სოფლებში მცხოვრებთა რაოდენობა საგრძნობლად შემცირდა. მოსახლეობის აღწერიდან აღწერამდე, ანუ 10 წელიწადში, სოფლებიდან 100 ათასზე მეტი ადამიანი წამოვიდა და მათმა ნაწილმა ან ქალაქებში გადაინაცვლა ანდა საერთოდ ქვეყნა დატოვა. ასეთი ტენდენცია დიდ პრობლემაზე მეტყველებს და პარალელურად სოფლის მეურნეობის განვითარებას დიდად აფერხებს.
საქართველოში 2014 წლიდან 2024 წლამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რაოდენობა 6.3%-ით შემცირდა. ამაზე მიუთითებს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ 2024 წელს ჩატარებული მოსახლეობის აღწერის წინასწარი შედეგები. თუ 2014 წელს ჩატარებული აღწერის მიხედვით სოფლად 1 591 181 ადამიანი ცხოვრობდა, 2024 წელს ეს რაოდენობა 1 490 900-მდე შემცირდა.
აღსანიშნავია, რომ აღწერიდან აღწერამდე სასოფლო დასახლებებში მცხოვრები ადამიანების რიცხოვნობა მხოლოდ თბილისში, მცხეთა-მთიანეთსა და ქვემო ქართლში გაიზარდა, დანარჩენ 8 მუნიციპალიტეტში კი შემცირდა.
სოფლის მეურნეობის სფეროს სპეციალისტები არსებული შედეგის მიზეზებზე საუბრობენ. როგორც პროფესორმა ანზორ მესხიშვილმა განაცხადა, გლეხები საკუთარ პროდუქციას ვერ ყიდიან, რის გამოც ზოგი სოფლიდან ქალაქში გადადის, ზოგი კი ქვეყნიდან მიდის.
"ელემენტარულ მაგალითს გეტყვით, თუ რატომ ტოვებს მოსახლეობა სოფლებს. ახალგაზრდებმა აწარმოეს უდიდესი რაოდენობით ხახვი, მაგრამ ვერ გაყიდეს, რადგან არავინ ჩაიბარა. თურქეთიდან შემოსული პროდუქცია კი დიდი სისწრაფით იყიდება. უფრო იაფი ღირს, ვინაიდან იქ პროტექციონიზმით ვითარდება სოფლის მეურნეობა და მათ უფრო იაფი უჯდება სოფლის მეურნეობის პროდუქციის მოყვანა, ვიდრე ჩვენ. მთელი თბილისი სავსეა სომხური გარგარით, ქართული კი არ იყიდება, რადგან უფრო ძვირი ღირს. იგივე შეიძლება ითქვას მარწყვზეც. ასე რომ, გლეხები, რომელთაც მოჰყავთ პროდუქცია, მოსავალს ვეღარ ყიდიან და ტოვებენ სოფლებს, ზოგი ქალაქში მიდის, ზოგიც საერთოდ ქვეყნიდან.
სოფლები დაცარიელდა, ბევრი სახლი იყიდება. ოზურგეთი უდიდესი რაიონია და სოფელ ცხემლისხიდში ყოველ მეორე სახლს აწერია "იყიდება”. შიდა სოფლები ხომ საოცრად დაცარიელდა. ქვეყანაში 700 სოფელი გაუკაცურდა, 800 სოფელში კი მხოლოდ მოხუცები ცხოვრებენ. საქართველოში სულ იყო 4488 მოქმედი სოფელი, მაგრამ ახლა ბევრგან ფაქტობრივად აღარავინ ცხოვრობს. რაჭაში 77 ათასი ადამიანია ცხოვრობდა და ახლა 22 ათასი მოსახლე ჰყავს. ზაფხულობით რომ ჩადიან სოფლებში, საკუთარ სახლებში მგლები ხვდებათ”, - განაცხადა მესხიშვილმა და დასძინა, რომ სოფელს, რომელსაც არ აქვს სკოლა, ბაღი, საავადმყოფო, აფთიაქი, გზა, წყალი და სხვა საჭიროებები, რთულია მოსახლეობის დამაგრება.
იგივე მიზეზით ახსნა პრობლემის არსი სოფლის მეურნეობის სფეროს კიდევ ერთმა სპეციალისტმა.
ჯუმბერ ფანჩულიძის თქმით, საქმე იმდენად მძიმეა, რომ უკვე რთულია მუშახელის მოძიებაც. სოფლებში განსაკუთრებით თვალში საცემია ახალგაზრდების კლება.
"ეს ახალი ამბავი არ არის, დიდი ხნის წინ დაწყებული პრობლემა, რომლის საწყისი პერიოდი არის მიხეილ სააკაშვილის მიერ გამოცემული ბრძანებულება. ექსპორტზე გასული ჩვენი პროდუქცია მოექცა საბაჟო გადასახადში, მაგრამ შემოტანილი პროდუქციაზე ბაჟი მოიხსნა. ეს მოსახლოებას გაუხარდა, რადგან ძალიან დაეცა შემოტანილი საკვების ფასი. სინამდვილეში კი მოხდა ის, რომ თუკი რაიმე უბედურება არსებობდა, ყველაფერი შემოიტანეს. გლეხმა კი, რომელიც ადგილობრივ პროდუქციას აწარმოებდა, მისი ნახევარიც ვეღარ მოიწია. ასე გაგრძელდა ერთი წელი, ორი წელი, ბოლოს ადგა გლეხი და მიწა მიატოვა, წავიდა ქალაქში ანდა ქვეყნის ფარგლებს გარეთ.
სოფლად მიწების 60% არასდროს მუშავდება, ზოგიერთი ფართობები კი ხანგამოშვებით. ძალიან ვიბრძოდი იმ საკითხზე, რომ როგორმე სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა მოსახლოებას ჰქონოდა ან განვადებით, ან სხვა რაიმე გზით, რათა მექანიზაცია განვითარებულიყო სოფელში. ამ ბრძოლიდამ არაფერი გამოვიდა, გლეხს ვერ უშველეს. უკვე ისეთ მდგომარეობამდე მივიდით და ისე იცლება საქართველო, რომ მუშახელი თითქმის აღარსადაა”, - განაცხადა ჯუმბერ ფანჩულიძემ.
რაც შეეხება სასოფლო დასახლებების რაოდენობას, "საქსტატს" ამასთან დაკავშირებით 2024 წლის აღწერის შედეგები ჯერჯერობით არ გამოუქვეყნებია. 2014 წლის აღწერის შედეგად კი საქართველოში სულ 3 633 სასოფლო დასახლება იყო, აქედან 223-ში არავინ არ ცხოვრობდა, ანუ 2014 წელს გაუკაცრიელებული სოფლების წილი 6.1%-ს შეადგენდა. 2002 წლის აღწერის შედეგად კი 3 668 სოფლიდან 162, ანუ 4.4% მთლიანად დაცლილი იყო. იმავე 2002 აღწერის შედეგად სოფლად 2 086 700 ადამიანი ცხოვრობდა.
საქართველოს 2024 წლის მოსახლეობისა და სასოფლო-სამეურნეო აღწერა ჩატარდა 2024 წლის 14 ნოემბრიდან 31 დეკემბრის პერიოდში. აღწერამ მოიცვა ქვეყნის მთელი ტერიტორია, ოკუპირებული ტერიტორიების გარდა. ამასთან, საერთაშორისო მეთოდოლოგიის მიხედვით, აღწერას დაექვემდებარა ქვეყანაში მუდმივად მცხოვრები საქართველოს ყველა მოქალაქე, ასევე ქვეყნის ტერიტორიაზე მყოფი უცხო ქვეყნის მოქალაქეები და მოქალაქეობის არმქონე პირები.
წინასწარი მონაცემებით, 2024 წლის მდგომარეობით, საქართველოს მოსახლეობის რაოდენობამ 3 914 000 კაცი შეადგინა, რაც წინა აღწერის, 2014 წლის შედეგებთან შედარებით, 185 ათას ადამიანით მეტია. 10 წლის წინ საქართველოში 3 729 635 კაცი ცხოვრობდა. მკვეთრად არის გაზრდილი ქალაქებში მცხოვრებთა რიცხოვნობა, ხოლო სოფლის მკვიდრთა რაოდენობა სულ უფრო მცირდება.