წინა საუკუნის დასაწყისში არგენტინა ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქვეყანა იყო, 50-იან წლებში კი საშუალო შემოსავლების დონით მსოფლიოს ოცეულში შედიოდა და ერთ მოსახლეზე უფრო მეტი დოვლათი ნაწილდებოდა, ვიდრე იაპონიაში. ამჟამად მდგომარეობა რადიკალურად განსხვავებულია. რამდენიმე ათწლეულის მანძილზე არგენტინის ეკონომიკა კოლაფსს უახლოვდებოდა, ხოლო იაპონია ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკების სიაში თვალსაჩინო ადგილს იკავებდა. განსხვავებით არგენტინისგან, იაპონია პოლიტიკური სტაბილურობის ისტორიის მქონეა, არგენტინის მეოცე საუკუნის ისტორია კი მრავალი სახელმწიფო გადატრიალებით და პოლიტიკური ძალადობით გამოირჩევა.
პოლიტიკური არასტაბილურობა და მმართველი ელიტის მემარცხენე პოპულიზმი (პერონიზმი) არგენტინის ეკონომიკური ჰეგემონიის განადგურების საფუძველი გახდა. ნაკლები მასშტაბით, მაგრამ მემარცხენე პოპულიზმი სხვა ლათინური ქვეყნების წყევლა აღმოჩნდა. ემპირიული ლიტერატურა ხაზს უსვამს სამხრეთ ამერიკის ქვეყნებში ლიბერალურ-დემოკრატიულ ინსტიტუციურ გარემოზე მემარცხენე პოპულიზმის უარყოფით როლს. ისეთი პრინციპების ხელყოფაზე, რომლებიც გრძევადიანი ეკონომიკური განვითარების მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს.
დემოკრატიული რეცესია – დემოკრატიული ნორმების ეროზია, როგორიცაა საარჩევნო სამართლიანობა, პოლიტიკური პლურალიზმი და სიტყვის თავისუფლება, შეიძლება ეკონომიკური რეცესიის საფუძველი გახდეს. სამართლის უზენაესობის პრინციპების ხელყოფა და დემოკრატიული ინსტიტუტების მოშლა პოლიტიკური რეჟიმის ცვლილებას, ლიბერალური დემოკრატიიდან ავტოკრატიულ მმართველობისკენ სვლას მიუთითებს. საქართველოში ამის კვალი განსაკუთრებით პოსტსაარჩევნო პერიოდში უფრო მეტად ხილული გახდა.
ამ პერიოდიდან არა მხოლოდ პოლიტიკური რეჟიმის არასტაბილურობამ, ავტორიტარიზმისკენ დინამიკამ იჩინა თავი, არამედ ქვეყანა სამოქალაქო პროტესტებმა და პოლიტიკურად მოტივირებული აგრესიის შემთხვევებმა მოიცვა. ერთობლიობაში ეს ყველაფერი პოლიტიკური არასტაბილურობის აკადემიური განმარტებისთვის საჭირო ყველა ნიშან-თვისების მატარებელია. უხვადაა აკადემიური ლიტერატურა, რომელიც სწავლობს პოლიტიკური არასტაბილურობის გავლენას ეკონომიკურ განვითარებაზე. ამ მიმართულებით ემპირიული ლიტერატურა მიუთითებს პოლიტიკური არასტაბილურობის უარყოფით გავლენას ეკონომიკურ აქტივობაზე.
პოლიტიკური არასტაბილურობის გავლენის არხი განუსაზღვრელობაა. ისევე როგორც დემოკრატიული ნორმებისა და სამართლის უზენაესობის ფუნდამენტური პრინციპების ეროზია, პოლიტიკური არასტაბილურობა პროგნოზირებადობას აუარესებს. თუ გარემო არაპროგნოზირებადია, პროდუქტიული ეკონომიკური გადაწყვეტილებები ნაკლებია. განუსაზღვრელობა, როგორც პოლიტიკური არასტაბილურობის შედეგი, აზიანებს ინვესტიციებსა და დანაზოგებს. ბუნდოვანი მომავლის პირობებში ეკონომიკურმა აგენტმა შეიძლება დააყოვნოს პროდუქტიული ინიციატივა ან საერთოდ გავიდეს ბაზრიდან. ორივე მათგანი – ინვესტიციები და დანაზოგები – გრძევადიანი სტაბილური ეკონომიკური ზრდის აუცილებელი წინაპირობაა.
საქართველოს უახლესი ისტორია სტაბილური პოლიტიკური გარემოთი არ გამოირჩევა. ბოლო ათწლეულების პოლიტიკური მდგომარეობა, მიუხედავად მმართველი ელიტის არახშირი ცვლილებისა, ტურბულენტურობით ხასიათდება. ამ ფონზე, გრძელვადიანად, არა მხოლოდ პოლიტიკა, არამედ არც ეკონომიკური განვითარება ყოფილა სტაბილური. გრძევადიან პერიოდში საქართველოს ეკონომიკური ზრდის ტემპი არასტაბილურობით ხასიათდება.
ამდენად, შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში სტაბილური განვითარებისთვის საჭირო პოლიტიკური გარემო და ინსტიტუციური მოცემულობა არასდროს ყოფილა, მაგრამ პოსტსაარჩევნო პერიოდში შემორჩენილის სწრაფი ნგრევა დაიწყო. ამ ყველაფრის – ლიბერალური დემოკრატიის ფუნდამენტური პრინციპების მოშლისა და პოლიტიკური კრიზისის ფასი ახლო მომავალში შეიძლება არ ჩანდეს, მაგრამ გრძელვადიან პერიოდში მისი უარყოფითი ეფექტი და კეთილდღეობის დანაკარგები გარდაუვალია.
წყარო: forbs.ge