მარტში, წინა თვესთან შედარებით, დამსაქმებლების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა 12%-ით გაიზარდა, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ დასაქმების სააგენტო HR.GE-ის რეგიონულმა მენეჯერმა ინგა შახბაზიანმა განუცხადა.

ზრდა ძირითადად გამოწვეული იყო „ჰორეკა“ სექტორის გააქტიურებით. კერძოდ, შახბაზიანი აღნიშნავს, რომ გასული წლის ბოლო კვარტალსა და 2025 წლის დასაწყისში „ჰორეკა“ სექტორში ვაკანსიების რაოდენობა 40%-ით შემცირდა, მარტში კი, წინა თვესთან შედარებით, 15%-იანი ზრდა დაფიქსირდა.

„თებერვალში დაახლოებით 4 000 ვაკანსია იყო განთავსებული და მარტში შედარებით გააქტიურდა სიტუაცია და 12%-ით არის მომატებული ვაკანსიები. წინა წლის ბოლო კვარტალსა და 2025 წლის დასაწყისში „ჰორეკა“ სექტორის ვაკანსიების მნიშვნელოვანი კლება გვქონდა - დაახლოებით 40%-იანი. ახლა ამ სექტორში მდგომარეობა მცირედით გაუმჯობესებულია და თებერვალთან შედარებით, მარტში დაახლოებით 15%-ით არის მომატებული „ჰორეკა“ სექტორის ვაკანსიები. აღნიშნულის გამო, მარტი შედარებით უკეთესია, ვიდრე თებერვალი“, - დასძინა რესპონდენტმა.როგორც მანვე აღნიშნა, აქვთ მოლოდინი, რომ კომპანიების მიერ გამოცხადებული ვაკანსიების რაოდენობა მომდევნო თვეებში გაიზრდება.

„მოლოდინი გვაქვს, რომ კიდევ უფრო გაიზრდება ვაკანსიების რაოდენობა, იქიდან გამომდინარე, რომ (წინა წლებით თუ ვიმსჯელებთ) მარტი შედარებით აქტიურია ხოლმე, აპრილში აღდგომის პერიოდის გამო კლება გვაქვს, მაგრამ მოლოდინი გვაქვს, რომ კომპანიები გააქტიურდებიან“, - ამბობს შახბაზიანი.

რაც შეეხება სექტორებს, ბოლო კვარტალში ყველაზე მეტი ვაკანსია გაყიდვების, საბანკო-საფინანსო, სამედიცინო სფეროებსა და „ჰორეკა“ სექტორში გამოქვეყნდა.

„გაყიდვების სექტორის წილი ჯამური ვაკანსიების 18%-ს შეადგენს, შემდეგია საბანკო და საფინანსო სექტორი 14%-იანი წილით, მესამე ადგილზე არის სამედიცინო სფერო (11%), მეოთხეზეა „ჰორეკა“ სექტორი (9%), შემდეგ მოდის IT სფერო (6%), მცირე წილი აქვს საბუღალტრო (აუდიტი, ბუღალტერია), სამშენებლო და წარმოების დარგებს“, - განაცხადა ინგა შახბაზიანმა.

www.bpn.ge