უზბეკეთში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა მარიამ ქვრივიშვილმა შეხვედრა გამართა უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრ ილჰომ მაჰკამოვთან. შეხვედრაზე საუბარი შედგა ორი ქვეყნის ეკონომიკური თანამშრომლობის მიმართულებებზე, განსაკუთრებით ტრანსპორტისა და ლოგისტიკის კუთხით როგორც ორმხრივ, ისე რეგიონულ ფორმატებში, მათ შორის, როგორიცაა ტრასეკა, შუა დერეფანი, კარეკი და სხვ.

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკ კოლეგას ის ინფრასტრუქტურული პროექტები გააცნო, რომლებიც საქართველოს სატრანსპორტო დერეფნის კონკურენტუნარიანობის ზრდისკენ არის მიმართული. საუბარი შეეხო ანაკლიის ღრმაწყლოვან პორტს, აღმოსავლეთ - დასავლეთის ავტომაგისტრალს, თბილისის ახალ აეროპორტს, ბაქო - თბილისი - ყარსის რკინიგზას, საქართველოს რკინიგზის მოდერნიზაციის პროექტს და სხვ. გარდა ამისა, ყურადღება გამახვილდა არსებულ საპორტო და ლოგისტიკური ინფრასტრუქტურის შესაძლებლობაზე, რომელთაც მეტი ტვირთის მომსახურება შეუძლიათ უზბეკეთიდან.

"ჩვენ მზად ვართ კიდევ უფრო აქტიურად განვავითაროთ ურთიერთობები ორმხრივი ვაჭრობის, ტრანსპორტისა და ლოგისტიკის, ენერგეტიკის და სხვა სფეროებში. ჩვენი საპორტო ლოგისტიკური ინფრასტრუქტურა მზადაა მეტად იყოს გამოყენებული ევროპის ბაზარზე უზბეკური პროდუქციის ტრანსპორტირებისთვის, გარდა ამისა, ჩვენ ვაშენებთ რეგიონული მნიშვნელობის ობიექტებს ანაკლიაში, თბილისსა და სხვაგან, სადაც ასევე მივესალმებით ინვესტიციებს და ეკონომიკურ ინტერესს უზბეკეთიდან," - აღნიშნა მარიამ ქვრივიშვილმა.

შეხვედრაზე აღინიშნა, რომ უზბეკეთის მხარე დაინტერესებულია, გაზარდოს ტვირთბრუნვა საქართველოს დერეფნის გავლით 1,5 მლნ ტონამდე. უზბეკეთის ტრანსპორტის მინისტრმა ასევე გაამახვილა ყურადღება იმ აქტივობებზე, რომელსაც უზბეკეთი გეგმავს შუა დერეფნის პოპულარიზების მიმართულებით. მან ქართველი კოლეგა სექტემბერში მიიწვია მაღალი დონის მრავალმხრივ შეხვედრაში მონაწილეობის მისაღებად, რომლის დროსაც განხილული იქნება ჩინეთის, ყირგიზეთისა და უზბეკეთის მონაწილეობით რეგიონული მასშტაბური სარკინიგზო პროექტის და შუა სატრანსპორტო დერეფნის განვითარების საკითხები. გარდა ამისა,  უახლოეს პერიოდში უზბეკეთის ტრანსპორტის სამინისტროს დელეგაცია საქართველოს ეწვევა სატრანსპორტო - ლოგისტიკურ სფეროში თანამშრომლობის ინტენსიფიკაციის მიზნით.

შეხვედრაზე ასევე საუბარი წარიმართა უზბეკეთთან სამოქალაქო ავიაციის სფეროში შეთანხმების ლიბერალიზებაზე, რაც ხელს შეუწყობს ფრენების სიხშირეების და მგზავრთნაკადის ზრდას. ყურადღება გამახვილდა უზბეკეთიდან ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში პირდაპირი ფრენების დაწყების შესაძლებლობაზე. როგორც აღინიშნა, ზრდადია საქართველოში უზბეკეთიდან ვიზიტორების ჩამოსვლის დინამიკა - 2024 წელს მატებამ 23,4 პროცენტი, 2025 წლის 6 თვეში 14,5 პროცენტი შეადგინა.

მარიამ ქვრივიშვილმა უზბეკი კოლეგა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმზე მიიწვია, რომელიც საქართველოში 22-23 ოქტომბერს გაიმართება. 

ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს