„მსოფლიოში თხილის ძირითადი მომხმარებელი არის ევროკავშირი, ამიტომ ქართული თხილის 80% მიდის სწორედ ევროპის ქვეყნებში. მაგრამ კომპანიები ცდილობენ სხვა ბაზრებზე გასვლასაც - ახლო აღმოსავლეთში, ჩინეთსა და ახლა უკვე ინდოეთში. მაგრამ ამ მიმართულებებით მოთხოვნა ჯერჯერობით იმდენად მცირეა, რომ ძირითად ბაზრად მაინც ევროკავშირი რჩება“, - განაცხადა ლევან ქაჯაიამ.
რაც შეეხება საექსპორტო ფასებს, ქაჯაიას თქმით, მსოფლიოში თხილმა გაძვირება უკვე აპრილიდან დაიწყო.
„მსოფლიოში ფასები აპრილის მერე იზრდება, ამიტომ ეს პროცესი ახლა არ დაწყებულა. კონკრეტულ პროცენტებზე ჯერ არ არის საუბარი. ანალოგიური სიტუაციაა საქართველოშიც, სადაც თხილის ფასს, ისევე, როგორც მთელი მსოფლიო, თურქეთის მოსავლის მიხედვით ადგენს.
ჯერჯერობით თურქეთში თხილის კრეფა ახალი დაწყებულია და ცოტა ადრეც არის საუბარი ფასებზე. ამ ეტაპზე ყველა მოლოდინის რეჟიმშია თურქეთის მოსავალთან დაკავშირებით, ალბათ, აგვისტოს ბოლოსკენ გახდება ფასები ცნობილი“ - განაცხადა ლევან ქაჯაიამ.
ცნობისათვის, თურქეთის მარცვლეულის ასოციაციამ 2025-2026 წლების სეზონისთვის თხილის შესყიდვის ოფიციალური ფასები გამოქვეყნა, რომლის მიხედვითაც, Giresun-ის ხარისხის ღირებულება კილოგრამზე 200 ლირას, ანუ 4.93 დოლარს შეადგენს, ხოლო Levant -ის ხარისხის 1 კგ თხილის ფასი 195 ლირას, ანუ 4.79 დოლარს შეადგენს. ეს კი იმას ნიშნავს, რომ გასულ წელთან შედარებით თხილის ფასმა დაახლოებით 50%-ით მოიმატა. მიზეზად ცუდი მოსავალი სახელდება. მაგალითად, შავი ზღვისპირეთზე, სადაც ტრადიციულად 700 000-800 000 ტონა თხილი მოდის, წელს ეს მაჩვენელეი 400 000 ტონამდე შემცირდა.
რაც შეეხება საქართველოს, თხილის ექსპორტიორთა ასოციაციის პროგნოზით, წელს 55 000 ტონა თხილის მოსავალს ელოდებიან, რაც შარშანდელთან შედარებით დაახლოებით, 10%-ით გაზრდილი მაჩვენებელია.
აღსანიშნავია ისიც, რომ წელს გაზრდილია ექსპორტის მაჩვენებელიც. თუ გასული წლის იანვარ-ივნისში ქვეყნიდან 32.627 მლნ დოლარის ღირებულების 4 586 ტონა ქართული თხილი გავიდა, წელს საანგარიშო პერიოდში ამ მაჩვენებელმა 814 მლნ დოლარი, 6 401 ტონა შეადგინა.
წელს ქართული თხილის მთავარი 5 ექსპორტიორი ქვეყანა იყო:
- ესპანეთი - 9.031 მლნ დოლარი, 1 071 ტონა
- იტალია - 6.810 მლნ დოლარი, 958.5 ტონა
- საფრანგეთი - 4.029 მლნ დოლარი, 496.3 ტონა
- გერმანია - 2.772 მლნ დოლარი, 362.6 ტონა
- მაროკო - 2.235 მლნ დოლარი, 288 ტონა
რაც შეეხება ინდოეთს, წელს ქართული თხილი იქ პირველად გავიდა, თუმცა მცირე რაოდენობით, სელ რაღაც 63.6 ათასი დოლარის ღირებულების 12 ტონა. ჩინეთში კი ექსპორტი არ განხორციელებულა.