„ეს ცუდი არ არის ქართული ბაზრის ხელშეწყობისთვის, მაგრამ მთავარია, ადგილობრივი მეტალურგიის ბიზნესმა ხელოვნურად არ გაზარდოს ფასი, რომ მონოპოლიასავით არ გამოვიდეს“,- ასე ეხმაურება კომპანია „ემ-ქეი დეველოპმენტ გრუპის“ დამფუძნებელი მალხაზ კუნელაური ახალ რეგულაციას, რომლის მიხედვითაც, იმპორტირებული არმატურა, 1 ტონაზე, 420 ლარით დაიბეგრება.

როგორც კუნელაური„ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, როგორც ადგილობრივ, ისე იმპორტირებულ პროდუქციას თანაბარი მოთხოვნა ჰქონდა, თუმცა, ახლა უკვე იქიდან გამომდინარე რომ შემოტანილს უფრო მაღალი ფასი ექნება, სავარაუდოდ, ბიზნესები ქართულ წარმოებაზე გადავლენ.

„ადგილზე წარმოებულ არმატურას ჩვენთან საკმაოდ დიდი მოთხოვნა აქვს. მაგრამ შემოტანილი არმატურაც მოთხოვნადი იყო. უბრალოდ, ამ მხრივ დიდი კონკურენცია აღარ იქნება ალბათ, რადგან საზღვარგარეთიდან შემოტანილი უფრო ძვირი გამოვა. ეს ცუდი არ არის ქართული ბაზრის ხელშეწყობისთვის, მაგრამ მთავარია, ადგილობრივი მეტალურგიის ბიზნესმა ხელოვნურად არ გაზარდოს ფასი, რომ მონოპოლიასავით არ გამოვიდეს. სხვა მხრივ, რუსთავის მეტალურგიის არმატურაც ძალიან კარგია.

რაც შეეხება მშენებლობის ფასს, არ მგონია, აისახოს, იმიტომ, რომ ჩვენ ალტერნატივა ადგილობრივი წარმოების პროდუქციის სახით გვაქვს და რაც მთავარია, იმ რაოდენობით იწარმოება, რომ ბაზარზე არსებული მოთხოვნა დააკმაყოფილოს. მთავარია, ხელოვნურად არ გაზარდონ ღირებულება და იგივე ფასში ვიყიდოთ, როგორც რეგულაციამდე“,- ამბობს მალხაზ კუნელაური.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში იმპორტირებული არმატურა 26%-ით გაძვირდება. ამის მიზეზი მთავრობის ის გადაწყვეტილებაა, რომლის მიხედვითაც, 2025 წლის 25 იანვრიდან იმპორტირებული ერთი ტონა არმატურა 420 ლარით (დღევანდელი კურსით 148 დოლარი) დაიბეგრება.

გადაწყვეტილება ძალაში 7 თვის განმავლობაში, 1-ელ სექტემბრამდე იქნება. 2024 წელს არმატურის იმპორტის ფასი ტონაზე საშუალოდ 570 დოლარს შეადგენდა. დაბეგვრის ახალი წესის ძალაში შესვლის შემდეგ კი, მისი ღირებულება ტონაზე 718 დოლარამდე გაიზრდება.

წყარო: ბიზნესპრესნიუსი