ბოლო 8 თვის მონაცემებით, საქართველოდან ფეროშენადნობების ექსპორტი 38%-ით შემცირდა. ET Synergy-ის დირექტორის მერაბ ლომინაძის თქმით, მიზეზი გლობალური ბაზრების კრიზისია: ფოლადის წარმოების ვარდნამ ზედმეტი მიწოდება წარმოშვა, რამაც მოთხოვნა და ფასები შეამცირა.
ამ დროისთვის საქართველოში დაახლოებით 15 საწარმოა გაჩერებული, ოპერირებს მხოლოდ „ჯორჯიან მანგანეზი“ და რამდენიმე საშუალო მწარმოებელი. ლომინაძის პროგნოზით, მოთხოვნის აღდგენა და დარგის გაძლიერება 1.5–2 წლის პერსპექტივაშია მოსალოდნელი, როცა მსოფლიო ბაზრებზე მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები განახლდება.
,,რადგან უკრაინაში საომარი მოქმედებებია და პრაქტიკულად, ყველა საწარმო გაჩერებულია, ხოლო თურქეთის შემთხვევაში, ძალიან გაუჭირდა ინდოეთთან და ახლო აღმოსავლეთის სხვა ქვეყნებთან კონკურენცია. შემცირდა მოთხოვნა ქართულ ფეროშენადნობებზეც, რადგან ქართული მცირე და საშუალო საწარმოები პროდუქციას, მეტწილად სწორედ თურქეთის რესპუბლიკას აწვდიდნენ.
მსგავსი ტენდენციები შეიმჩნევა 2023 წლიდან ევროპაშიც, როცა პრაქტიკულად ყველა მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტი, სადაც კი შეიძლებოდა გამოყენებულიყო ფოლადის ნაწარმი, დასრულებული ან შეჩერებულია. აქედან გამომდინარე, ევროპის ბაზრის მხრიდან მოთხოვნა ფეროშენადნობებზე, მათ შორის, ქართულ ფეროშენადნობებზე, შემცირებულია და იმავე ტენდენციას ვხედავთ ამერიკაშიც. თუმცა, მგონია და იმედს ვიტოვებ, რომ მას შემდეგ, რაც პოლიტიკური ტურბულენცია როგორც ჩვენს რეგიონში, ისე ევროპასა და მსოფლიოს სხვადასხვა წერტილში, ჩაწყნარდება, აუცილებლად მოხდება ინფრასტრუქტურული პროექტების, მეტწილად, ალბათ, ნავთობსადენებისა და გაზსაცავების ამუშავება, მშენებლობა და ამ შემთხვევაში უკვე დავინახავთ დარგის აღმასვლას, მათ შორის, ქართული ფეროშენადნობებისა და ქართული ფოლადის წარმოების. ვფიქრობ, ეს დღე ძალიან შორეული პერსპექტივა არ გახლავთ, დაახლოებით, წელიწად-ნახევარი, 2 წლის პერსპექტივაა",- ამბობს ლომინაძე "კომერსანტთან" ინტერვიუში".
რაც შეეხება უმუშევრად დარჩენილთა რაოდენობას, მერაბ ლომინაძის თქმით, საშუალო დონის საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა 500-იდან 700-მდე, ხოლო მცირე საწარმოებში - 200-მდე მერყეობს