ბოლო წლებში საქართველოს ეკონომიკური დამოკიდებულება ავტორიტარული ტიპის ქვეყნებზე გაზრდილია. ამაზე ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის მიერ ჩატარებული კვლევა მეტყველებს. ,,კომერსანტი'' დეტალებით დაინტერესდა და ცენტრის დირექტორის მოადგილეს ესაუბრა. ირინა გურულს ვკითხეთ, თუ როგორია ქვეყნის ეკონომიკური დამოუკიდებლობის ინდექსი? ის აცხადებს, რომ დამოკიდებულება ავტორიტარული ტიპის ქვეყნებზე გაზრდილია. თუმცა, 2024 წლისთვის კონკრეტულ პროცენტულ მაჩვენებელს ვერ ასახელებს. ირინა გურული ამბობს, რომ არსებული მოლოდინის მიხედვით ინდექსი კიდევ 10%-ით იქნება გაზრდილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ავტორიტარულ ქვეყნებზე საქართველოს ეკონომიკის მესამედია დამოკიდებული.
,,2007 წლიდან მონაცემები აჩვენებდა, რომ ქვეყნის დამოკიდებულება ავტორიტარული ტიპის ქვეყნებზე გაზრდილი იყო. ახლაც ეს ტენდენცია გრძელდება. დაახლოებით 2016 წლიდან მოყოლებული ვექტორმა, რომელიც უფრო მეტად მიმართული იყო (გნებავთ ექსპორტის თვალსაზრისით, გნებავთ ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით) დასავლეთისკენ, თანდათანობით დაიწყო გადასვა ავტორიტარული ქვეყნების მიმართულებით. მათ შორის მოხდა ექსპორტდამოკიდებულების მკვეთრი ზრდა რუსეთზე. 2015 წლის მონაცემებში ევროკავშირის წილი თითქმის მესამედი იყო ექსპორტში. ახლა ვხედავთ, რომ ჩამოსულია 14%-ზე და კიდევ უფრო ქვევით. იმპორტის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვან წილად გაზრდილია რუსეთის წილი. იქნება ეს მარცვლეული კულტურების თუ ნავთობისა და გაზის იმპორტის მხრივ. ექსპორტში გაიზარდა, როგორც რუსეთისა და დსთ-ს ქვეყნების წილი, ასევე ჩინეთის. განსაკუთრებით ღვინოსთან დაკავშირებით მოხდა ამ დამოკიდებულების ზრდა. ამ მოცემულობაში, როდესაც მთლიანობაში ეკონომიკური და პოლიტიკური ვექტორების ცვლილების მომსწრეები ვართ, ამ ყველაფერს გარკვეული ლოგიკური ჩარჩო მიეცა, რომ ეს პროცესი ეკონომიკური დამოკიდებულებიდან დაიწყო და ახლა კიდევ უფრო მეტად გაცხადდა პოლიტიკური განცხადებების დონეზე. მოლოდინი მაქვს, რომ 10%-ით იქნება გაზრდილი ეს მაჩვენებელი და მესამედს გაუტოლდება სავარაუდოდ“, - აცხადებს ირინა გურული.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილეს ვკითხეთ, რას რისკებს ხედავს საქართველოს ეკონომიკის ავტორიტარული ტიპის ქვეყნებზე დამოკიდებულების ზრდაში. ირინა გურული აცხადებს, რომ არსებობს პოლიტიკური, ეკონომიკური, საინვესტიციო და ქვეყნის რეპუტაციული რისკები. მათგან ყველაზე მარტივი აღსადგენი პოლიტიკურია. რაც შეეხება ქვეყნის საინვესტიციო გარემოსა და დაზიანებულ რეპუტაციას, ამაზე მუშაობა უფრო ხანგრძლივი პროცესია და მას შესაძლოა 2-3 წელი დასჭირდეს.
,,ამ ეტაპზე რისკები არის პოლიტ-ეკონომიკური ხასიათის. პირველ რიგში დასავლელი პარტნიორების როლის შემცირება, ქვეყნის იზოლაციაში მოქცევა თავის თავად გამოიწვევს დასავლური კაპიტალის შემოდინების შემცირებას. ისედაც ქვეყნის პოლიტიკური რისკები იმდენად მაღალია, რომ საინვესტიციო თვალსაზრისით რთული იქნება ამ ქვეყნის მიმზიდველობის ჩვენება. ზოგადად, საქართველოს როლი ამ რეგიონში დემოკრატიისა და მოწინავე ქვეყნის მაგალითი იყო და ამით იყო საინტერესო, თუნდაც ისეთი ქვეყნებისთვის, როგორიც არის ჩინეთი, რომელიც ხედავდა საქართველოს როგორც ხიდს დასავლურ სამყაროსთან. თუ მოვექცევით იზოლაციაში ეს ინტერესი თუნდაც არადემოკრატიული ქვეყნების მხრიდან აღარ იქნება. ამიტომაც, ეკონომიკური თვალსაზრისით რისკები არის ძალიან მნიშვნელოვნად გაზრდილი. კრიზისი გარდაუვალი იქნება და ამაზე საუბრობენ უკვე ბიზნესის წარმომადგენლებიც. კრიზისი შემდეგ ეკონომიკაზე აისახება. პოლიტიკური თვალსაზრისით საკმაოდ მარტივი იქნება ამ ვითარების შეცვლა. ის მოთხოვნები, რასაც 2 ათასამდე ბიზნესი (თუ მეტი) აწერს ხელს, ხელახალი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლება. ხელახალი არჩევნებით და კვლავ დემოკრატიული რეფორმების ტალღაზე დაბრუნებით პოლიტიკური რისკების მოხსნა შედარებით მარტივად შეიძლება. ცოტა განსხვავებული საკითხია ეკონომიკური და საინვესტიციო რეპუტაციული რისკი. ამის ცვლილებას სჭირდება ცოტა მეტი დრო, ვიდრე პოლიტიკური რისკის მოხსნას. ეს რეპუტაციული რისკი დადგა უკვე. საქართველოს აქვს გაფუჭებული რეპუტაცია. მათ შორის Fitch-ის რეიტინგია, რომელმაც ნეგატიურზე გადაიტანა საქართველოს რეიტინგი. ანუ დეფოლტის რისკის მქონე ქვეყნების სიაშია, რაც თავისთავად მნიშვნელოვნად განაპირობებს საინვესტიციო თვალსაზრისით მიმზიდველობის დაკარგვას. მაგრამ თუ შესაძლებლობებს დავანახებთ და თუ აქ იქნება ისეთი კურსი აღებული, რომელიც ევროინტეგრაციას ითვალისწინებს და დავდგებით ევროკავშირთან მოლაპარაკებების გზაზე, ვფიქრობ, რომ ეს საინვესტიციო შესაძლებლობებიც გაიზრდება და ინტერესიც იქნება.’’- აცხადებს ირინა გურული.
ეკონომიკური პოლიტიკის კვლევის ცენტრის დირექტორის მოადგილე აცხადებს, რომ საქართველოს ეკონომიკის ავტორიტარულ ქვეყნებზე დამოკიდებულების ზრდა იმ პოლიტიკამ განაპირობა, რასაც ხელისუფლება განსაკუთრებით აქტიურად ბოლო 5 წლის განმავლობაში ატარებს. ,,მთლიანი აქცენტი გაკეთებულია სხვა მიმართულებების დამუშავებაზე და უფრო მეტად, მჭიდროდ ეკონომიკური იქნება თუ პოლიტიკური კავშირების დამყარებაზე არა დასავლურ სამყაროსთან, არამედ აღმოსავლეთისკენ და მათ შორის ავტორიტარულ ქვეყნებთან.’’- აცხადებს ირინა გურული.