ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტთან დაკავშირებით ჩინურ-სინგაპურულ კონსორციუმთან ხელშეკრულება გაფორმება დაზუსტების ეტაპზეა, - ამის შესახებ bm.ge-ის ეკონომიკის მინისტრმა უთხრა.

ლევან დავითაშვილის განმარტებით, ახლა კონსორციუმიდან მიღებული წინადადება მუშავდება. ანაკლიის პორტის მშენებლობის შესახებ ბოლო ცნობებს კი, საზოგადოება მომავალ კვირაში შეიტყობს.

"ანაკლიის პორტის მშენებლობა მიმდინარეობს აქტიურად და მომავალ კვირას გავაცნობთ საზოგადოებას დეტალურ ინფორმაციას, თუ რა ეტაპზეა ანაკლიის მშენებლობა. ანუ, აქტიურად მიდის მშენებლობის პროცესები. გეოლოგიური და გეოდეზიური კვლევები თითქმის დამთავრებულია. ასევე აქტიურად მიმდინარეობს მუშაობა ჩვენს პრეტენდენტ კომპანიასთან, რომელიც კერძო საინვესტიციო პარტნიორი იქნება ანაკლიის პორტში. ჩვენ, მივიღეთ განახლებული წინადადება და ახლა, კონსულტანტები ახდენენ ამ წინადადების დამუშავებას. ასე რომ ჩვენ ვართ ფაქტობრივად დასკვნით ეტაპზე, რომ კერძო პარტნიორი შეირჩეს და შემდეგი ეტაპები პორტის განვითარების იყოს სახელმწიფოსა და კერძო კომპანიას შორის.

ჩვენ მივიღეთ წინადადება, შემდეგ საზოგადოებას ვუთხარით, რომ ვაზუსტებით დეტალებს და უკვე დაზუსტებული დეტალები მივიღეთ. სამუშაო პროცესია, თუ როდის გაფორმდება შეთანხმება", - უთხრა დავითაშვილმა bm.ge-ის.

შეგახსენებთ, მთავრობამ ჩინურ-სინგაპურული კონსორციუმი (China Communications Construction Company Limited (ჩინეთი) & China Harbour Investment Pte. Ltd (სინგაპური) ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის კერძო პარტნიორის შესარჩევ კონკურსში უპირატეს მონაწილედ 29 მაისს გამოაცხადა. მაშინ პირვლემა ვიცე-პრემიერმა, ეკონომიკის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა თქვა, რომ კონსორციუმი ოფიციალურად გამარჯვებულად, სავარაუდოდ, რამდენიმე დღის ვადაში დასახელდებოდა, თუმცა პროცესი ამ დრომდე არ დასრულებულა.

პორტის საზღვაო ინფრასტრუქტურის მშენებელი კომპანიის შესარჩევ საერთაშორისო ტენდერში ბელგიურმა კომპანია Jan De Nul-მა გაიმარჯვა. მასთან გაფორმებული ხელშეკრულების ფარგლებში, სექტემბერში ანაკლიის ღრმაწყლოვანი ნავსადგურის აკვატორიის ფსკერის დაღრმავებითი და ტალღისმჭრელის პროექტირება/მშენებლობის მოსამზადებელი სამუშაოები (მობილიზაცია) დაიწყო. აღსანიშნავია, რომ მომდევნო წელს ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის მშენებლობაზე 150 მილიონი ლარის დახარჯვა იგეგმება.

bm.ge