნოს - აქედან გამომდინარე აუცილებელია, რომ კვალიფიცირდა მუშახელის მიერ მოხდეს სადგურის სიმძლავრის და მოცულობის შერჩევა“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას ლევან ბოსტიაშივლმა.