ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, ნიკოლოზ გაგუამ BMG-ის განუცხადა, რომ სებ-ის მოლოდინით, ქვეყანაში ინფლაცია სამიზნე მაჩვენებელს საკმაოდ მალე დაუახლოვდება.

ნიკოლოზ გაგუას განმარტებით, ამჟამად ინფლაციის კლების ძირითადი მიზეზი იმპორტირებული საქონლის ინფლაციის კლებაა.

“აპრილის თვის ინფლაცია, რაც უნდა გამოქვეყნდეს, ვფიქრობთ, რომ კიდევ შემცირებული იქნება და მოლოდინი გვაქვს, რომ საკმაოდ მალე ინფლაციის ძირითადი მაჩვენებელი თარგეთთან დაახლოვდება. ეს კლება ძირითადად დაკავშირებულია იმპორტირებული ფასების კლებით, ანუ იმპორტირებული ინფლაცია იყო მაღალი და გაცვლითი კურსიდან გამომდინარე მას აქვს შემცირების ტენდენცია. როდესაც ფასები იზრდებოდა, ჩვენ ვამბობდით, რომ აქ ძირითადი მდგენელი იყო იმპორტირებული ინფლაცია და მასთან მიმართებით მონეტარული პოლიტიკის ინსტრუმენტების პასუხი შეზღუდულია. ვიმედოვნებთ, რომ ადგილობრივი ინფლაციაც დაუახლოვდება თარგეთს. ჩვენი მოლოდინით, ეს მოხდება მიმდინარე წლის ბოლოს,”- განაცხადა ნიკოლოზ გაგუამ.

ცნობისთვის, მარტში ქვეყანაში ინფლაციის დონე 5%-მდე შემცირდა.

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთის შესახებ მორიგი გადაწყვეტილება 10 მაისს უნდა მიიღოს. არ არის გამორიცხული, რომ სებ-მა ამ სხდომაზე გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკიდან გამოსვლა დაიწყოს.

bm.ge