ღვინის ეროვნული სააგენტოს „ქართული ვაზისა და ღვინის კულტურის სამეცნიერო პროექტის“ ფარგლებში, მილანის უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი ფაბიო კვალინო (Fabio Quaglino) საქართველოში ვაზის ფიტოპლაზმური დაავადებებoს კვლევის მიზნით იმყოფებოდა – ინფორმაციას ღვინის ეროვნული სააგენტო ავრცელებს.
„ფაბიო კვალინომ, ქართველ კოლეგებთან ერთად, აღნიშნულ კვლევებში 2014 წლიდან არის ჩართული. მეცნიერებმა ველური ვაზის ნიმუშები გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ჯიღაურას კოლექციაში, ასევე, ბუნებრივ პირობებში სპეციალურად ორგანიზებულ ექსპედიციის ფარგლებში აიღო.
მასალები, რომელიც მილანის უნივერსიტეტში დამუშავდება, პასუხს გასცემს ვაზის ფიტოპლაზმურ დაავადებების ბევრ კითხვას, რაც უმნიშვნელოვანესია მევენახეობა-მეღვინეობის დარგის განვითარებისთვის, რადგან ვაზის სიყვითლეები, ანუ ფიტოპლაზმასთან ასოცირებული დაავადებათა კომპლექსი, იწვევს მოსავლის მნიშვნელოვან დანაკარგებს საღვინედ გამოყენებულ თითქმის ყველა ჯიშში“ – ნათქვამია ინფორმაციაში.